თამაში ცვლის აზროვნებას – რატომ ვერ გამოდიან მსახიობები როლიდან?


თარგმანი; ავტორი: კრისტიან ჯარეტი, ჟურნალ “აეონის” რედაქტორი.


იყო მსახიობი მარტივი არ არის. ბევრჯერ გვსმენია იმ პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, რომლებსაც ამ პროფესიის ადამიანები აწყდებიან. თუმცა მას შეუძლია დიდი სიამოვნების მონიჭებაც, ისეთის, რომელიც სხვა საქმეში ალბათ არ შეგხვდება. პრივილეგიაა სხვა ადამიანების განსახიერება და მათი ხასიათების თუ პროფესიების მორგება. მსახიობს შეუძლია იყოს ექიმიც, ჟურნალისტიც და მეცნიერიც. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც არტისტი ზედმეტად დამოკიდებული ხდება საკუთარ პერსონაჟზე? შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი როლიდან ვერ გამოვიდეს ან ნათამაშებმა პერსონაჟმა მასში რადიკალური ცვლილება გამოიწვიოს? ფსიქოლოგი და ონლაინ ჟურნალ „აეონის“ რედაქტორი კრისტიან ჯარეტი გვიყვება რამდენიმე კვლევის შესახებ, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ იკარგებიან მსახიობები თავიანთ როლებსა და პერსონაჟებში. „სმარტარეაზე“ დღეს ამ საინტერესო სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

1990-იან წლებში, ერთ-ერთ ინგლისურ სკოლა-პანსიონში, მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვერთობოდით როლური თამაშებით. მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი გახლდათ სამაგიდო როლური თამაში „ვამპირის მასკარადი“ („Vampire: The Masquerade“). ძალიან კარგად მახსოვს, როგორ განვიცდიდი ერთგვარ ფსიქოლოგიურ „ნაბახუსევს“, მთელი შუადღის განმავლობაში ნათამაშები დაუნდობელი უგუნური ბოროტმოქმედის ხასიათიდან გამოსასვლელად. საკმაოდ დიდი დრო მჭირდებოდა გამოგონილი პერსონაჟის დავიწყებისა და ჩემს საკუთარ თავთან დაბრუნებისათვის. თანაც, მთელი ამ დროის მანძილზე ყურადღებით ყოფნა მმართებდა, ჩემი ქცევებისა და მანერების გასაკონტროლებლად, რადგან რეალურ ცხოვრებაში დიდი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩენილიყავი.

თუკი ამ პატარა ფანტაზიამ შეიძლება დაუკარგოს ადამიანს საკუთარი თავის აღქმის უნარი, მაშინ რა მოუვათ პროფესიონალ მსახიობებს და განსაკუთრებით ე.წ. „მეთოდის მსახიობებს“, რომლებიც რუსული თეატრის პრაქტიკოსის, კონსტანტინე სტანისლავსკის, მიმდევრები არიან და მთელი გრძნობით და არსით, განასახიერებენ მინიჭებულ როლებს?

ითვლება, რომ მსახიობებს, ხშირად, საკუთარი რეალური „მე“ და გამოგონილი გმირი ერთმანეთში ერევათ. მაგალითად, ბენედიქტ კამბერბეჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მოსწონს ისეთი რთული პერსონაჟის განსახიერება, როგორიც შერლოკ ჰოლმსია, მედალს ყოველთვის მეორე მხარეც გააჩნია: „ ძალიან განვიცდი, ვღიზიანდები, დედა ყოველთვის მეუბნება, რომ „შერლოკის“ გადაღებების დროს ძალიან მკაცრი ვარ მის მიმართ“ – ამბობს მსახიობი.


Benedict Cumberbatch hints at a female future for Sherlock

ბენედიქტ კამბერბეჩი შერლოკ ჰოლმსის როლში.


სიდნეის უნივერსიტეტის თეატრისა და დრამის კათედრის მკვლევარმა, მარკ სეტონმა, მოიფიქრა პროვოკაციული ტერმინი, „პოსტდრამატურგიული სტრესული აშლილობა“, იმისათვის, რომ აღეწერა ის სირთულეები და ხანგრძლივი ეფექტები, რასაც განიცდიან როლში ჩარჩენილი არტისტები – „მსახიობები ხშირად ხდებიან როლზე დამოკიდებულები, უჭირთ ნათამაშები პერსონაჟების მავნე, საზიანო ქცევებისა და თვისებების მოცილება“, – წერს იგი.

თუმცა ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები და მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად, ნიუ იორკის „ფორდჰემის უნივერსიტეტის“ პროფესორი სამუელ კამპა, „აეონში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ამტკიცებდა, რომ „მსახიობებს, შეუძლებელია, დაავიწყდეთ, ცხოვრებაში ვინ არიან და რას წარმოადგენენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი რეალური რწმენები და სურვილები იგივე რჩება.“

აქამდე მხოლოდ ვარაუდები არსებობდა იმის შესახებ, რომ არტისტებს უჭირთ როლიდან გამოსვლა. თუმცა 2019 წელს ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევების შედეგები კონკრეტულ მტკიცებულებებს გვაძლევს იმის შესახებ, რომ მსახიობების თვითაღქმაზე სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ განსახიერებულ პერსონაჟებს.

