„ხარი ხართან, რომ დააბა…“ – რა გავლენა აქვს გარშემო მყოფ ადამიანებს ჩვენს თვითაღქმაზე?


თარგმანი; ავტორი: სემ ერეირა, კოგნიტური ნეირომეცნიერების მკველვარი.


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სტატია ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge


რა გავლენა აქვთ გარშემო მყოფ ადამიანებს ჩვენზე? რატომ ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ? შესაძლებელია თუ არა სხვისი აზრების წაკითხვა? რამდენად მართალია ყველასთვის ნაცნობი ქართული ანდაზა – „ხარი ხართან, რომ დააბა ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“? ადამიანის გონება იდუმალებით არის მოცული. „სმარტარეაზე“ გასულ კვირებში ვისაუბრეთ ტვინის რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობაზე. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თარგმანს გთავაზობთ, ჟურნალ „The Conversation”-დან, სადაც მკვლევარი სემ ერეირა მოგვითხრობს თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ სხვა ადამიანებს ჩვენი საკუთარი „მე“-ს ჩამოყალიბებაში.

ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი ვართ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. პატარა ასაკიდანვე ვაკვირდებით მშობლებსა და მასწავლებლებს, მათგან ვსწავლობთ სიარულს, ლაპარაკს, კითხვას ან სულაც სმარტფონის გამოყენებას. როგორც ჩანს, დაკვირვებითი შესწავლისას რთული ქცევების ათვისება უსაზღვროდ არის შესაძლებელი.

სინამდვილეში, საზოგადოებრივ გავლენას უფრო დიდი და ღრმა დატვირთვა გააჩნია. გარდა იმისა, რომ სხვის ქცევებს საჩვენოდ გადმოვიღებთ, ასევე მათ გონებასაც კი „ვაკოპირებთ“. ზრდასთან ერთად ვსწავლობთ და ვერგებით სხვა ადამიანის ფიქრებს, გრძნობებს და მათ სურვილებს. ჩვენი გონება მართლაც შესანიშნავია ამ საკითხში – ადამიანს შეუძლია სხვისი ტვინის გამოთვლების აღქმა და გადმოღება. მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ განასხვავებს გონება ჩვენ საკუთარ ფიქრებსა და სხვისი ტვინის აზრებს ერთმანეთისგან? პასუხამდე მივყავართ ახალ კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Communications“ (კვლევის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ).

ადამიანის უნარი აღიქვას და საკუთარ თავში გადმოიტანოს სხვისი გონება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესის არასწორად წარმართვა სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხდება. აგრეთვე, მისი დარღვევის შემთხვევაში, ადამიანები შესაძლოა ზედმეტად გულგრილები გახდნენ სხვების მიმართ ან მეორე უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად მგრძნობიარედ მიუდგნენ ყველა გარე პრობლემას, რომ საკუთარი თავი დაივიწყონ და „მე“-ს შეგრძნება სუსტი, არასტაბილური ჩამოუყალიბდეთ.

სხვა პიროვნების გონებით ფიქრის უნარი ადამიანური ტვინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დახვეწილი ადაპტაციის შედეგს წარმოადგენს. ექსპერიმენტული ფსიქოლოგები ხშირად ამ შესაძლებლობას აფასებენ ტექნიკით, რომლის სახელწოდებაცაა „ცრუ რწმენის დავალება“.

ამ დავალებაში, ერთი ინდივიდი, „სუბიექტი“, უნდა დააკვირდეს მეორე ადამიანს, „პარტნიორს“, რომელიც სასურველ ნივთს მალავს ყუთში. შემდეგ „პარტნიორი“ მიდის, ხოლო „სუბიექტი“ ხედავს თუ როგორ შეუცვლის დამკვირვებელი ადგილს ყუთში დამალულ ობიექტს. როდესაც პარტნიორი დაბრუნდება უკან, მათ კვლავ სწამთ, რომ ნივთი ისევ ყუთშია, თუმცა ეს რწმენა ყალბია, მიხუედავად იმისა, რომ სუბიექტმა იცის სიმართლე.

