რატომ უნდა შევისწავლოთ ილია?


ავტორი: რატი კობახიძე; სტუდენტი.


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სტატია ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge


ხშირად გვსმენია გამოთქმა, ეს და ეს ადამიანი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დააფასესო. ილია ჭავჭავაძეზე ამას ვერავინ იტყვის. ჯერ კიდევ თავის ცხოვრებაში ილია ძალიან პოპულარული იყო. იგი წარმოადგენდა უზარმაზარ ავტორიტეტს, რომელსაც იცნობდა და პატივს სცემდა იმ პერიოდის განათლებული და გავლენიანი საზოგადოების დიდი ნაწილი. იგი ძალიან უყვარდათ მის ყოფილ ყმებს, ილია ხომ იმ გამონაკლის თავადს წარმოადგენდა, რომელმაც საკუთარი გლეხები მიწიანად გაათავისუფლა. მას საქართველოს სხვა რეგიონის გლეხებიც იცნობდნენ, არის მოგონება, სადაც ჩანს თუ როგორი პატივისცემით ესაუბრება გურიის რევოლუციაში მონაწილე ერთ-ერთი გლეხი მას. მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს სიტყვა ეთქმოდა – იგი იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი წამოწყების თავში, ტიციან ტაბიძემ ეს ერთ წინადადებაში ლამაზად შეაჯამა – „მე-19 საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შეჰქმნა და თავისი სისხლით კიდეც დაჰკირა“.

ილიას მკვლელობამ ქართული საზოგადოება, რომ შეძრა ახალი და განსაკუთრებული არ არის. მის გასვენებაში მონაწილეობას დიდი რაოდენობით ხალხი იღებდა. ცნობილია ის ფაქტიც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ერთ-ერთი სოციალ-დემოკრატი, ვლასა მგელაძე ილიას საფლავთან, რომ მივიდა და „ჩასძახა“ – ,,გიხაროდენ დიდო ილია, შენი ოცნება აღსრულდა! აღსდგა საქართველო“. მისი მკვლელობიდან 11 წელი იყო გასული, თუმცა ილია ჯერაც ახსოვდათ, თანაც თავად სოციალ-დემოკრატებს, ადამიანებს, რომლებსაც ხშირად მის პრინციპულ მეტოქეებად სახავენ.


ილიას დაკრძალვა; ფოტო: ვიკიპედია.


იმდენად დიდი იყო ილიას ავტორიტეტი, რომ მას ვერ, ან უფრო სწორი შეიძლება იყოს თუკი ვიტყვით – არ გაექცა სტალინიც კი და სცადა გამოეყენებინა მისი ხსოვნა და მისი შემოქმედება საკუთარი რეჟიმის და პიროვნების გასამყარებლად. 

ეროვნულ მოძრაობასთან ერთად კვლავ აღდგა ილიას სახეც, მისი სიტყვები „მამული, ენა, სარწმუნოება“. ილია, აგრეთვე, წმინდანად არის შერაცხული.

დღესაც, ილია აქტუალური ისტორიული ფიგურაა. ახალი თაობის ეკონომიკურად მემარჯვენედ მოაზროვნე ნაწილში ხშირად შეიმჩნევა ტენდეცია, რომ გამოგლიჯონ ილია ნაციონალისტურად მოაზროვნე ჯგუფებს, დაამცრონ ილიას ერთგულება „მამული, ენა, სარწმუნოების“ ტრიადისადმი და აღწერონ იგი, როგორც უაღრესად პროგრესული და თანამედროვე იდეებით აღჭურვილი პიროვნება. ილიას დასაკუთრების ტენდეცია მემარცხენედ მოაზროვნე ახალგაზრდებშიც შეიმჩნევა, რომლებიც მასში სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის ხატს ეძებენ.

შესაძლოა ითქვას, რომ ილიას გარდაცვალებიდან 113 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოებრივი დისკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს ერთი პიროვნებაა. უკვე 113 წელია, სხვადასხვა ჯგუფები მისი მისაკუთრებით, საკუთარი ჯგუფის წევრად გაყვანით, საკუთარ იდეოლოგიურ წინაპრად გამოყვანით, ცდილობს საკუთარი თავისავე ლეგიტიმაციას და პოპულარიზაციას.