ჟურნალში „Royal Society Open Science“ გამოქვეყნდა სტატია, ონტარიოს „მაკმასტერის უნივერსიტეტის“ მკვლევართა ჯგუფის შესახებ, რომლის ხელმძღვანელიც სტივენ ბრაუნი გახლდათ. მათ მოიწვიეს 15 ახალგაზრდა კანადელი მსახიობი, რომლებიც მოამზადეს სტანისლავსკის მეთოდის მიხედვით, რის შემდეგაც უნდა გაეთამაშებინათ „რომეო და ჯულიეტა“. სპექტაკლის მიმდინარეობისას კი მკვლევარები დააკვირდებოდნენ მსახიობების ტვინის მოქმედებას კომპიუტერული სკანირების საშუალებით. მოხალისეებს აივნის სცენა უნდა გაეთამაშებინათ. მათ გარკვეული დრო დასჭირდათ, რათა კარგად მოერგოთ პერსონაჟების ხასიათი, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი სკანერზე დააწვინეს დაუსვეს ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: „წახვიდოდით თუ არა ისეთ წვეულებაზე, სადაც არ ხართ დაპატიჟებული“? ან „ეტყოდით თუ არა თქვენს მშობლებს, რომ შეყვარებული ხართ“? მსახიობების ამოცანა იყო პასუხების, ჩუმად, საკუთარ გონებაში იმპროვიზაცია პიესის გმირების ხასიათის გათვალისწინებით.

შემდეგ იყო სკანირების კიდევ ორი სეანსი. ამჯერად მსახიობებს იგივე კითხვებზე უნდა ეპასუხათ საკუთარი სახელით და ვინმე მესამე, მათთვის ახლობელი პირის გადმოსახედიდან, წარმოეჩინათ ისინი როგორ მოიქცეოდნენ აღნიშნულ სიტუაციებში (მაგალითად: ჩემი მეგობარი მოიქცეოდა ასე…). კვლევის შედეგები საინტერესო გახლდათ. აღმოჩნდა, რომ ტვინის ყველაზე მკაფიო აქტივობა დაფიქსირდა რომეო და ჯულიეტას როლების მორგებისას. დანარჩენ შემთხვევებში კი ის უფრო ნაკლები იყო და ეს იმის მიუხედავად, რომ მათ უწევდათ სხვა ადამიანების გრძნობებისა და ემოციების გათვალისწინებაც. (კვლევის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.)

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, თამაშმა გამოიწვია ტვინის შუა და წინა ნაწილების ძლიერი დეაქტივაცია. ზოგადად ცნობილია, რომ ტვინის ეს ნაწილები აქტიურად მოქმედებს მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს. „ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ როლის თამაში, როგორც ნეოიროკოგნიტური ფენომენი, იწვევს თვითაღქმის მოქმედების ჩახშობას“[1], – ამბობდნენ მკვლევარები. კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ტვინის შედარებით უკანა ნაწილის ნაკლებ დეაქტივაციას ეხებოდა. როგოც წესი, ამ ადგილის აქტივობა მცირდება მაშინ, როდესაც ყურადღების კონცენტრირებაა საჭირო (მაგალითად, მედიტაციის დროს). მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ თამაშისას ტვინის ამ ნაწილის გააქტიურება დაკავშირებული იყო ორგანიზმში რესურსების განაწილებასთან, რაც როლის განსახიერებისათვის აუცილებელი იქნებოდა – „ორმაგი ცნობიერება, რაზეც საუბრობენ სამსახიობო ოსტატობის თეორიტიკოსები“.


Figure 2.

ტვინის აქტივობა კვლევის სხვადასხვა სეანსის შემთხვევებში. ფოტო: ჟურნალიდან „Royal Society Open Science“.


სინამდვილეში, ტვინის ამ ახალი კვლევების შედეგები, რომლებიც რეალურად პირველად ჩატარდა სამსახიობო ოსტატობის შესასწავლად, გვიჩვენებს, რომ საკუთარი თავის დაკარგვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. კვლევაში მეოთხე დავალებაც იყო, მსახიობებს ამჯერად კითხვაზე პასუხი უნდა გაეცათ საკუთარი სახელით, ოღონდ ბრიტანული აქცენტის გამოყენებით. ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ არ გაეთამაშებინათ ბრიტანელი კაცის როლი, მხოლოდ აქცენტით ესაუბრათ საკუთარ თავზე. დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ ტვინის აქტივობა როლის მორგებისას და აქცენტით საუბრისას მსგავსი იყო: – „მაშინაც კი როდესაც გმირის ხასიათი მკაფიოდ არ არის გამოხატული, მისი გამოსახვა მიმიკებით ან ჟესტებით, შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს პერსონაჟის გაპიროვნებისა და საკუთარი „მეს“ რესურსების შემცირებისაკენ“.[2]

