რა გავლენა აქვს ენას ადამიანის აზროვნებაზე?


თარგმანი; ავტორი: ლერა ბოროდიტსკი, კოგნიტური მეცნიერების პროფესორი.


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სმარტბლოგი ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge.


ენა ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი იარაღია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებლები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ განსხვავებულ ენებს იყენებენ, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ რამდენად დიდი გავლენა აქვს ადამიანის სასაუბრო ენას მის აზროვნებაზე? გვიყალიბებს თუ არა მშობლიური ენა მსოფლმხედველობას, ფიქრებს ან იქნებ, სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას? აზროვნებენ თუ არა განსხვავებულად სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები? იცვლება ჩვენი ფიქრები ახალი ენის შესწავლისას? პოლიგლოტები განსხვავებულ ენებზე საუბრისას სხვადასხვანაირად აზროვნებენ? 

საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ოდითგანვე დიდი ყურადღების ქვეშ გახლდათ. ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა მსგავსი შინაარსის კითხვებზე პასუხებს არაერთი ფილოსოფოსი, ანთროპოლოგი, ენათმეცნიერი თუ ფსიქოლოგი ეძებდა. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ძალიან ცოტა სამეცნიერო შრომა ჩატარდა და ზოგადად, დიდი ხნის განმავლობაში, შეხედულება, რომ ენას შეუძლია ჩვენი გონების და აზრების ჩამოყალიბება, გახლდათ არამყარი და ხშირად მცდარი. საბედნიეროდ, სტენფორდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარებულმა ჩემმა ლაბორატორიულმა კვლევებმა ხელი შეუწყო ამ კითხვების თავიდან დასმას. შევაგროვეთ ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კერძოდ: ჩინეთიდან, საბერძნეთიდან, ჩილედან, ინდონეზიიდან, რუსეთიდან და აბორიგენული ავსტრალიიდან. შედეგად, ჩვენ გავიგეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები ნამდვილად აზროვნებენ განსხვავებულად. მეტიც, ნებისმიერი ენის გრამატიკის მცირე თავისებურებასაც კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს მსოფლმხედველობაზე. ენა ადამიანებისთვის უნიკალური საჩუქარია, მისი როლის დაფასება და გააზრება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს კაცობრიობის ბუნების შეცნობასთან.

სტუდენტებს ხშირად ვეკითხები, რომელი კოგნიტური უნარის დაკარგვა იქნებოდა მათთვის ყველაზე რთულად გადასატანი. უმეტესობა ასახელებს მხედველობასა და სმენას. არიან ისეთი „გამჭრიახი“ სტუდენტებიც, რომლებიც ასახელებენ იუმორის გრძნობასა და გემოვნებას. სამწუხაროდ, ფაქტობრივად არცერთი მათგანი არ ახსენებს ენას. თუკი დაიბადეთ მხედველობის ან სმენის გარეშე, მაინც შეგეძლებათ მიიღოთ მდიდარი სოციალური საზრდო – გეყოლებათ მეგობრები, მიიღებთ განათლებას, შეძლებთ მუშაობას, შექმნით ოჯახს და ა.შ.  მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი არსებობა ენის გარეშე. შეძლებდით კი ამ ყოველივეს? ენა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის – ფაქტიურად, საფუძველია ადამიანობის, მის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა ძალიან რთულია. მაგრამ ენა მხოლოდ აზრების გამოხატვაში გვეხმარება თუ სინამდვილეში, ის მონაწილეობას ღებულობს ამ აზრების ჩამოყალიბებაში?

კითხვაზე „როგორ და რანაირად აყალიბებს ენა აზროვნებას?“ პასუხის გაცემა იწყება მარტივი დაკვირვებით, რომელიც გვიჩვენებს, რომ ენები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია: თქვენ გსურთ თქვათ წინადადება, „კაცმა წაიკითხა მწერლის უახლესი წიგნი“, სხვადასხვა ენაზე. თუკი ამ წინადადებას ვიტყვით ინგლისურად, ჩვენ ზმნა უნდა შევცვალოთ გრამატიკული დროის მიხედვით, კერძოდ, ამ შემთხვევაში სიტყვა „წაიკითხა“ წარმოითქმის, როგორც „რედ“ („red“) და არა როგორც „რიდ“ („reed“). ინდონეზიურ ენაში არ გჭირდებათ (მეტიც, ვერც შეძლებთ) ზმნის დროსთან შეთანხმება. რუსულში თქვენ მოგიწევთ ზმნის შეცვლა დროისა და სქესის მიხედვით. ასე რომ, იმის მიხედვით, კაცი კითხულობდა წიგნს თუ ქალი, თქვენ ზმნას სხვადასხვა ფორმით გამოიყენებთ. თუ იმავე წინადადებას გავაჟღერებთ თურქულად, ზმნის დახმარებით იმასაც ვაკონკრეტებთ, საიდან მივიღეთ ინფორმაცია: საკუთარი თვალით დავინახეთ, მოვისმინეთ თუ მკითხველის ნათქვამს ვიმეორებთ.

