XXI საუკუნის ეპოქალური გამოწვევები: პრიორიტეტები, ტენდენციები და მდგრადი განვითარების მიზნები


ავტორი: ირაკლი ჯანგავაძე, ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი


21-ე საუკუნე ეპოქალური ცვლილებების ერაა, რომლის საფუძველს „გამრღვევი ინოვაციების“ ფართოდ დანერგვა წარმოადგენს.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ჯერ არნახულ ძალას იძენს. მიმდინარეობს კარდინალური ცვლილებები საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, რომელიც თითოეულ ადამიანს რეალურად ეხება.

თანამედროვე სამყარო კაცობრიობის განვითარებაში ინტელექტის ყოველმხრივი წარმოჩენის, განვითარებისა და გამოყენების ეპოქაა, სადაც საზოგადოება სულ უფრო მეტად თვითგანვითარებადი ხდება.

21-ე საუკუნის პირველ ნახევარში შემდეგი ინოვაციურ-ტექნოლოგიური გამოწვევები და პრიორიტეტები იკვეთება:

1. დარგთაშორისი ფუნდამენტური კვლევები (ადამიანი და საზოგადოება; ახალი სამეცნიერო პარადიგმა; მე-6 ტექნოლოგიური წყობის შესაბამისი წარმოება; ნოოსფეროს კვლევა და მდგრადი განვითარება და სხვ.);

2. ბიოტექნოლოგია და ბიომედიცინა (ადამიანის ხელოვნური ორგანოები; ინვალიდებთან კომუნიკაციის პრინციპულად ახალი საშუალებები; ახალი თაობის სამკურნალო საშუალებები; ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მადანიდან სასარგებლო კომპონენტების ამოღება და სხვ.);

3. უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები (ფოტონიკა; ოპტოინფორმატიკა; პროგრამირება და მოდელირება; მედიცინის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაციონალური ინფორმაციული სისტემები; ეკომონიტორინგი და სხვ.);

4. ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგორესურსები (ახალი თაობის გენერატორები; წყალბადის ენერგეტიკა; ჰელიოენერგეტიკა; გეოენერგეტიკული სისტემები; ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგორესურსები და სხვ.);

5. ახალი თაობის მასალები (პლასტმასები; კერამიკა; ზემტკიცე და ინტელექტუალური მასალები და სხვ.);

6. მანქანების ინტელექტუალური სისტემები (მრავალმხრივი დანიშნულების რობოტები; დრონები; უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.);

7. ახალი თაობის ტექნოლოგიები (ადიტიური; ლაზერული; პლაზმური; მემბრანული და სხვ.);

8. ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებები (რკინიგზის, წყლის, საავტომობოლო; ავტომატიზებული, ინტელექტუალური ტრანსპორტი და სხვ.);

9. ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებები (უმავთულო სისტემები; ატმოსფერული თანამგზავრის სისტემები და სხვ.).   

თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემებიდან მნიშვნელოვანია დემოგრაფიული, რესურსული და ეკოლოგიური პრობლემები. ასევე, განიარაღება, საერთაშორისო ტერორიზმი, სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვ.

სპეციალისტთა პროგნოზით, მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის დემოგრაფიული აფეთქება, რამაც დედამიწის მოსახლეობა 2,4-ჯერ გაზარდა (მათ შორის, განვითარებულ რეგიონებში 46%-ით, ხოლო განვითარებადში 183%-ით), რამდენადმე შენელდება. შესაბამისად, არსებითად შეიცვლება მსოფლიო ხალხთმოსახლეობის დინამიკა და სტრუქტურა.

თუმცა, ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნის აბსოლუტური მოცულობა მაინც გაიზრდება. ამიტომ სხვათა რესურსების დაუფლებისათვის ამჟამინდელი უკომპრომისო ბრძოლა მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება.

გაეროს დემოგრაფიული პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობა 2050 წელს, 2015 წელთან შედარებით, საშუალოდ, 1/3-ით გაიზრდება და 9,6 მილიარდს მიაღწევს. აქედან, მატების დიდი წილი (დაახლოებით, 70 _ 80%) აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების იქნება.

21-ე საუკუნის მსოფლიო დემოგრაფიული კრიზისი ორი ურთიერთსაპირისპირო ტენდენციით გამოვლინდება:

  • მოსახლეობის მატების კრიზისი.