ადამიანის თვითაღქმის ცვლილების სიმარტივეზე სხვა დაკვირვებებიც მიუთითებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჟურნალში „The Journal of Experimental Psychology: General“ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ასევე დრამატურგიული კოლეჯის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ამ ექსპერიმეტისას მათ უნდა ქულებით შეეფასებინათ ჯერ საკუთარი ხასიათი, მეხსიერება და ფიზიკური მახასიათებლები, ხოლო შემდეგ იგივე უნდა გაეკეთებინათ სხვა ადამიანის პერსპექტივიდან. მაგალითად, შეაფასეს, თუ რამდენად ემოციური იყო მათი ერთ-ერთი მოგონება, ხოლო შემდეგ შეაფასეს, როგორ აღიქვამდნენ იმავე მოგონებას, მათი მშობლები ან მეგობრები. აგრეთვე, ცდის მონაწილეებს შეეძლოთ, კონკრეტული მახასიათებლები შეესაბამებინათ საკუთარ თავთან და შემდეგ იგივე თვისება მათი მეგობრების გადმოსახედიდან აღექვათ.

კვლევის ბოლო ნაწილში მოხალისეები ისევ საკუთარი სახელით აფასებდნენ თავიანთ ემოციებს. მკვლევარებმა, ამჯერად, პირველადი ქულებისგან განსხვავებული ნიშნები მიიღეს. აღმოჩნდა, რომ მეგობრის თვალთახედვით გაკეთებული შეფასების შემდეგ საკუთარ თავზე წარმოდგენებიც იცვლებოდა. კერძოდ, თუკი ისინი საკუთარ თავზე საუბრისას „თვითრწმენას“ საშუალო შეფასებას აძლევდნენ, ხოლო მეგობრის გადმოსახედიდან უფრო მაღალს, განმეორებითი შეფასებისას საკუთარი თავის დახასიათების ქულა „თვითრწმენასთან“ დაკავშირებით იზრდებოდა და ეს იმისდა მიუხედავად, რომ კვლევებს შორის ინტერვალი შესაძლოა, 24 საათი ან მეტიც ყოფილიყო.

ამ კვლევის ფარგლებში, არ გაუთამაშიათ როლები, მასში არც პროფესიონალ მსახიობებს მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა გამოჩნდა, რომ სხვა ადამიანზე ფიქრიც კი ცვლის ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე – „როდესაც სხვა ადამიანზე ვფიქრობთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია იმ ადამიანის ტყავში შევძვრეთ“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, მეგან მაიერი.


Actors get lost in a role

ამ დასკვნების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ მსახიობებს, რომლებიც ხანდახან დღეებს, თვეებს ან სულაც წლებს ატარებენ პერსონაჟის ხასიათის გასათავისებლად, შესაძლოა, რადიკალურად შეეცვალოთ პირადი დამოკიდებულებები და თვისებები.


ფაქტია, ჩვენ თვითაღქმას ძლიერი ეფემერული ეფექტი აქვს, რაც ბევრისთვის შესაძლოა დამაბნეველი და ასაღელვებელი იყოს, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიების პროცესშია. თუმცა არის დადებითი მხარეც – როგორც ჩანს, უფრო ადვილი ყოფილა გავხდეთ უკეთესი ან მინიმუმ, საკუთარ თავს უფრო პოზიტიური კუთხით ვუყუროთ, ვიდრე ეს ჩვენ აქამდე გვეგონა. იმ პერსონაჟის როლის თამაშით, რომელსაც გვსურს, დავემსგავსოთ ან უბრალოდ იმ ადამიანზე ფიქრით, რომელთა დადებითი და კარგი თვისებების გადაღება არ გვაწყენდა, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ჩვენი თვითაღქმა სასურველი მიმართულებით შეიცვალოს. „რადგანაც ჩვენ ვირჩევთ ვისთან ვიმეგობროთ, ვინ გვყავდეს მაგალითად და ვის საერთოდ არ მივაქცოთ ყურადღება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ ადამიანს ჩვენ თვითაღქმაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია“ – გვირჩვენ მეირი და მისი კოლეგები.


„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჯურნალ „aeon“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „თამაში ცვლის აზროვნებას: ასე იკარგებიან მსახიობები როლებში“.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.


შენიშვნები და წყაროები:

https://aeon.co/ideas/acting-changes-the-brain-its-how-actors-get-lost-in-a-role

https://royalsocietypublishing.org/doi/full/10.1098/rsos.181908#d3e546

[1] This might suggest that acting, as a neurocognitive phenomenon, is a suppression of self processing

[2] Even when a character is not being explicitly portrayed, gestural changes through personal mimicry can be a first step towards the embodiment of a character and the retraction of the self’s resources – he researchers said.