სავარაუდოდ სუბიექტი ითვალისწინებს პარტნიორის ცრუ რწმენას, რეალობის შესახებ საკუთარ ჭეშმარიტ ცოდნასთან ერთად. მაგრამ საიდან ვიცით, მართლა ფიქრობს თუ არა სუბიექტი პარტნიორის გონებაზე?

ცრუ რწმენები

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ნეირომეცნიერებმა შეისწავლეს „გონების კითხვის პროცესი“, რომელსაც „სიმულაციის თეორიას“ უწოდებენ. ამ თეორიის თანახმად, მე თუ შევეცდები მოვირგო თქვენი „ტყავი“, ჩემი ტვინი აუცილებლად გადმოიღებს თქვენს გონებაში არსებულ გამოთვლებს.

ტვინს შეუძლია თქვენი სოციალური პარტნიორის გონების სიმულაცია, რასაც მოწმობს ნეირომეცნიერების მიერ მოპოვებული დამაჯერებელი მტკიცებულებები. მაგალითად, მათ დაასკვნეს, რომ თუ თქვენ დააკვრიდებით სხვა ადამიანს დაჯილდოვებისას, მაგალითად საკვების ან თანხის გადაცემისას, თქვენი ტვინის აქტივობა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა აღნიშნული ჯილდო თქვენ, რომ მიგეღოთ.

თუმცა აქ არის ერთი პრობლემა. თუ ჩემი ტვინი თქვენს გონებრივ გამოთვლებს პირდაპირ „იწერს“, მაშინ როგორ ასხვავებს რომელია ჩემი საკუთარი აზრი და რომელი სხვისი გონების სიმულაცია?

ექსპერიმენტში დავიქირავეთ ორმოცი მოხალისე და ვთხოვეთ გაეთამაშებინათ „ცრუ რწმენის დავალების“ ალბათური ვერსია. ცდის პარალელურად, ჩვენ დავაკვირდით მათ გონებას კომპიუტერული მაგნიტურ-რეზონანსული სკანერის საშუალებით, რომელიც ზომავს ტვინის აქტივობას სისხლის ნაკადების მიმოქცევის ცვლილების მიხედვით.

ეს თამაში წინა ექსპერიმენტისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მოხალისეებს კი არ უნდა ეთქვათ ჯეროდათ თუ არა, რომ ნივთი ყუთში იდო, არამედ ორივე მონაწილემ იცოდა, რომ რაღაც ალბათობით ნივთი იქნებოდა კონკრეტულ ადგილას და მათ ეს ალბათობა უნდა დაესახელებინათ. მათ ნივთის რეალური მდებარეობა არ იცოდნენ (შროდინგერის ყუთის პარადოქსი). დაკვირვების დროს ამ ობიექტს გაუჩერებლად გადაადგილებდნენ, შესაბამისად ორივე მოთამაშის რწმენაც გამუდმებით იცვლებოდა. მათი მიზანი იყო არამხოლოდ თვალყური მიედევნებინათ სად მდებარეობდა ობიექტი, არამედ გაეთვალისწინებინათ პარტნიორის რწმენაც.

თამაშის ეს ფორმა დაგვეხმარა შეგვემუშავებინა მათემატიკური მოდელი, რომელიც ექსპერიმენტის დროს სუბიექტის ტვინის მდგომარეობას აღწერდა. ის აჩვენებდა, თუ როგორ იცვლებოდა მოხალისეთა რწმენები ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ მიღებული რაიმე სახის ინფორმაციის ან მინიშნების შემდეგ. ექსპერიმენტმა ასევე წარმოაჩინა, როგორ იცვლებოდა გონების სიმულაციაც პარტნიორის რწმენების შესახებ, როდესაც ეს უკანსკნელი გაიგებდა რაიმე ახალ ინფორმაციას.

მათემატიკური მოდელი მუშაობს “პროგნოზის” და “პროგნოზის შეცდომის” ალბოთობების გამოანგარიშებით. მაგალითად, თუ მონაწილე ვარაუდობს, რომ 90%-იანი ალბათობით ობიექტი ყუთშია, მაგრამ შემდეგ ხედავს, რომ ის იქვე ახლოს საერთოდ არ არის, ისინი გაოცებულნი არიან. ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ “პროგნოზის შეცდომა” ძალიან დიდი იყო, რასაც გამოიყენებენ შემდეგ ჯერზე ვარაუდის გასაუმჯობესებლად.