შესაბამისად, უკვე 113 წელია ქართული საზოგადოების ამოცანა ის კი არაა, გამოიძიონ და შეიმეცნონ თუ სინამდვილეში რას ამბობდა და რას აკეთებდა ილია ჭავჭავაძე, არამედ გამოიყენონ მისი ცალკეული ციტატა, ნააზრევი იმისათვის რომ მოუტანონ სარგებელი საკუთარ იდეოლოგიასა თუ ჯგუფს.

უმრავლესობა იმ ნაწერებისა, საჯარო თუ არასაჯარო ლექციებისა, რომლებიც წამიკითხავს და მომისმენია, უმეტესწილ მოიცავდა ავტორთა ილიას სათავისოდ გამოყენების გამალებულ მცდელობას. მაგალითად, ლიბერტარიანელ ან დაახლოებული იდეოლოგიის მქონე პიროვნებად, თუმცა ყველა ასეთი მცდელობა გამოირჩეოდა უკიდურესი სიმარტივით და არაკონტექსტუალობით. დიდი სხვაობა არ არის 90-იანების მოძრაობის მცდელობისგან, როდესაც ცდილობდნენ დაეყვანათ ილია ჭავჭავაძის ნააზრევი იმ ცნობილ სამ ტერმინამდე. მიდგომა იგივეა, მიზანიც ტექნიკურად იგივეა.

თუკი ჩვენ ავიღებთ „კაკო ყაჩაღს“ და „გლახის ნაამბობს“ და ვიტყვით, რომ აი ესაა ილიაო, გამოვა, რომ ილია სოციალისტი თუ არა ხალხოსანი, ე.წ „ნაროდნიკი“ მაინც ყოფილა. ავიღებთ მის ციტატებს – „მამული და ერთობ ყოველი ქონება უხეირო ხელს ეცლება და მიიზიდება ხეირიან ხელისაკენ“(,,ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი“), „ერთად-ერთი საგანი, თავი და ბოლო ეკონომიურ მიქცევ-მოქცევისა კაცთა შორის ის არის, რომ მოჭარბებული ნაყოფი ჩემის ნაწარმოებისა გავცე და იმითი შევიძინო ის ნაწარმოები სხვისა, რაც მე პირდაპირ სახმარად მაკლია“(,,შინაური მიმოხილვა, 1882წ. დეკემბერი“) ან „ბაზარი კი, როგორც საერთო, საყოველთაო სასწორი საქონლის ღირებულებისა, თვითოეულის სურვილს კი არ ემორჩილება, არამედ საზოგადო ეკონომიურს ვითარებას, რომელიც საქონლის ფასს ხან ასწევს ხოლმე, ხან დასწევს საერთო წარმოების მთელს სივრცეზედ“ (,,შინაური მიმოხილვა 1882წ. დეკემბერი“), ვიტყვით აი ეს არის ილიაო და გამოდის, რომ ის თანამედროვე ცოდნის და გაგების მქონე ადამიანი ყოფილა, მემარჯვენე, ლიბერტარიანული მიდრეკილებებითაც კი. მაგრამ, წავიკითხავთ ბოლომდე იგივე სტატიას, რომლიდანაც ბოლო ორი ციტატა ამოვგლიჯე და იქ ასეთ რამეს ვნახავთ: „აი ყოველთვის ამისთანა [ცუდი] შედეგი აქვს, როცა ეგრეთ-წოდებული კაპიტალობრივი წარმეობა თავს ამოჰყოფს ხოლმე ქვეყანაში და ფეხს მოიკიდებს. აი სწორედ ამის გამო ამბობს ერთი გამოჩენილი მეცნიერი, რომ „კაპიტალობრივი წარმოება იმისთანა მოქმედებაა, რომელიც მწარმოებელს ხელში არ შეარჩენს წარმეობის საშუალებასაო და ცდილობსო მარტო მისის მარჯვენის ანაბარას დააგდოს  და სხვა ყოველისფერი ჩამოართვასო“ “, ანუ რა გამოდის? ჩვენი ლიბერტარიანელი ილია მარქსისტი ყოფილა? ამას ეს ციტატაც დავამატოთ : ,,ამ მეცხრამეტე საუკუნემ სოციალურის წყობილების იდეალად გამოსახა ,,გაუქმება ქონებისა და შემოსავლის მეტ-ნაკლებად განაწილებისა ადამიანთა შორის, გაუქმება ყოველის კლასობრივის ბატონობისა და, შეძლებისამებრ, ყოველის კლასობრივის სხვადასხვაობისა, ფეხზე წამოყენება და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასებისა წარსამატებლად“. ამ გზაზე წინა საუკუნეებს ერთად იმოდენი არა უქმნიათ-რა, რაც ამ ერთმა მეცხრამეტე საუკუნემ ჰქმნა თვისდა პატივის მოსახსენებლად“(,,მეცხრამეტე საუკუნე“). თუკი ეს არის ილია, მაშინ მართლაც მარქსისტი ყოფილა ის, მაგრამ რა ვუყოთ იმას, „ცხოვრება და კანონში“, რომ უწერია „ვისაც გულში ჩაუდვია, გინდა თუ არა, განხეთქილება უნდა იყვესო წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო, განა ევროპა ცოტა დროსა და ღონესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?“ იმათაც შევეკამათოთ ილიას აზროვნების ქვაკუთხედად „მამული, ენა, სარწმუნოება“ რომ მიუჩნევიათ და მოვიყვანოთ ციტატა „ოსმალოს საქართველოდან“ : ,, ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“.