აშკარაა, რომ თითოეული ენა მოითხოვს, მთხრობელისგან განსხვავებული ინფორმაციის დაკონკრეტებას და სხვადასხვა დეტალზე ყურადღების გამახვილებას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანების აზრები მათი სალაპარაკო ენის მიხედვით იცვლება? გამოდის, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ერთი და იგივე სიუჟეტს განსხვავებულად აღიქვამს? ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ დიახ ეს ასეა. მათი აზრით, თუ დავაკვირდებით ადამიანების საუბრის გზებს ვნახავთ, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგანაც იმისათვის, რომ ადამიანებმა გამართულად ისაუბრონ მშობლიურ ენაზე, მათ უწევთ საგნების სხვადასხვა დეტალზე ყურადღების გამახვილება.

არსებობენ განსხვავებული აზრის მქონე მკვლევარებიც. მათი აზრით, თითეული ჩვენი ლინგვისტური მოსაზრება უნიკალურია. მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისურენოვანი ადამიანი ზმნის გამოყენებისას არ უსვამს ხაზს ზოგიერთ იმ დეტალს, რასაც რუსულ ან თურქულ ენაზე მოსაუბრე ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ინგლისურენოვანი მოსაუბრე არ აქცევს ყურადღებას იმავე დეტალებს. ისინი უბრალოდ არ საუბრობენ მათზე. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, რომ ყველა ფიქრობდეს ერთნაირად, ამჩნევდეს ერთნაირ საგნებს, მაგრამ საუბრობდეს განსხვავებულად.

კროს-ლინგვისტური განსხვავებების მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ერთსა და იმავე დეტალს: თუკი ასე მოიქცეოდა ყველა, მაშინ ადვილი იქნებოდა გვესწავლა საუბარი სხვადასხვა ენაზე. სამწუხაროდ, რეალობა პირიქითაა, ახალი ენის შესწავლა (და განსაკუთრებით თუ ის შენი მშობლიური ენის მონათესავე არ არის) ძალიან რთულია. როგორც ჩანს, ამისათვის საჭიროა გონებამ ყურადღება მიაქციოს განსხვავებების კრებულს – იქნება ეს ესპანურისთვის დამახასიათებელი ფორმები, მტკიცებულებები თურქულში თუ რუსულის ენის ასპექტები. ამ ენების სწავლა ლექსიკის ცოდნაზე უფრო მეტს მოითხოვს, გამართულად საუბრისათვის საჭიროა დავაკვირდეთ სამყაროს გარშემო არსებულ საგნებს სწორად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენისა და აზროვნების ურთიერთკავშირზე საუკუნეებია ადამიანები კამათობენ და მსჯელობენ. თუმცა მხოლოდ ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სამეცნიერო კოლეგიამ და მათ შორის ჩემმა ჯგუფმა აღმოვაჩინეთ გზები, რომ ემპირიულად შევამოწმოთ ზოგიერთი ის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ამ ანტიკურ დებატს თან ახლავს. შედეგები კი გასაოცარი გვაქვს. ამიტომაც, მოდით კამათის ნაცვლად გავიგოთ, რა არის სიმართლე.

