ანზორ ერქომაიშვილი…


ავტორი: შიო აბრახამია, დირიჟორი, მუსიკოლოგი, თ.ს.კ-ის დოქტორანტი.


ქართული კულტურის არამატერიალურ საგანძურს ჰყავდა თავისი მეჭურჭლეთუხუცესი, თავისი ექვთიმე; ქართული სიმღერა-გალობის მოამაგეთა დიდი ოჯახის ღირსეული მოჰიკანი – ანზორ ერქომაიშვილი.

ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როდესაც  ახალგაზრდობა, განსაკუთრებით იმ პერიოდის სტუდენტობა, თურმე ეკლესიასთან ახლოს ჩავლას რომ ვერ ბედავდა, გიგოს, არტემისა და ვლადიმერის (მგალობელ-მომღერალ ერქომაიშვილთა დინასტია) შთამომავალმა, ოჯახშივე ზეპირი ტრადიციით გადმობარებული ცოდნის თავის თანატოლებში გავრცელების მიზნით, სიმღერა-გალობის ანსამბლი „გორდელა“ ჩამოაყალიბა.

დღეს, ესტრადაზე მგალობელთა წელგამართული ანსამბლების შემყურეებს შესაძლოა არაფერი მოგვეჩვენოს ამ საქმეში დიდად აღსანიშნავი, მაგრამ ყველა მათგანი მემკვიდრეა იმ სტუდენტური ანსამბლისა, რომელიც ბატონმა ანზორმა ჩამოაყალიბა საეკლესიო ხელოვნებასთან შეუწყნარებლობის პერიოდში. „გორდელამ“ ქართული ტრადიციული პოლიფონიური მუსიკა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც გაიტანა და ამ უნიკალური საგანძურის წინაშე მილიონობით ადამიანი ფეხზე დააყენა. მას მალე მოჰყვა „რუსთავი“. აგრეთვე, ქართული ფოლკლორის მომავალ თაობებში გავრცელებისა და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის შექმნილი ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“, რომელიც ასევე სტიმული გახდა, შემდგომში არაერთი მოზარდთა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის შექმნისათვის.


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა


დიახ, დღეს რომ ხალხურ სიმღერასა და გალობას ამდენი ანსამბლი ჰყავს, ეს ანზორ ერქომაიშვილის მიერ ჯერ კიდევ 60-იან წლებში ნოყიერ ხნულში ჩაგდებული მარცვლის ნაყოფია. ყველა მოზარდს, ვინც ბავშვობაში ხალხურ ანსამბლებში ვმღეროდით,  მასთან შეხვედრა-გადაკვეთაზე გვიოცნებია. ამ მხრივ ჩემი თანატოლებიდან, მათ შორის დღევანდელი კოლეგა-მეგობრებიდან, ბევრს ძალიან გაუმართლა: მასთან მღეროდნენ, კონსულტაციებსა და მამა-შვილურ დარიგეგბსაც კი იღებდნენ, საკუთარ კონცერტებზე იწვევდნენ. აი მე კი აქამდე ბატონ ანზორთან მხოლოდ ეპიზოდური შეხებები მქონდა, ვიდრე ჩემთვისვე სრულიად მოულოდნელად, მის სიცოცხლეშივე დაწესებული დიდი ლოტბარის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი არ გავხდი. ასე დავწინაურდი, ჩემი იმ თანატოლებივით, რომლებიც ბავშვობიდანვე ბატონ ანზორთან სიახლოვით ამაყობდნენ. მე დღეს ვარ ამაყი ამ სტატუსის გამო და ბედნიერი, რომ გვყავდა ბატონი ანზორი – მასწავლებელი და გზის გამკვალავი.

ეროვნული სიმღერა-გალობის თანამედროვე რაინდმა, მკვლევარმა, შემსრულებელმა, შემკრებმა და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორმა დაგვტოვა, მაგრამ ლეგენდად იქცა და ისტორიის მარადისობაში გადაინაცვლა. 

შიო აბრახამია, თბილისი, 2021 წ.


შენიშვნები და წყაროები:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.