ამ ციტატების ქარბობალით მე მხოლოდ ერთი რამის ჩვენება მსურდა. თუკი ჩემი ამოცანა ისაა, რომ ილია ჭავჭავაძეს გავამართლებინო ეთნიკური ნაციონალიზმი, ეს მოხერხებადია, თუკი მსურს, რომ ილია მემარჯვენე, პროგრესულად მოაზროვნე, კაპიტალიზმის მქადაგებელი იყოს, მოვიყვან ისეთ ციტატებს, სადაც მისი ეს მიდრეკილება გამოჩნდება, მაგრამ თუკი ჩემი მიზანია, რომ იგი სოციალური სამართლიანობისა და ანტი-კაპიტალიზმის მქადაგებელ, მომარქსისტო მოაზროვნედ წარმოვაჩინო, ესეც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს.

ილიას იდეოლოგიზების, მისაკუთრების მცდელობები საზიანოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მის რეალურ პიროვნებას, მის რეალურ წვლილს, მის რეალურ დანატოვარსა და მნიშვნელობას აბუნდოვანებს საქართველოს ისტორიაში, არამედ ასეთი მიდგომა სხვა პრობლემებსაც ქმნის.

ერთ-ერთი მათგანი ისაა, რასაც ილია თავადვე აქტიურად ებრძოდა – ურყევი ავტორიტეტების შექმნა. თუმცა ამჯერად ურყევ ავტორიტეტად სხვადასხვა ჯგუფებისთვის თავად ილიავე იქცა. იმდენად ურყევია ეს ავტორიტეტი, რომ თუკი რაიმე ილიას ციტატა ან ქმედება მისი პიროვნების მათებურ აღქმას ეწინააღმდეგება, შეიძლება იმაშიც შემოგედავონ, რომ ეგ ციტატა თუ ქმედება ილიას არ ეკუთვნის. ილია ჭავჭავაძე ჩემი ფავორიტი პიროვნებაა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან რაღაც ილიამ თქვა, იგი აუცილებლად ჭეშმარიტია.

ილიასადმი მსგავსი დამოკიდებულების წყალობით ჩნდება მეორე დამაზიანებელი აღქმა – ყველა, ვინც ილიას ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის მოღალატეა. მაგალითად, მისი თანამოაზრებიც ხშირად ეკამათებოდნენ მას და საქმის სხვაგვარად კეთებას უჭერდნენ მხარს. დიმიტრი ყიფიანს ხშირად განსხვავებული ხედვა ჰქონდა ბანკის ზოგიერთ საკითხზე, თუმცა, მისი უდიდესი დამსახურებაა თავად ბანკიც და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც. ილია ჭავჭავაძეს ეწინააღმდეგებოდა ნიკო ნიკოლაძე, თუმცა მისი დამსახურებაა ფოთის პორტი, ამასთანავე სწორედ ნიკო ნიკოლაძე და არა ილია ჭავჭავაძე წარმოადგენდა მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ბურჟუაზიული მიმდინარეობის ფლაგმანს. ილიას ეწინააღმდეგებოდა ნოე ჟორდანიაც, თუმცა სწორედ ეს პიროვნება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული გამოცდილების თანაავტორია, რომელიც ასევე საკუთარი განსწავლულობით მარქსიზმში არ ჩამოუვარდებოდა ევროპელებს და ხშირად აჭარბებდა რუსებს. ნიკო ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია, ასევე დიმიტრი ყიფიანიც აბსოლუტურად უსამართლოდ ღირსება შელახულნი და მივიწყებულნი მგონია ქართული პუბლიკისგან, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „გაბედეს“ და ილია ჭავჭავაძეს შეეწინააღმდეგნენ.