გამომყევით პორმპუროუში, ავსტრალიურ პატარა აბორიგენულ ჯგუფში, კეიპ იორკის ჩრდილოეთით. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ ადგილობრივების საუბარს სივრცის შესახებ. ძალიან საინტერესოა, რომ ნაცვლად იმისა მიმართულება აღნიშნონ სიტყვებით „მარცხნივ“, „მარჯვნივ“, „წინ“ და „უკან“ (რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ საუბარში ვიყენებთ), ისინი, როგორც ბევრი სხვა აბორიგენული დაჯგუფება, იყენებენ კარდინალურ მიმართულებებს – ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ეხება ყველა ტიპის მიმართულების აღნიშვნას. მაგალითად, თუ შენ ამ ენაზე ისაუბრებ, მოგიწევს თქვა, რომ „შენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფეხზე ჭიანჭველა ზის“ ან „ჭიქა გადადე ოდნავ ჩრდილო ჩრდილო-დასავლეთის მხარეს“. ერთი რამ აშკარაა, ამ ენაზე მოსაუბრეს მუდამ უნდა გქონდეს ორიენტირი სწორად აღებული, სხვანაირად უბრალოდ ვერ ისაუბრებ გამართულად. საინტერესოა ისიც, რომ ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში მისალმებას წარმოადგენს კითხვა „საით მიდიხარ?“ და პასუხიც უნდა იყოს მსგავსი „სამხრეთ სამხრეთაღმოსავლეთით, საშუალო მანძილზე“. გამოდის, რომ თუკი არ იცი რომელ მხარეს მიდიხარ, „გამარჯობასაც“ კი ვერ ეღირსები.

პირველი დაკვირვების შედეგი გვაქვს ასეთი, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმ ენაზე მოსაუბრეებს, რომლებიც ეყრდნობიან აბსოლუტურ საცნობარო ჩარჩოებს (მაგალითად, ქუკ ტაირონი) და იმ ენებზე მოსაუბრე ადამიანებს შორის, რომლებიც იყენებენ ფარდობით საცნობარო ჩარჩოებს (მაგალითად, ინგლისური). მარტივად, რომ ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ქუკ თაირონის მსგავს ენებზე, ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებზე ადვილად იღებენ ორიენტირს და იაზრებენ, სად იმყოფებიან სრულიად უცხო ადგილებსა და შენობებს შიგნითაც კი. ამას კი სწორედ მათი ენის წყალობით აღწევენ. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ჩვენს აზროვნებაზე? სივრცე ერთ-ერთი ფუნდამენტური წერტილია აზროვნებისთვის. იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რთული და აბსტრაქტული საგნები, როგორიც გახლავთ დრო, რიცხვები, მუსიკალური სმენა, მორალი ან გრძნობები, ადამიანები ძირითადად ვეყრდნობით ჩვენს ცოდნას სივრცის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ და რას ვფიქრობთ მასზე. შესაბამისად, რადგანაც ქუკ ტაირონის ენაზე მოსაუბრე ადამიანი სივრცეს განსხვავებულად აღიქვამს, ის განსხვავებულად უნდა აღიქვამდეს ისეთ საგნებსაც, როგორიც დროა, არა? სწორედ ამ ფაქტის შესამოწმებლად ვეწვიეთ პორმპუროს მე და ჩემი თანამშრომელი, ელის გაბი.

ადგილობრივებს დავურიგეთ სხვადასხვა სურათი, რომელიც გამოსახავდა დროის ცვლილებას (მაგალითად, სურათები ადამიანის დაბერებაზე, ნიანგის ზრდაზე ან ბანანის შეჭმის პროცესზე). მათი დავალება იყო, ერთმანეთში არეული ფოტოსურათები სწორი თანმიმდევრობით დაელაგებინათ. ცდა ორ სეანსად ჩავატარეთ, თითოეულში ისინი სხვადასხვა მიმართულებით დავსვით. თუკი თქვენ იმავეს გაკეთებას მოსთხოვთ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს, ისინი სურათებს განალაგებენ ისე, რომ დრო იცვლებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ. ჰიბრუს ენაზე მოსაუბრეები განალაგებენ მარჯვნიდან მარცხნივ, რაც მოწმობს, რომ დამწერლობის მიმართულებაც თამაშობს გარკვეულ როლს აზროვნებაში. მაშინ რა მოხდება ისეთ ხალხში, როგორიც ქუკ ტაირონელები არიან, სადაც არ იყენებენ სიტყვებს „მარცხენა“ და „მარჯვენა“?


11 Facts About Aboriginal Australian Ceremonies

აბორიგენი ავსტრალიელები სივრცეს განსხვავებულად აღიქვამენ.


