უკვდავი მუსიკა – ლეგენდის ხელწერა


ავტორი: გიორგი რატიშვილი; „სმარტარეა“.


ყველაფერი, ათწლეულების წინ, ერთ ჩვეულებრივ იტალიურ რადიოში იწყებოდა და მაშინ იქ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ გვერდით უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე, თავისი მრავლისმომცველი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამდა. შემდეგ ბევრი რამ იყო, 500-ზე მეტი ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართული კონცერტები, მრავალი ჯილდო თუ ნომინაცია, ბოლოს, 2016 წელს, ნანატრი ოსკარიც… მაგრამ აღიარებებზე მეტად დიდი ადამიანები იმით გამოირჩევიან, რომ ისინი სხვებს შთააგონებენ და მათზე მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ. ასეთი იყო მორიკონე… „დაახლოებით 12 წლის ასაკში პირველად ვესტუმრე ადგილობრივ კინოთეატრს და ფილმი „ერთხელ დასავლეთში“ ვიხილე“ – თავის მოგონებებში იხსენებს გერმანელი კომპოზიტორი ჰანს ზიმერი – „ფილმმა დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ მუსიკა იყო ის, რამაც სრულად დამატყვევა და დამაყენა ჩემი ცხოვრების გზაზე. მე გავიაზრე რისი კეთება მსურდა“.[1]

2020 წლის 6 ივლისს ენიო მორიკონე ქალაქ რომში, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა. კაცობრიობას კი მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა…

სწრაფვა მუსიკისკენ

1920-ანი წლების რომი… პარადოქსებით სავსე ქალაქი – ფაშიზმი ძალას იკრებს, მუსოლინი „მარშით“ შედის რომში, მაგრამ ამავდროულად ყვავის კულტურული ცხოვრება – იხსნება ახალ-ახალი რესტორნები, კლუბები და კაბარეები. თეატრები, მუსიკოსები, პოეტები და მოცეკვავეები ქუჩებში წარმოდგენებს მართავენ. ოკეანის გაღმიდან, ამერიკიდან, შემოდის ჯაზი, რომელიც კლასიკური მუსიკის ჰანგებით განებივრებული იტალიელი ახალგაზრდების გულებს იპყრობს. სწორედ ამ ეპოქაში, 1928 წელს, ლიბერა რიდოლფისა და მარიო მორიკონეს ოჯახში დაიბადა ენიო.

მამა პროფესიით მუსიკოსი იყო, საყვირზე უკრავდა. მეორე მსოფლიო ომის მძიმე პერიოდში ოჯახმა თავი ამით გადაირჩინა, იგი უკრავდა სხვადასხვა საესტრადო და საცეკვაო ჯგუფთან ერთად. პატარა ენიოც მამას სულ გვერდით დაჰყვებოდა, დიდი ინტერესი გამოიჩინა ჩასაბერი ინსტრუმენტის მიმართ, თავადაც მოინდომა დაკვრა და სწორედ მაშინ შედგა მისი პირველი კავშირი მუსიკასთან. მოგვიანებით, კომპოზიტორი აღნიშნავდა, რომ მის არჩევანზე „მამის გავლენა ფუნდამენტური იყო“.

მორიკონემ მალევე გააცნობიერა ლტოლვა მუსიკისადმი. შემდეგ კი იყო პირველი მასწავლებელი, გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორი, გოფრედო პეტრასი, რომელმაც მორიკონეს გონებაში აღუბეჭდა შემოქმედებითი ხელობისა და ფასეულობებისაკენ სწრაფვა.

1952 წელს რადიომ „იტალიელი აუდიენცია“ მორიკონე სამუშაოზე აიყვანა არანჟირების სპეციალისტად. მას მსმენელებისათვის სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციის თავისეული ინტერპრეტაცია უნდა შეეთავაზებინა. 1960 წელს ენიომ მუსიკის დაკვრა არატრადიცული გზით სცადა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი კარიერა. მორიკონეს შთაგონების წყარო გახდა ე.წ. musique concrète[2] (არა-ინსტრუმენტული ჩანაწერები) და ქუჩაში მოგორავე კონსერვის ქილის ხმის, დასარტყმელი ინსტრუმენტების რითმიკისა და ჯიანი მეხიას „II ბარატოლოს“ (Il Barattolo) არანჟირებას შეუდგა. ექსპერიმენტმა გაამართლა, კომპოზიტორი დიდ წარმატებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ავანგარდული კომპოზიტორის ჯონ ქეიჯის გავლენის ქვეშ მყოფი მორიკონე ამბობდა: „ მე ცნობილი ვარ ცხოვრებისეული ხმების ჩემს მუსიკასთან შერწყმით, მაგრამ ეს ყოველთვის ბუნებრივად ხდება, მსუბუქად და ის ადამიანებთან კავშირის დამყარებაში თავის როლს თამაშობს“.[3]