მაშ ვინ არის ილია?  – რა თქმა უნდა ამაზე მსჯელობა შესაძლებელია, აუცილებელიცაა და საინტერესოც, თუმცა არა ისე და იმ ფორმატით, როგორც ეს მსჯელობა ხშირად გვხვდება სხვადასხვა სივრცეში. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ამ ესეში არ ვაპირებ, თუმცა შევეცდები ის ჩარჩო შემოვხაზო, რაც აუცილებელი მგონია ამ პასუხის მოსაძიებლად.

პირველ რიგში, აუცილებელია ეპოქის შესწავლა. მე-19 საუკუნის საქართველო და დღევანდელობა რადიკალურად განსხვავებული ფენომენებია. ყველაფერი რაც დღეს გვაქვს, მაშინ ან საერთოდ არ გაგვაჩნდა, ან ნელ-ნელა ყალიბდებოდა. არ გაგვაჩნდა სახელმწიფოებრიობა, არ გაგვაჩნდა სამოქალაქო საზოგადოება, არ გაგვაჩნდა არავითარი ინსტიტუციები. საქართველოს ახლო ისტორიაში პირველად მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელთა თაობამ ნახა და ნაწილობრივ მაინც შეისწავლა ევროპა და ცდილობენ მის შემოყვანას, შემოთრევას საქართველოში. არ არსებობს ეროვნული სხეული, ეროვნული ერთიანობის განცდა (ამაზე ილიაც საუბრობს(„ზოგიერთი რამ“), მოგვიანებით ნოე ჟორდანიაც). ამ პერიოდის ინტელექტუალები სწორედ ამ არაფრის არ არსებობის პრობლემას ეჭიდებიან და ნელ-ნელა ცდილობენ ყველაფრის შექმნას, ხოლო მათი მიზანი კი ერთი იყო – ქართველი ერის გამოღვიძება, მათში ერთიანობის გრძნობის გაღვივება, ილიასავე ტერმინი რომ მოვიყვანოთ, განთვითოელკაცობის აღმოფხვრა. ეს ადამიანები შესაძლოა განსხვავდებოდნენ მიდგომებში, თუ როგორ მიეღწიათ ამოცანისთვის, მაგრამ ამოცანის რაობაში კი მეტ-ნაკლებად თანხმდებოდნენ.

მეორე, არ უნდა მოხდეს ტერმინების აღრევა. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ილიას აბრალებენ ბურთივით-მრგვალობასა და ლიბერალობას, მე-19 საუკუნის ლიბერალიზმი და ამ ტერმინის დღევანდელი გაგება საკმაოდ დაშორებული რამეებია. ამასთანავე, ზოგადად რთულია დღევანდელი ტერმინოლოგია მოვარგოთ მე-19 საუკუნეს. იმის თქმა, რომ ილია ლიბერალი იყო, ისეთივე რთულია, როგორც იმის თქმა, რომ იგი კონსერვატორი იყო, ვინაიდან არცერთი ეს ტერმინი სრულიად არ აღწერს ილიას მოსაზრებებს, ხოლო ორივეს მახასიათებლების აღმოჩენა მის ნაწერებში კი ნამდვილად შესაძლებელია.