ტომის წევრებმა, სურათების მარცხნიდან მარჯვნივ განლაგების ნაცვლად (ან პირიქით), ისინი დააწყვეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. კიდევ უფრო მისახვედრი რომ გახდეს, დავძენ, რომ როდესაც ისინი ისხდნენ სამხრეთის მიმართულებით, განლაგება გამოდიოდა მარცხნიდან მარჯვნივ. ხოლო როდესაც მათ შევაბრუნებდით ჩრდილოეთისაკენ, სურათების განლაგებაც შესაბამისად იცვლებოდა, მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით. როდესაც აღმოსავლეთის მხარეს ისხდნენ, სურათებს ზემოდან მათი სხეულის მიმართულებით განალაგებდნენ. დასავლეთისას კი პირიქით. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცდის მონაწილეებს არც კი ვეუბნებოდით, რომელი მიმართულებით ისხდნენ ისინი. ქუკ ტაირონელებმა არამხოლოდ ეს იცოდნენ (და ჩვეულებრივ ჩემზე ბევრად უკეთ), არამედ მათ სწორედ ამ სივრცითი აღქმის საშუალებით განალაგეს დროის ცვლილების სურათებიც (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ).

საინტერესოა, სხვა ხალხის დამოკიდებულებაც დროსთან დაკავშირებით. მაგალითად, ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები დროზე საუბრისას იყენებენ ჰორიზონტალურ სივრცით მეტაფორებს (მაგალითად, „ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ გვაქვს“ ან „ცუდი უკან მოვიტოვეთ“ (ქართული ენის მსგავსად – რედ.)) მაშინ, როდესაც მანდარინის (ჩინური) ენაზე  მოსაუბრეებს  ვერტიკალური მეტაფორები გააჩნიათ (შემდეგი თვე არის „ქვედა თვე“ და წინა თვე არის „ზედა თვე“). მანდარინის ენაზე დროზე ვერტიკალურად გაცილებით ხშირად საუბრობენ, ვიდრე ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები. წარმოიდგინეთ მარტივი ექსპერიმენტი, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და განიშნებთ სივრცეში რაღაც კონკრეტულ წერტილზე, რომელიც ზუსტად თქვენს წინ არის და გეუბნებით „ეს წერტილი აქ, ნიშნავს „დღეს“, სად იქნება წერტილი „გუშინ“? და სად დასვამთ წერტილს „ხვალ“? როდესაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრეებს სთხოვენ ამის გაკეთებას, ისინი უმეტესად წერტილებს ჰორიზონტალურად აღნიშნავენ ანუ საწყისი წერტილის მარცხნივ და მარჯვნივ. მანდარინის ენაზე მოსაუბრეები კი უთითებენ წერტილებს ვერტიკალურად (ზემოთ და ქვემოთ), დაახლოებით შვიდჯერ ან რვაჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები.

მეტიც, დროის წამროსახვის სხვა ძირითადი მახასიათებლებიც შესაძლოა დამოკიდებული იყოს ენაზე. მაგალითად, დროის ხანგრძლივობაზე საუბრისას ინგლისელები იყენებენ სიგრძის აღმნიშვნელ ტერმინებს (მაგ.: „მოკლე საუბარი“ (short talk), „შეხვედრა გრძელი არ გამოდგა“ (“The meeting didn’t take long”)), მაშინ, როდესაც ესპანელები და ბერძნები უპირატესობას ანიჭებენ რაოდენობის აღმნიშვნელ ტერმინებს, ისეთებს, როგორიცაა „მეტი“, „დიდი“ თუ „პატარა“ (ქართულ ენაშიც გამოიყენება ესპანურის მსგავსი ტერმინები „დიდი დრო გავიდა“ – რედ.). ჩვენი კვლევები ასეთი საბაზისო კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა ხანგრძლივობის განსაზღვრა, გვიჩვენებს, რომ განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანების უნარები განსხვავდება სწორედ მათ ენებში არსებული მეტაფორის ნიმუშების მიხედვით.


The Mystery of People Who Speak Dozens of Languages | The New Yorker

ახალი ენის შესწავლისას, შენ არამარტო სწავლობ კომუნიკაციის ახალ საშუალებას, არამედ, გაუცნობიერებლად, სწავლობ ახალი გზებით აზროვნებასაც“.