Ennio Morricone conductor

მეტი ადგილი კომპოზიციას

შემდეგ კი დაიწყო ფილმები, ჰოლივუდი და ამერიკა. ის, რის გამოც მორიკონე ყველაზე მეტად უყვარს ხალხს. თავად კომპოზიტორისთვის, რა გასაკვირია, რომ ყველაზე საყვარელი ფილმების კომპოზიციები უკავშირდება იტალიელ რეჟისორ სერჟიო ლეონეს, რომელთან ერთადაც ორი ათწლეული იმუშავა.

ლეონე და მორიკონე ჯერ კიდევ სკოლის წლებში შეხვდნენ ერთმანეთს. მათი თანამშრომლობა კი 1964 წელს დაიწყო ფილმში „ერთი მუჭა დოლარებისათვის“.

„ლეონე, სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით, მუსიკალური პარტიტურისგან მეტს მოითხოვდა და მას უფრო დიდ ადგილსაც უთმობდა ფილმებში“ – ამბობდა ენიო.

„სპაგეტი-ვესტერნი“ – ასე უწოდებდნენ მათ თანამშრომლობას, რომელმაც კინომუსიკის უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა: კოიოტების ხმაურისა და სტვენის ფონზე აჟღერებული ელექტრონული გიტარის სიმები ფილმში „კარგი, ცუდი და ბოროტი“, საუცხოო მელოდია თემაში „კაცი ჰარმონიკით“ ფილმიდან „ერთხელ დასავლეთში“ და რა თქმა უნდა, ელეგანტური დებორას თემა, სადღაც არიასა და ჰიმნს შორის, ფილმში „ერთხელ ამერიკაში“. მუსიკა, რომელზეც თაობები გაიზარდა და ყველამ, დიდმა თუ პატარამ, ძალიან შეიყვარა.



მორიკონეს ხელწერაა ხალხური საკრავების ხმები, ლირიკული მელოდიები, რომელთა საფუძველიც ტრადიციული იტალიური მუსიკა და ოპერა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში მორიკონე დიდ ვარსკვლავად იქცა, არასდროს დავიწყებია სამშობლო და სიცოცხლის ბოლომდე სულით იტალიელ კომპოზიტორად დარჩა.


Sergio Leone & Ennio Morricone

„ლეონე, სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით, მუსიკალური პარტიტურისგან მეტს მოითხოვდა და მას უფრო დიდ ადგილსაც უთმობდა“ – ამბობდა მორიკონე.


საინტერესო ფაქტია, მორიკონესთვის ოსკარის მომტანი მუსიკა ტარანტინოს ფილმიდან „საძულველი რვიანი“ თავდაპირველად დაიწერა ჯონ კარპენტერის ფილმისთვის 1982 წელს, თუმცა რეჟისორმა ის დაიწუნა ზედმეტი ორკესტრულობის გამო. წლების შემდეგ კი ამავე მუსიკის მოტივებზე დაწერილი კომპოზიცია მორიკონეს ნანატრ ოსკარს მოუტანს. ის მართლაც განსაკუთრებულია – იდუმალი და მისტიკური, დრამატული და ცოტა საშიშიც, რა თქმა უნდა აქაც „ფესვებმა“ თავისი გააკეთეს, ნაწარმოები 1930-40-იანი წლების იტალიური კრიმინალური ნოველების მიხედვით შექმნა კომპოზიტორმა.

თვითონ მორიკონე კი განსაკუთრებით მოხიბლული იყო საუნდტრეკით, რომელიც დაწერა ფილმისთვის „მისია“ (1986 წელი, რეჟ: რ.ჟოფე). „ალბათ ყველა სხვა მუსიკაზე მეტად, ეს კომპოზიცია წარმოაჩენს ჩემს სულიერებას და ტექნიკას“, ამბობდა იგი. ძნელია არ დაეთანხმო, ნამდვილად გენიალურია. ეს კომპოზიცია ოსკარზეც იყო წარდგენილი 1987 წელს და მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევდნენ, თუმცა ცოტა დააკლდა – მუსიკოს ჰერბი ჰენკოკთან დამარცხდა.