ზოგიერთ ქვეყნებსა და ცივილიზაციებში, მეტწილად, დაბალგანვითარებულ რეგიონებში (კერძოდ, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში) მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი მატების გამო, ბუნებასა და ეკონომიკაზე დემოგრაფიული დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც თავის მხრივ წარმოშობს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს როგორიცაა: დასაქმება, სიღარიბე, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით.

სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა განსაკუთრებით გართულდება ურბანიზაციის გამო, რაც სახნავი მიწების ფართობის და მტკნარი წყლის მოცულობის შემცირებას გამოიწვევს.

  • მოსახლეობის კლების კრიზისი.

განვითარებულ ქვეყნებში დგას ახალი რეპროდუქციული სტრატეგია: „დაბალი შობადობა – დაბალი სიკვდილიანობა“. ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში, ნაწილობრივ ჩინეთშიც, მოსახლეობის კლებით (დეპოპულაციით) მათი ასაკობრივი სტრუქტურა გაუარესდება (ხანდაზმულთა წილი მოიმატებს). 

მოსახლეობის კლების კრიზისი ორი მიმართულებით წარიმართება:

„ქვევით“ ანუ  შობადობის (ფერტილობის) შემცირებით და „ზევით“ ანუ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გადიდებით. მაგ., თუ 1950 წელს  65 და მეტი წლის ადამიანების წილი განვითარებული სამყაროს მთელ მოსახლეობაში 7,7%-ს შეადგენდა, 2000 წელს 14,3%, 2015 წელს 17,6%, 2050 წელს 25,5%, ხოლო 2100 წელს 29% გახდება, მათ შორის ევროპაში, შესაბამისად, 8,0%, 14,7%, 17,6%, 27,6% და 29,4%.


მარცხნივ: შობადობის მაჩვენებლები მსოფლიოში (ფოტო: ვიკიპედია); მარჯვნივ: მოსახლეობის დაბერების საპროგნოზო მაჩვენებელი (ფოტო: UNDPI).


მოსახლეობის დაბერების პრობლემა გლობალური ჩრდილოეთის (განვითარებული ქვეყნების) ეკონომიკური და სოციალური სფეროების სერიოზული გამოწვევა იქნება _ შემცირდება შრომისუნარიანი ადამიანების წილი დასაქმების სტრუქტურაში, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო ხარჯები, დაიკლებს შრომის ნაყოფიერების დონე და სხვ.

გარდა ამისა, გაძლიერდება გერონტოლოგიური[1] ტენდენციები და კონსერვატიული მიდგომები, რაც საზოგადოების ინოვაციურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. სახელდობრ, ეკონომიკური ზრდა შენელდება, საბიუჯეტო პროპორციები გაუარესდება, ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა დაეცემა და სხვ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს მე-4 ინდუსტრიული სამრეწველო რევოლუცია, რომლის საფუძველია მუდმივად ქსელში ჩართული პორტატული მოწყობილობები.

დავოსის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2025 წლამდე 21 გარდამტეხი მომენტი გველოდება, რაც კრიტიკულად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. მათ შორის საყურადღებოა ნივთების ინტერნეტი – ეკონომიკური სივრცის ტოტალური კონტროლი.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის, უპირველესად, წარმოების ზრდისთვის აუცილებელია ბუნებრივი რესურსები. მაგრამ მისი ჭარბი ოდენობა, ხშირად, ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება. ამ პარადოქსს, ზოგჯერ, მოიხსენიებენ მითური სახელწოდებით _ „რესურსების წყევლა“.  სხვაგვარად მას „ჰოლანდიურ დაავადებას“,  იგივე გრონინგენის ეფექტს[2] უწოდებენ. მართალია სანედლეულო ექსპორტი ქვეყანას დროებით უპირატესობას აძლევს (გარედან საშუალებების შემოდინება), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი არის „დაავადება, და არა ჯანმრთელი განვითარება.

ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა მოთხოვნადი ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე სრულად დამოკიდებული ხდება და ინოვაციურ განვითარებაზე ნაკლებად ზრუნავს, მაგ., რუსეთი,[3] ოპეკის ქვეყნები. თუმცა, არსებობს ისეთებიც, რომლებიც დიდი ოდენობის ბუნებრივ სიმდიდრეებს ფლობენ და მაღალგანვითარებულიც არიან, მაგ., აშშ, ნორვეგია და სხვ.