ფოტო: The New Yorker


ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა – ეს განსხვავებები ენის შედეგია თუ კულტურის სხვა ასპექტებმა გამოიწვიეს ისინი? ცხადია, რომ ინგლისურ, ჩინურ, ბერძნულ, ესპანურ და ქუკ ტაირონის ენებზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ამდენად, რატომ ვფიქრობთ, რომ ენას აქვს ყველაზე დიდი გავლენა აზროვნებაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად ერთ-ერთი გზაა, ვასწავლოთ ადამიანებს ახლებური ხერხებით საუბარი და ვნახოთ, რამდენად შეიცვლება მათი ფიქრები. ჩავატარეთ ცდა, სადაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ვასწავლეთ დროის ხანგრძლივობის აღნიშვნა რაოდენობის გამომხატველი მეტაფორებით (ბერძნულის მსგავსად), ხოლო მოვლენათა თანმიმდევრობის აღწერა – ვერტიკალური მეტაფორებით (მანდარინის მსგავსად). მას შემდეგ, რაც ცდის მონაწილეებმა სრულყოფილად ისწავლეს დროის შესახებ ახლებური გზებით საუბარი, მათი კოგნიტური წარმოდგენები დაემსგავსა ბერძნულ და მანდარინის ენაზე მოსაუბრე ხალხის წარმოდგენებს. აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ ენის სხვადასხვა თავისებურებას ჭეშმარიტად შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალი ენის შესწავლისას, შენ არამარტო სწავლობ კომუნიკაციის ახალ საშუალებას, არამედ, გაუცნობიერებლად, სწავლობ ახალი გზებით აზროვნებასაც.

გარდა აბსტრაქტული და კომპლექსური მცნებებისა, როგორიცაა სივრცე და დრო, ენას ასევე გავლენა აქვს ჩვენს ვიზუალურ  წარმოსახვაზე, მაგალითად, ფერების გარჩევის უნარზე. ენები განასხვავებენ ფერთა სპექტრს: ზოგიერთი მათგანი უფრო მეტ სხვაობას ხედავს ფერებში და ხშირად მათი საზღვრები არ ემთხვევა ერთმანეთს.

იმის შესამოწმებლად რამდენად იწვევს ფერების ენაში სხვაობა ფერების აღქმაში განსხვავებებს, შევადარეთ რამდენად ასხვავებდნენ ლურჯი ფერის ნაირსახეობებს რუსულ და ინგლისურენოვანი ადამიანები. ინგლისურ ენაში ლურჯის ყველა სახეს ერთი სახელწოდება აქვს – „ბლუ“, ხოლო რუსულში საქმე ასე მარტივად არ არის, განასხვავებენ უფრო ღია ფერის ლურჯს, როგორც „გალუბოი“ და მუქი ფერის ლურჯს – „სინი“ (ისევე როგორც ქართულში ცისფერი და ლურჯი – რედ.). ნიშნავს თუ არა ეს, რომ „სინი“ ლურჯი განსხვავებულად აღიქმება რუსებისთვის, ვიდრე „გალუბოი“ ლურჯი? მონაცემები გვეუბნება, რომ დიახ, სადაც მათ განსხვავებული სახელწოდება აქვთ, ამ შემთხვევაში რუსულ ენაზე მოსაუბრეები, უფრო სწრაფად არჩევენ ლურჯი ფერის ორ განსხვავებულ ელფერს, ვიდრე იმ ენებზე მოსაუბრე ხალხი, სადაც ეს ორი ელფერი ერთ კატეგორიაში ხვდება.  

ინგლისურენოვანებისათვის ყველა ეს ელფერი ერთი სიტყვით „ბლუ“ აღინიშნება და რეაქციის დროში არ არსებობს შედარებითი განსხვავებები. ხოლო თუ ადამიანებს აჩვენებთ „ღია“ ლურჯიდან „მუქი“ ლურჯისკენ“ ფერთა მონაცვლეობას და ამ დროს პარალელურად დააკვირდებით მათ ტვინებს, ნახავთ, რომ იმ ადამიანის ტვინის რეაქცია, რომლის ენაც განასხვავებს ლურჯ და ცისფერ ფერებს, იქნება განცვიფრების მსგავსი, თითქოს „რაღაც რადიკალურად შეიცვალა“. სამაგიეროდ, ინგლისურენოვანი ხალხი „გაოცების“ გარეშე რეაგირებს, რადგან მათთვის ნამდვილად არაფერი იცვლება.

