საიდან მოდის ფიქრები – ვინ მართავს ჩვენს გონებას?


თარგმანი; ავტორი: კიტ ფრანკიში, ფილოსოფოსი და მწერალი.


ყოველდღიურად ადამიანები მრავალი არჩევანის წინაშე ვდგებით, თუმცა თუ გიფიქრიათ რამდენად გათვიცნობიერებულად მოქმედებთ ასეთ დროს? ან თუ დაფიქრებულხართ საიდან მოდის ჩვენი ფიქრები, აზრები, შეხედულებები და რწმენა-წარმოდგენები? იქნებ ისინი ჩვენ არ გვეკუთვნის? ინგლისელი ფილოსოფოსი და მწერალი კიტ ფრანკიში, ჟურნალში „აეონი“, გვესაუბრება ჩვენი ცნობიერი გონების შესახებ, უნდა ვიყოთ თუ არა დარწმუნებულები ჩვენ სიმართლეში და უნდა ავიღოთ თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა. დღეს, „სმარტარეაზე“ ამ საინტერესო სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

თქვენ როგორ ფიქრობთ რასობრივი სტერეოტიპები მცდარია? დარწმუნებული ხართ? მე არ ვკითხულობ დანამდვილებით მცდარია თუ არა ეს სტერეოტიპები, არამედ მაინტერესებს, ხართ თუ არა დარწმუნებული თქვენს სიმართლეში? უცნაური შეკითხვაა, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რასაც ვფიქრობთ, არა?

ცნობიერების მკვლევარი ფილოსოფოსების უმრავლესობა დაეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ადამიანს აქვს პრივილეგირებული წვდომა საკუთარ გონებასთან, რაც გარკვეულწილად გვიცავს შეცდომებისგან. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ ჩვენ აზროვნებას აკონტროლებს „შინაგანი გრძნობები“, ხოლო გარე გრძნობები მიმართულია სამყაროს აღქმისაკენ. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლდათ მეოცე საუკუნის ბიჰევიორისტ-ფილოსოფოსი გილბერტ რაილი. იგი მიიჩნევდა, რომ საკუთარი ცნობიერების შეცნობა არ ხდება შინაგანი გრძნობების საშუალებით, არამედ ჩვენს ქცევებზე დაკვირვებით, რაც კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება უკეთ და უფრო მეტი იცოდნენ ჩვენი ცნობიერის შესახებ, ვიდრე თავად ვიცით. მსგავსი იდეები გაჩნდა თანამედროვე ფილოსოფოსთა შორისაც, მათ შორის ფილოსოფოსმა პიტერ კარუტერსმა შემოგვთავაზა ანალოგიური ხედვა (თუმცა სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით), რომ რწმენა-წარმოდგენები საკუთარ ფიქრებსა და გადაწყვეტილებებზე თვითინტერპრეტაციის შედეგია და ის ხშირად მცდარიც კი გახლავთ.

ამის დამადასტურებელი ფაქტები სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტულ ნაშრომებში უნდა ვეძებოთ. როგორც ცნობილია, ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ მყარი რწმენები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ, თუმცა სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. მაგალითად, სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგის თანახმად როდესაც ადამიანებს სთავაზობენ არჩევანი გააკეთონ ორ ერთნაირ საგანს შორის, უმეტესობა ირჩევს იმას, რომელიც მარჯვნივ არის. თუკი შევეკითხებით მათ, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი, ისინი ცდილობენ თავიანთი ქცევის გასამართლებელი პასუხი მოიფიქრონ, მაგალითად, რომ მარჯვენა საგნის ფერი უფრო მეტად მოსწონდათ ან არჩეული საგანი უკეთესის ხარისხის გახლდათ. ანალოგიურად, თუ ჰიპოტეტურ სიტუაციაზე ვეტყვით ადამიანს, რომ ის მან გააკეთა ადრე (და უკვე დავიწყებული აქვს), აუცილებლად შეეცდება მოიფიქროს და ახსნას ამ ქმედების განხორციელების მიზეზი. გამოდის, რომ სუბიექტები არაცნობიერად მონაწილეობენ თვითინტერპრეტაციაში. მათ არ გააჩნიათ თავიანთი მოქმედების (მარჯვენა საგნის არჩევა, ჰიპოტეტური წარმოდგენა და სხვა.) რეალური ახსნა-განმარტება, ამიტომაც მოიგონებენ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს და მიაწერენ მას საკუთარ თავს. სინამდვილეში კი არ იციან, რომ ეს ყველაფერი უბრალო ინტერპრეტაციაა და თავიანთ ქმედებებს ხსნიან ისე, თითქოს, აცნობიერებდნენ მათ რეალურ მიზეზებს.