წინა საუკუნეებში ბუნებრივი რესურსები მართლაც იყო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. მაგრამ 21-ე საუკუნეში, კერძოდ, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, ანუ ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში, როცა აქცენტი ინოვაციურ განვითარებაზე გადადის, ვითარება საპირისპიროდ იცვლება. ბუნებრივი რესურსი, როგორც ასეთი, „არ არის დამნაშავე“. მთავარია მისი გამოყენების ხასიათი: თუ მას ქვეყანა პასიურად იყენებს, ანუ როცა მის ექსპორტზეა მთლიანად დამოკიდებული, იგი განვითარების მასტიმულირებელი  ფაქტორი არ ხდება, ხოლო თუ აქტიურად მოიხმარს, ანუ როცა მისი არსებობა ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, იგი ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად გვევლინება.

საყურადღებოა ერთი გარემოება: ინოვაციურ განვითარებას, უმეტესად, მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნები (მაგ., ფინეთი, მალტა, შვეიცარია და სხვ.) ან საერთოდ არმქონე ქვეყნები (მაგ., იაპონია, სინგაპური) უფრო აქტიურად ცდილობენ, რადგან პრაქტიკულად, თანამედროვე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში გადარჩენისა და განვითარების სხვა გზა მათ არ გააჩნიათ.

21-ე საუკუნეში კაცობრიობა ბუნებრივ-ეკოლოგიურ გამოწვევას ორი მიმართულებით  წააწყდება:

პირველი, მოსახლეობის რაოდენობის გადიდება და მათი კიდევ უფრო მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაზრდის მოსახლეობის სიმჭიდროვეს (ადამიანთა რაოდენობა 1 კვ. კმ-ზე გაანგარიშებით) და ბუნებრივ, განსაკუთრებით, არაგანახლებად რესურსებზე დატვირთვას. მინერალური ნედლეულისა და სათბობის ხელმისაწვდომი მარაგები კი, ინტენსიური მოხმარების გამო, ყოველდღიურად მცირდება, მრავალ ქვეყანაში სასმელი წყლის მწვავე უკმარისობა უკვე შეიმჩნევა (უმეტესად, აფრიკასა და აზიაში), ხე-ტყე დაუნდობლად იჩეხება, ნაყოფიერი (სახნავი) მიწის ფართობი კატასტროფულად იკლებს და სხვ.

ენერგომოხმარების ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების პირობებში, 2050 წლისთვის იგი მსოფლიოში 4,2-ჯერ გაიზრდება, რასაც მინერალური სათბობის არსებული მარაგები ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ საჭიროა პრინციპულად ახალი გადაწყვეტილებები რომ მკვეთრად შემცირდეს საზოგადოების მოთხოვნა წიაღისეულ მინერალებსა და ნედლეულზე, ტყისა და წყლის რესურსებზე. ამის გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩება;

მეორე, ბუნებრივ-ეკოლოგიური გარემოს მზარდი დაბინძურება: გამონაბოლქვი აირების გადიდება, წყალსაცავების დაბინძურება, გარემოში რადიოაქტიურობის ზრდა.

ეკოლოგიური იმპერატივის სახიფათო კონტურები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს გამოიკვეთა, როცა 1992 წელს, უმაღლესი დონის მსოფლიო კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია), მიიღეს მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომელიც 2002 წელს დაკონკრეტდა ქ. იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ასევე 2015 წლის მსოფლიო ლიდერების ნიუ-იორკის სამიტზე „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“.


გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი

გლობალური სამყაროს თანამედროვე გამოწვევების  გათვალისწინებით, გაერომ  193 ქვეყანასთან ერთად მდგრადი განვითარების 17 მიზანი დაისახა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მსოფლიო განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე (2016 _ 2030) და წონასწორობაში მოიყვანოს სამი განზომილება _ გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სფეროები.

ეს მიზნებია:

მიზანი 1. სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა – შემუშავდეს ეფექტიანი სოციალური დაცვის პროგრამები. ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო პროგრამებზე;

მიზანი 2. შიმშილის აღმოფხვრა – ყველას ჰქონდეს უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს;

მიზანი 3. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – ყველას ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ვაქცინები, ხოლო მშობიარობა გახდეს უსაფრთხო, შემცირდეს ჩვილი და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა;

მიზანი 4. ხარისხიანი განათლება – აღმოიფხვრას უთანასწორობა საგანმანათლებლო სისტემაში, შეიქმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემო სკოლებში, გაიზარდოს კვალიფიციური მასწავლებლების რაოდენობა;

მიზანი 5. გენდერული თანასწოროება – ქალებსა და გოგონებს ჰქონდეთ ისეთივე შესაძლებლობები, როგორც მამაკაცებსა და ბიჭებს. დასრულდეს ქალებისა და გოგონების მიმართ ყველა სახის ძალადობა და დისკრიმინაცია, აღმოიფხვრას მავნე პრაქტიკები და ტრადიციები რომლებიც ხელს უშლიან გოგონების განვითარებას;

მიზანი 6. სუფთა წყალი და სანიტარია – ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარული ნორმები, ხშირად მოწმდებოდეს წყლის ხარისხი დაბინძურების შესამცირებლად, მოსახლეობა იყოს მუდმივად ინფორმირებული ჰიგიენის საკითხებზე, ასევე დაცული უნდა იყოს წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები (მთები, ტყეები, მდინარეები და სხვ.).