ბევრი მკველვარი ფიქრობს, რომ “პროგნოზის შეცდომა“ ტვინის გამოთვლებში ფუნდამენტურ როლს თამაშობს. თითოეული ასეთი შეცოდმა დაკავშირებულია ტვინის აქტივობის კონკრეტულ ნიმუშთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ პროგნოზისას დაშვებული შეცდომის ტვინის აქტივობის ნიმუში ალტერნატიულ, გონების სიმულაციის ნიმუშს ანუ როდესაც ადამიანი ფიქრობს პარტნიორის პროგნოზირის შეცდომაზე.

ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის აქტივობები განსხვავებულია „პროგნოზის შეცდომისა“ და სიმულაციური „პროგნოზის შეცდომის“ დროს. გამოდის, რომ ტვინის აქტივობა მოიცავს არა მარტო ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, არამედ თუ ვინ ფიქრობს მასზე. ამ ორის კომბინაციას კი მივყავართ საკუთარი თავის სუბიექტურ აღქმასთან.

გონების ვარჯიში

ჩვენ ასევე დავასკვენით, რომ შესაძლებელია ადამიანს ასწავლო ტვინის აქტივობის ამგვარი მოდელების, საკუთარი აზრებისა და სხვისი გონების სიმულაციის, ერთმანეთთან უფრო მეტად მიახლოება ან პირიქით, სრულიად განსხვავებულის მიღება. დავალების შესრულებისას შევეცადეთ სუბიექტისა და პარტნიორისთვის მიგვეწოდებინა ერთნაირი ინფორმაცია ან უფრო იშვიათად ან უფრო ხშირად. როდესაც ტვინის აქტივობის ნიმუშები დაფიქსირდა ერთმანეთისგან განსხვავებული, მაშინ სუბიექტი უფრო მეტად არჩევდა საკუთარ ფიქრებს პარტნიორის აზრებისაგან. ხოლო, თუ ნიმუშებს ბევრი თანაკვეთა ჰქონდათ, მათ უჭირდათ საკუთარი და პარტნიორის შეხედულებების განსხვავება.

ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ საზღვარი საკუთარი თავსა და სხვის აღქმას შორის, ჩვენ ტვინში, არ არის ფიქსირებული. ის საკმაოდ მოქნილი და ცვალებადია. ტვინს შუეძლია ისწავლოს ამ საზღვრის შეცვლა. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ როდესაც ორი ადამიანი ერთად დიდ დროს ატარებს, ისინი სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ერთმანეთს, თითქოს ერთ პიროვნებადაც კი გრძნობენ თავს. საზოგადოებრივ დონეზე, ამით შეიძლება აიხსნას, რატომ ვართ კეთილგანწყობილნი მათ მიმართ, ვისაც ჩვენი მსგავსი გამოცდილება უმაგრებს ზურს, ხოლო ჩვენგან განსხვავებული ისტორიების მქონე ადამიანების შედარებით გულგრილად ვექცევით.  

ამ კვლევის შედეგები შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს. თუკი საზღვრები საკუთარ თავსა და სხვის აღქმას შორის შესაძლებელია მარტივად შეიცვალოს, ჩვენ შეგვეძლება ეს მექანიზმი გამოვიყენოთ ფანატიზმის წინააღმდეგ ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების განკურნებისათვის.


„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჯურნალ „The Conversation“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „როგორ აშენებს ტვინი საკუთარ “მე”-ს გრძნობას ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებით “.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.


შენიშვნები და წყაროები:

ქუდის სურათი: ანრი მატისი, „ცეკვა“. წყარო: ვიკიპედია.

https://theconversation.com/how-the-brain-builds-a-sense-of-self-from-the-people-around-us-new-research-141844

https://www.nature.com/articles/s41467-020-16856-8

https://www.nationalgeographic.com/news/2013/8/130812-physics-schrodinger-erwin-google-doodle-cat-paradox-science/