აღნიშნულ ფაქტს ბევრი სხვა კვლევაც მოწმობს. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მონაწილეებს დაავალეს ჩანაწერის მოსმენის განმავლობაში თავი ზემოდან ქვემოთ რამდენჯერმე დაექნიათ (მათ უთხრეს, რომ ამოწმებდნენ ყურასასმენებს). შემდეგ კი ეკითხებოდნენ რამდენად იზიარებდნენ ჩანაწერის შინაარს. აღმოჩნდა, რომ ამ დავალების შესრულებისას ექსპერიმენტის მონაწილეები უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ მოსმენილს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მათ თხოვდნენ თავის ერთი მხარედან მეორე მხარეს გაქნევას. ხოლო, როდესაც ამ ადამიანებს მოსთხოვეს იმ ორ საგანს შორის გაეკეთებინათ არჩევანი, რომლებიც ადრე ორივე ერთნაირად სასურველად შეაფასეს, განმეორებითი შეფასებისას უპირატესობას თავისივე არჩეულ საგანს ანიჭებდნენ. როგორც ჩანს, კვლავ, ისინი არაცნობიერად ცდილობენ საკუთარი ქცევების მიზეზების მოძიებას, კერძოდ თავის დაქნევა მიიღეს, როგორც თანხმობის ინდიკატორი, ხოლო გაკეთებული არჩევანი უპირატესობის გამომხატველად აღიქვეს.

მოცემულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კარუტერს თავის წიგნში „გონების ბუნდოვანება“ (The Opacity of Mind; 2011) მოჰყავს წონიანი არგუმენტები თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინტერპრეტაციებს ცნობიერებაზე. ყველაფერი იწყება იმის მტკიცებით, რომ ადამიანებს (და სხვა პრიმატებს) აქვთ მენტალური ქვესისტემა, რომელიც გვეხმარება სხვა ადამიანების აზრების გაგებაში. მათი საქციელის დაკვირვების საფუძველზე სწრაფად და ქვეცნობიერად წარმოიშობა რწმენა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები (ამგვარი „გონების კითხვის“ სისტემას შეიძლება მრავალი წყარო ჰქონდეს, მათ შორის თუ რამდენად სწრაფად ახერხებს ჩვილი გარშემომყოფი ადამიანების გაგებას). კარუტერსი ამტკიცებს, რომ იგივე სისტემა არის პასუხისმგებელი იმ ცოდნაზე, რასაც ჩვენ ვფლობთ საკუთარი ცნობიერების შესახებ. ადამიანებს არ უვითარდებათ შინაგან გრძნობებზე დამყარებული მეორე ქვე-სისტემა, რომელიც მიმართულია გონების წასაკითხად, არამედ ისინი აგროვებენ ცოდნას საკუთარ თავზე, როდესაც გარედან აღიქვამენ თავიანთ თავს. ხოლო, რადგანაც ეს სისტემა გარედან არის მომართული, მას წვდომა აქვს მხოლოდ სენსორულ არხებთან (გრძობით სისტემაზე) და შესაბამისად, დასკვნებიც მათზე დაყრდნობით უნდა გამოიტანოს.


The Opacity of Mind: An Integrative Theory of Self-Knowledge by Peter  Carruthers, Hardcover | Barnes & Noble®

პიტერ კარუტერსის წიგნი: „გონების ბუნდოვანება“; 2011წ.