მიზანი 7. ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია – საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, მოვიხმაროთ მეტი განახლებადი ენერგია, გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგიები;

მიზანი 8. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – ყველას ჰქონდეს ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო, მათ შორის ქალებს, ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მნიშვნელოვანია შემცირდეს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არ მუშაობენ, არ სწავლობენ და არ გადიან პროფესიულ მომზადებას, ასევე, დასრულდეს იძულებითი და ბავშვთა შრომა;

მიზანი 9. მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – შეიქმნას მდგრადი ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ხელი უნდა შევუწყოთ ინოვაციების ფართოდ დანერგვასა და გავრცელებას, ამასთან, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი და ახალი ტექნოლოგიები;

მიზანი 10. შემცირებული უთანასწორობა – შემცირდეს ყველა ფორმის უთანასწორობა, ეკონომიკურად გაძლიერდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები, გაიზარდოს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე;

მიზანი 11. მდგრადი ქალაქები და დასახლებები – ყველას ჰქონდეს უსაფრთხო და ხარისხიანი საცხოვრისი და აუცილებელ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, გაიზარდოს მზაობა სტიქიური უბედურებების მიმართ, შემუშავდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა;

მიზანი 12. მდგრადი მოხმარება და წარმოება – გაიზარდოს ნარჩენების ეფექტიანი გამოყენება, აიკრძალოს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, მოსახლეობამ იცოდეს ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება;

მიზანი 13. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები – კლიმატის ცვლილებებისა და მისი ზეგავლენის შესამცირებლად გატარდეს გადაუდებელი ზომები, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ეროვნული პოლიტიკის დონეზე არსებულ სტრატეგიებსა და გეგმებში;

მიზანი 14. ოკეანისა და ზღვის რესურსი – შემცირდეს ზღვისა და ოკეანეების დაბინძურება, აღმოიფხვრას უკანონო თევზჭერა, გამოვიყენოთ ოკეანისა და ზღვის რესურსები მდგრადი განვითარებისთვის;

მიზანი 15. დედამიწის ეკოსისტემები – დავიცვათ დედამიწის ეკოსისტემები და შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, დავიცვათ გადაშენების პირას მყოფი სახეობები, შევამციროთ ხეების მოჭრა და დავრგოთ დამატებით ახალიც;

მიზანი 16. მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები – აღმოიფხვრას ძალადობის ყველა ფორმა, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მართლმსაჯულება და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, შეიქმნას ეფექტური ინსტიტუტები და გაიზარდოს ხალხის ნდობა მათდამი;

მიზანი 17. პარტნიორობა მიზნების მისაღწევად – ქვეყნებმა შესაბამისი რესურსების გამოყენებით მიაღწიონ მდგრადი განვითარების 17 მიზანს. მიზნები გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის სტრატეგიებსა და გეგმებში. ამასთან, გააუმჯობესონ სტატისტიკური აღრიცხვის სისტემები, რათა შეძლონ გლობალური მიზნების განხორციელების პროგრესის შეფასება.

დასკვნა

დასახული მიზნები ერთმნიშვნელოვნად კეთილშობილური და გონივრულია, მაგრამ იგი არ უნდა დარჩეს მხოლოდ სურვილებად. საჭიროა გლობალიზაციის არსებული ნეოლიბერალური მოდელის შეცვლა, რომელიც შთანთქავს განვითარების ბუნებრივ-ეკოლოგიურ პირობებს და მდიდარ უმცირესობასა და ღარიბ უმრავლესობას შორის უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 20 ყველაზე მდიდარი ქვეყნის საშუალო სულადობრივი შემოსავალი 37-ჯერ აღემატება 20 ყველაზე ღარიბი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც 2-ჯერ მეტია იმ თანაფარდობასთან შედარებით, რომელიც 1970 წელს იყო. ეს მაშინ, როცა სწორედ 70-ან წლებში გაერომ 2000 წლისთვის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გარღვევის 12:1-დან 7:1-მდე შემცირება დაისახა.