სამყაროს აღქმაზე შესაძლოა საკმაოდ ღრმა ქვეცნობიერი ეფექტი ჰქონდეს ერთი შეხედვით ისეთ მარტივ რამეს, როგორიც გრამატიკული სქესია. ესპანურსა და სხვა ლათინურ ენებში არსებითი სახელები იყოფა მდედრობით ან მამრობით სქესად. მაგრამ არსებობენ ენები, რომლებშიც უფრო მეტი „სქესი“ გამოიყოფა („სქესში“ ამ შემთხვევაში იგულისხმება კლასი ან ტიპი). მაგალითად, ზოგიერთ ავსტრალიურ აბორიგენულ ენას აქვს თექვსმეტი სქესი (კლასი), მათ შორისაა სანადირო იარაღების, საბრძოლო იარაღების, მბზინვარე საგნების და სხვა.

ენაში გრამატიკული სქესის არსებობა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ სიტყვას მისი სქესის შესაბამისი მოპყრობა სჭირდება. აგრეთვე, ენები სქესის მიხედვით ითხოვენ შევცვალოთ ნაცვალსახელები, ზედსართავისა და ზმნის დაბოლოებები, რიცხვითი სახელები და ა.შ. მაგალითად, იმისათვის, რომ რუსულად თქვათ წინადადება „ჩემი სკამი ძველი იყო“ (мой стул был старый), მოგიწევთ, წინადადების თითქმის ყველა სიტყვა შეუთანხმოთ სკამის (ქვემდებარეს) სქესთან, ამ შემთხვევაში მამრობითთან. სწორედ ამიტომ გამოიყენებთ სიტყვების „ჩემი“, „ძველი“, „იყო“ მამრობით ფორმას. იგივე ფორმები გამოიყენება, როდესაც ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მამრობით სქესზე – „ჩემი ბაბუა მოხუცი იყო“ (Мой дедушка был старым). სკამის მაგივრად პირველ წინადადებაში, რომ გესაუბრათ საწოლზე (кровать), რომელსაც რუსულ ენაში მდედრობითი სქესი გააჩნია ან თუ ისაუბრებთ საკუთარ ბებიაზე, მოგიწევთ, რომ იგივე წინადადების სიტყვები („ჩემი“, „ძველი“, „მოხუცი“, „იყო“) გადააწყოთ მდედრობითი სქესის ფორმებზე.

ახლა განვიხილოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გრამატიკულ სქესს აზროვნებაზე. თუკი სკამი მამრობითი სქესისაა და საწოლი მდედრობითის, ჩნდება კითხვა, რუსულ ენაზე მოსაუბრეებს, რაიმე ხერხით, სკამი უფრო კაცად წარმოუდგენიათ და საწოლი ქალად? როგორც ირკვევა ეს ასე არის. ერთ-ერთ კვლევაში, გერმანულენოვან და ესპანურენოვან ადამიანებს ვთხოვეთ აღეწერათ ამ ორ ენაში განსხვავებული სქესის მქონე საგნები. მათი ახსნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ზუსტად გრამატიკული სქესის მიხედვით. უკეთ რომ გავიგოთ, მაგალითად, როდესაც ვთხოვეთ დაეხასიათებინათ „გასაღები“ – სიტყვა, რომელსაც გერმანულ ენაში მამრობითი სქესი აქვს, ხოლო ესპანურში მდედრობითი – გერმანულენოვანები დახასიათებისას უმეტეს შემთხვევებში იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „მაგარი“, „მყარი“, „მძიმე“, „მეტალი“, „ბასრი“ და „გამოყენებადი“. მაშინ, როდესაც ესპანელებმა ის აღწერეს, როგორც „ოქროსფერი“, „რთული“, „პატარა“, „საყვარელი“, „კაშკაშა“ და „მოსახერხებელი“. სიტყვის „ხიდი“ აღწერისას, რომელსაც გერმანულ ენაში მდედრობითი სქესი აქვს, ხოლო ესპანურში მამრობითი, გერმანელებმა გამოიყენეს შემდეგი სიტყვები „ლამაზი“, „ელეგანტური“, „მყიფე“, „სიმშვიდე“ და „თხელი“. ესპანელებმა კი ის დაახასიათეს ეპითეტებით – „დიდი“, „სახიფათო“, „გრძელი“, „ძლიერი“, „მყარი“ და „მაღალი“. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცდა მიმდინარეობდა ინგლისურად – იმ ენაზე, რომელსაც გრამატიკული სქესი არ გააჩნია. ამ შედეგების მსგავსი ნიმუში მივიღეთ სრულიად არალინგვისტურ დავალებებშიც (მაგალითად: სურათებს შორის მსგავსების შეფასებისას). კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ენის მახასიათებლები აყალიბებენ აზროვნებას: თუკი გრამატიკული სქესის სისტემას ასწავლით ინგლისურ ენაზე მოსაუბრეებს, მათი გონებრივი წარმოდგენებიც კონკრეტულ საგნებზე აისახება გერმანულსა და ესპანურზე მოსაუბრე ადამიანების მსგავსად. ფაქტია, გრამატიკის ძალიან მცირე ნაწილსაც კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს იდეებსა და აზრებზე.