მიზეზი იმისა, რომ სხვის აზრებზე მეტად ჩვენი აზრები უკეთ ვიცით და გვესმის გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს მეტი სენსორული მონაცემი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. მათ შორის, არამხოლოდ საკუთარი მეტყველებისა და ქცევის აღქმა, აგრეთვე ჩვენი ემოციები, გრძნობები (მაგალითად: ტკივილი) და ფართო წარმომსახველობითი უნარი, რომელიც მოიცავს შინაგან მეტყველებასაც (არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩვენი ფიქრებისა და წარმოდგენების დროს ჩართულია ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც მონაწილეობენ გარემოს აღქმასა და მის დამუშავებაში). კარუტერსი ამ სისტემას უწოდებს „ინტერპრეტირებულ სენსორულ წვდომას“ (Interpretive Sensory-Access (ISA) theory; ISA) და მას ამის საბუთად არაერთი ექსპერიმენტით დადასტურებული მტკიცებულება მოჰყავს.

თეორიაში „ISA“ რამდენიმე განსაცვიფრებელ მოსაზრებას შევხვდებით. ერთ-ერთი მათგანის (გამონაკლისებს თუ არ გავითვალისწინებთ) თანახმად, ადამიანებს არ აქვთ ცნობიერი გონება და შესაბამისად, ისინი არ იღებენ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს. თეორია ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ თუ ეს ასე არ იქნებოდა, მაშინ ადამიანებს საკუთარი ცნობიერების შესახებ პირდაპირ გვეცოდინებოდა და არა ინტერპრეტაციების შედეგად. შეგნებული მოვლენები ჩვენში სენსორული მდგომარეობის ნაირსახეობებია და ის, რასაც ჩვენ ცნობიერ აზროვნებად და გადაწყვეტილებებად მივიჩნევთ, სინამდვილეში სხვადასხვა გრძნობის ერთობლიობაა – ძირითადად, ის შინაგანი მეტყველების შედეგია. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამოხატონ აზრები, თუმცა ინტერპრეტაციის დახმარებით.

ამ თეორიის კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრება გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ვცდებოდეთ ჩვენს რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებით. დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას რასობრივ სტერეოტიპებზე. ვფიქრობ, თქვენ იტყოდით, რომ თქვენი აზრით ის მცდარია. თუმცა თუ „ISA“-ს თეორია ჭეშმარიტია, მაშინ არ უნდა იყოთ დარწმუნებულნი თქვენი აზრის სიმართლეში. კვლევები გვიჩვენებენ – ადამინები, რომლებიც ამბობენ, რომ რასობრივი სტერეოტიპები მცდარია, ძირითადად ისე იქცევიან, თითქოს მათთვის ეს სტერეოტიპები ჭეშმარიტი ყოფილიყოს. ისინი არ უკვირდებიან თავიანთ ქმედებებს, რაც ძირითადად განპირობებულია ფარული მიდრეკილებებით, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამ ადამიანების შეხედულებებს ეწინააღმდეგება. თეორია „ISA“ უფრო მარტივ ახსნას გვთვაზობს. კერძოდ, სინამდვილეში, ადამიანებს სჯერათ, რომ რასობრივი სტერეოტიპები ჭეშმარიტია, თუმცა ამავდროულად იციან რა, რომ ამის აღიარება არასწორი იქნება, ისინი საპირისპიროს პასუხობენ და ამბობენ, რომ სტერეოტიპები მცდარია. მეტიც, ისინი ამას თავიანთ შინაგან მეტყველებაშიც იმეორებენ და მცდარი ინტერპრეტაციით აჯერებენ საკუთარ თავს, რომ ეს არის მათი შეხედულება. გამოდის, რომ ისინი ფარისევლები არიან, თუმცა არაცნობიერი ფარისევლები. ვინ იცის, შეიძლება ჩვენც ყველა ასეთები ვართ.

თუკი ჩვენი აზრები და გადაწყეტილებები, ყველაფერი, არაცნობიერიდან მოდის, როგორც ამას „ISA“-ს თეორია ამტკიცებს, მაშინ მორალის ფილოსოფოსებს მოუწევთ ბევრი იმუშაონ, რადგანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა არ შეიძლება პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთი არაცნობიერი დამოკიდებულებების გამო. მივიღოთ „ISA“-ს თეორია არ ნიშნავს გავექცეთ პასუხისმგებლობებს, მაგრამ ეს შეიძლება გულისხმობდეს ამ საკითხის რადიკალურად გადახედვას.


„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჯურნალ „aeon“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „რაც არ უნდა იფიქროთ, დანამდვილებით არ იცნობთ თქვენს გონებას“.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.