როგორც ვხედავთ, არსებული დიდი უთანასწორობა, ერთი მხრივ, მატერიალური სიმდიდრის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და სხვა სიკეთეების მქონე განვითარებულ რეგიონებსა და, მეორე მხრივ, ამ სიკეთეების ნაკლებად ან საერთოდ არმქონე, მაგრამ მოსახლეობის სწრაფი ტემპებით ზრდად რეგიონებს შორის, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კვლავ შენარჩუნდება. სამწუხაროდ, დედამიწის ერთ ნაწილში მოსალოდნელი დემოგრაფიული, ხოლო მეორეში – მძლავრი ტექნოლოგიური აფეთქება, სტაბილური მსოფლიო წესრიგის დამყარების თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება.

გამოსავალი ერთადერთია: მხოლოდ ისეთი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, რომელიც პოსტინდუსტრიული წარმოების ახალი მეთოდებით უზრუნველყოფს შრომის ნაყოფიერების ზრდას (მშპ-ის მოცულობის მატებას ერთ დასაქმებულზე გაანგარიშებით) და პირველადი (ბუნებრივი) რესურსების მოხმარების აბსოლუტურ შემცირებას, ასევე ბუნებაში მავნე ნივთიერებათა გავრცელების შესამჩნევ კლებას.

ამიტომ, პროგრესული საზოგადოების აზრით, 21-ე საუკუნის საყოველთაო ტექნოლოგიური პროგრესი სამი მიმართულებით უნდა წარიმართოს:

1.ჰუმანიზაციის ანუ ისეთი ინოვაციების დანერგვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, განათლების საერთო დონის ამაღლებას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გამდიდრებას;

2. ეკოლოგიზაციის ანუ პრინციპულად ახალი, უნარჩენო ტექნოლოგიებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების მიგნებითა და ათვისებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებასა და გააუმჯობესებს გარემომცველ გარემოს;

3. გლობალიზაციის ანუ ყველა ქვეყანასა და რეგიონში მისი გავრცელებით (დიფუზიით), რაც ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ უთანასწორობას შეამცირებას.

შეჯამების სახით კი შეიძლება ითქვას, რომ მოდერნიზაციის მთავარი მოვლენები უნდა მოხდეს არა ქარხნებსა და ფაბრიკებში, არა ბირჟებსა და ბანკებში, არა მედიცინასა და ატომურ ფიზიკაში, არა პარლამენტებსა და პოლიტიკურ პარტიებში, არამედ თვით ადამიანთა აზროვნებაში.


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სმარტბლოგი ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge.


შენიშვნები და წყაროები:

[1] გერონტოლოგია. ბერძ. gerōn, gerontos „მოხუცი“ და logos „მოძღვრება“. მეცნიერება სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ.

[2] ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია მე-20 ს-ის 50-70-იან წლებში ჩრდილოეთ ზღვაში ჰოლანდიის კუთვნილი ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენასთან, რასაც ქვეყანაში მოჰყვა აირის ექსპორტის გადიდება. შედეგად, ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაძვირდა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა როგორც სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებებზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე. გარდა ამისა, რესურსების ფასი პერიოდულად განიცდის საგრძნობ მერყეობას, რაც ასევე უარყოფითად აისახება საგარეო ვაჭრობასთან მიმართებაში. მსგავსი ფაქტები ცნობილია მე-17  ს-ის დასაწყისში ჰოლანდიაში „ტიტომანიის“ სახელწოდებით (იმ დროს ტიტა ჰოლანდიელთა მაღალი საზოგადოებისადმი სტატუსის მიკუთვნების სიმბოლო იყო. ტიტა დიდი სპეკულაციური საქონელი გახდა, რამაც  ეკონომიკურად ერთ-ერთი განვითარებული ევროპული ქვეყანა კინაღამ გააკოტრა), ხოლო მე-20 ს-ის 70-80-ან წლებში _ საუდის არაბეთში, ნიგერიაში, მექსიკაში.

[3] საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთის მშპ-ს მოცულობა 2016 წელს შეადგენდა $1281 ტრილიონს (მე-12 პოზიცია), ხოლო იაპონიის _ $4939 ტრილიონს (მე-3 პოზიცია), ანუ 3.85-ჯერ მეტს, მაშინ, როდესაც რუსეთი მსოფლიო ბუნებრივი რესურსების, თითქმის, 1/3-ის მფლობელია, იაპონიას კი ისინი საერთოდ არ გააჩნია.