ზოგადად ამ პერიოდის ინტელექტუალების რომელიმე იდეოლოგიურ ჯგუფში მოთავსება პრობლემურია და ამით მესამე საკითხსაც მივადექით. ეს ქართული აზრის განვითარების ერთგვარი თავისებურებაა. მე-19 საუკუნეში ქართული საზოგადოება აქტიურ დისკუსიაში იყო ჩართული მრავალი საკითხის გარშემო, შესაძლოა ითქვას, რომ ქართული აზრი ვითარდებოდა პოლემიკურად და პრაგმატიზმის პრიზმაში. ჯერ პრობლემა წამოიჭრებოდა და შემდგომ ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა შეხედულებებს შორის არა იდეოლოგიური, არამედ პრაგმატული დებატი იმართებოდა. ეფექტურია თუ არა ეს მიდგომა? ეს კითხვა უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე ლიბერალური, სწორია ან იდეოლოგიურად მისაღებია თუ არა იგი. ილია ჭავჭავაძეც და ნიკო ნიკოლაძეც(მათთან ერთად სავარაუდოდ ბევრი სხვაც) საკმაოდ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი ფილოსოფიისადმი და თეორიული აზროვნებისადმი, ერთ-ერთი სადავო საკითხი ქართველ მარქსისტებთან მათი მხრიდან სწორედ ეს იყო, თქვენს აზროვნებას პრაქტიკულობა აკლია და დოგმატურიაო. როდესაც ამ ეპოქის ნებისმიერ პიროვნებას შევისწავლით ამ ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება.

მეოთხე, არ უნდა დავეყრდნოთ ილია ჭავჭავაძის რომელიმე ერთ ან რამდენიმე ერთეულ ნაწერს. მისი ობიექტურად შესწავლა თუ გვსურს, აუცილებელია გავეცნოთ მისი შემოქმედების სრულიად ძირეულ ნაწილს, უნდა გვქონდეს წაკითხული მისი წერილების და ნაწარმოებების თუ 100 პროცენტი არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც. ესეც საკმარისი არაა, აუცილებელია გავეცნოთ მოგონებებს მის შესახებ და რაც უფრო ფუნდამენტურია, მის საქმიანობას. ამ კუთხით, მაგალითად მოვიყვანოთ მისი ბანკირობა. კი, მემარჯვენეთა მტკიცება, რომ ილია მკაცრი იყო ბანკთან მიმართებაში და მისი ფუნქციონირების გულისთვის მიწების გაყიდვასაც არ ერიდებოდა აბსოლუტურად ჭეშმარიტია, მაგრამ მათ ხშირად ავიწყდებათ იმის ხაზგასმა თუ რაში სჭირდებოდა ილიას ბანკი და რატომ ამაყობდა ამ საქმით. მისი სიამაყის საფუძველი ის იყო, რომ ბანკი არა კერძო მოგებას, არამედ საჯარო საქმიანობას ემსახურებოდა და აფინანსებდა საქართველოში წამოწყებულ არაერთ საგანმანათლებლო თუ კულტურულ პროექტს. ამის გათვალისწინებით, ილიას ბანკირობას სხვა ელფერი ეძლევა და იგი მისი ეროვნული პროექტის ნაწილი ხდება. შესაბამისად, ილიას რომელიმე ერთი პუბლიცისტური წერილის აღება და იმის თქმა, რომ აი ესაა მისი ფუნდამენტური ნაშრომიო არ იქნება სწორი, საჭიროა კონტექსტუალური და სიღრმისეული შესწავლა.

ილიას მკვლელობიდან 113 წელია გასული. იმ პერიოდში მისმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ხალხს, განსაკუთრებით მის თანამოაზრეებს არ უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ იგი ქართველი კაცის ხელმა მოკლა. ჩვენმა დიდმა პოეტმა აკაკი წერეთელმა ილიას მკვლელობის შემდეგ დაწერა:


„და მიტომაც ვინც მოკვდება
განა ყველა ითქმება მკვდრად?
ზოგი ჩადის ბნელ საფლავში
ზოგი აქვე რჩება ლამპრად
და ილიაც არ მომკვდარა…
მამულისთვის რჩება ლამპრად“


მისი დასაფლავებაზეც წარმოთქვა : ,,თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები“. გამართლდა აკაკის სიტყვა? ჩემი აზრით, არა. 1907 წელს ილია ტყვიით განგმირეს, შემდგომი 113 წლის განმავლობაში კი იდეურად. მისი პიროვნების მისაკუთრება, საკუთარად წარმოჩენა და არა მისი ღვაწლის და მსოფლმხედველობის ობიექტური შემეცნება იყო ამდენ ხანს ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა ამოცანა.  ილიას გაცოცხლება მნიშვნელოვან საქმეა, მისი პიროვნება, მისი საქმიანობა, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიის გასაღებია, ხოლო  „ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა“.



შენიშვნები და წყაროები:

ციტირებები ილიას ნაწერებიდან აღებულია პ.ინგოროყვას მიერ გამოცემული „ილია ჭავჭავაძის თხზულებათა“ ათტომეულიდან.