ხიდი კიოლნში, გერმანია (მარცხნივ) და სევილიაში, ესპანეთი (მარჯვნივ).


თქვენ არც გჭირდებათ ლაბორატორიაში წასვლა ენის გასაოცარი გავლენების აღმოსაჩენად. ის, საკუთარი თვალით, შეგიძლიათ დაინახოთ სამხატვრო გალერეაში. დააკვირდით გაპიროვნების მაგალითებს ხელოვნებაში, შეხედეთ, თუ როგორ გამოსახავენ ხელოვანები ადამიანის ფორმით აბსტრაქტულ ცნებებს – სიკვდილს, ცოდვას, გამარჯვებას ან დროს . როგორ ღებულობს მხატვარი გადაწყვეტილებას, მაგალითად, სიკვდილის ან დროის ხატვისას, გამოსახოს ის კაცის ან ქალის ფორმით? როგორც ირკვევა, ასეთი გაპიროვნების 85% შემთხვევებში, ნახატის ობიექტი კაცი უნდა იყოს თუ ქალი, გამომდინარეობს სწორედ ხელოვანის მშობლიურ ენაში ამ საგნის გრამატიკული სქესიდან. ამიტომაც, გერმანელი მხატვრების ნამუშევრებში სიკვდილს უფრო დიდი ალბათობით გამოსახავენ კაცის ფიგურით, ხოლო რუსი მხატვრები მას ძირითადად ქალად წარმოაჩენენ.

გრამატიკული თავისებურებების, ისეთი, როგორიც სქესია, გავლენა ჩვენს აზროვნებაზე ძალიან ღრმა საკითხია. ასეთი საოცრებები ფართოდ არის მიმოფანტული ენებში, ისევ სქესს, რომ მივუბრუნდეთ, ის ხომ ყველა არსებით სახელზე მოქმედებს. გამოდის, რომ მას აქვს გავლენა ჩვენს ფიქრებზე ყველა იმ საგნის შესახებ, რომელიც არსებითი სახელია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს!

ამ სტატიაში მე აღვწერე, თუ როგორ აყალიბებს ენა ჩვენს აზრებს სივრცის, დროის, ფერებისა და ობიექტების (საგნების) შესახებ. სხვა კვლევები აჩვენებს, თუ რა გავლენა აქვს ენას ადამიანების მიერ მოვლენების გააზრებასა და ინტერპრეტაციაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენაზე, რაოდენობის აღქმაზე, ემოციების შეგრძნებასა და განცდებზე, სარისკო გადაწყვეტილების მიღებაზე და სულაც, პროფესიისა და მეუღლის არჩევაზე. ყველაფერი ერთად აღებული ცხადად მეტყველებს, რომ ლინგვისტური პროცესები აღწევს ჩვენი გონებისა და აზროვნების ყველაზე ფუნდამენტურ საფუძვლებში. დაწყებული აბსტრაქტული ცნებების წარმოსახვიდან, დამთავრებული ცხოვრების უმთავრესი გადაწყვეტილებებით, ენა გაუცნობიერებლად გვაყალიბებს ჩვენ პიროვნებად, ადამიანად. დიახ, სწორედ ენა, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაზღვრავს ჩვენს აზროვნებას, სამყაროს აღქმის უნარსა და ზოგადად, ჩვენს მთელ ცხოვრებას.


ლერა ბოროდიტსკი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო მეცნიერია, რომელიც კოგნიტური მოვლენების შესწავლით არის დაკავებული. წლებია იგი აღნიშნულ საკითხს (ენის ფარდობითობა) იკვლევს და მას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. გთავაზობთ მის გამოსვლას “ტედ”-ზე:


შენიშვნები და წყაროები:

მომზადებულია ლერა ბოროდიტსკის სტატიის მიხედვით – https://www.edge.org/conversation/lera_boroditsky-how-does-our-language-shape-the-way-we-think