რევოლუცია დასავლეთში

მორიკონეს მუსიკა რევოლუციური იყო. მარტო ის რად ღირს, რომ მან ვესტერნში ელექტრო გიტარა შეიტანა. „ელექტრო გიტარის ვესტერნში გამოჩენის დიდებულება ის გახლავთ, რომ, რა თქმა უნდა, იმ სამყაროში არანაირი ელექტრო გიტარა არ არსებობდა, შესაბამისად, საქმე გვაქვს ანაქრონიზმთან“, – ამბობს ჰანს ზიმერი – „მაგრამ როგორღაც ენიომ შეძლო და ეს მოახერხა ისე, რომ ამის შესახებ პატარა ეჭვიც კი  არავის გასჩენია.“ მართლაც, ეს იმდენად ბუნებრივი და ჰარმონიულია, რომ ხალხს საკმაოდ გვიან გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ მოხვდა ელექტრო გიტარა ვესტერნის სამყაროში. მორიკონემ 60-იანი წლების სული გადაიტანა მეცხრამეტე საუკუნეში და ამით ზუსტად ასახა პერსონაჟების ხასიათი, შარმი და ცხოვრების სტილი.



ჰანს ზიმერი თავისი გმირის შესახებ საუბარს აგრძელებს კომპოზიციაზე „მათხოვრების მარში“ ფილმიდან „დინამიტი მუჭაში“ (A Fistful of Dynamite/ Duck, You Sucker/ Once Upon a Time in the Revolution, 1971). იგი ამბობს, რომ ნაწარმოები არის ნამდვილი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ორკესტრი და მისი ყველა მუსიკოსი – „ეს ნოტები არ დაიწერებოდა, ენიო რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული მისი და ორკესტრის თანამშრომლობის განსაკუთრებულობაში და მათ სითამამეში, რადგანაც მისი არც ერთი ნაწილი არ არის განკუთვნილი მშიშრებისათვის“. [4] კომპოზიცია იწყება ფაგოტზე დაკვრით, ალბათ, ყველაზე უხეში ხმა, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ და ეს შეგრძნება გრძლედება თითქმის ნაწარმოების ბოლომდე, რა დროსაც მთელი კომპოზიცია საოცრად სიმფონიური ხდება. ნაწარმოების შუაში კომპოზიტორი იყენებს საეკლესიო ორღანსაც, საბოლოოდ კი ერთი საკრავით დაწყებული მუსიკა ყველა ინსტრუმენტში ვითარდება.[5]


ჰანს ზიმერი 2019 წელს სიდნეიში (ავსტრალია) გამართულ კონცერტზე.


ეკრანს მიღმა

1964-80 წლებში ენიო მორიკონე იმპროვიზაციული მუსიკალური კოლექტივის,  Gruppo di Improvvisazione Nuova Consonanza, წევრი იყო. ჯგუფმა იტალიაში დიდი პოპულარობა და აღტაცება გამოიწვია. მათ შემოქმედებაზე ძირითადად გავლენა იქონიეს თანამედროვე პოპულარულმა მუსიკამ და ისეთმა ავანგარდისტულმა კომპოზიტორებმა, როგორებიც იყვნენ ქეიჯი, კარლჰაინცი, პიერ ბულე და ლა მონტე იანგი. ჯგუფი ხშირად უკრავდა მორიკონეს ნაწარმოებებს და პირიქითაც, თავად ენიოც ხშირად იყენებდა თავის კოლეგებთან ერთად შექმნილ მოტივებს საკუთარი მუსიკისათვის.


Gruppo di Improvvisazione Nuova Consonanza - Wikipedia

Gruppo di Improvvisazione Nuova Consonanza; მორიკონე მარჯვნიდან მესამე. ფოტო: ვიკიპედია.


მორიკონეს ასევე შექმნილი აქვს 100-მდე ნაწარმოები საკონცერტოდ. 2002 წელს მან დაწერა კომპოზიცია „სიჩუმის ხმები“, რომელიც 11 სექტემბრის აშშ-ს ტრაგედიას ეძღვნებოდა. იგი გატაცებული იყო საეკლესიო მუსიკით. 2014 წელს, იეზუიტთა ორდენის 200-წლისთავთან დაკავშირებით, მან დაწერა კიდევ ერთი გამორჩეული ნაწარმოები „პაპ ფრანცისკეს მესა“- „საეკლესიო მუსიკის ისტორია მთლიანად შევისწავლე კონსერვატორიაში, „მისიის“ საუნდტრეკი და ჩემი კომპოზიციებისთვის დამახასიათებელი ნაცნობი ჰანგები ამ მუსიკაში ერთმანეთს შეერწყა“ – ამბობდა იგი.[6]

და ბოლოს…

ორი წლის წინ, 2018 წელს, მორიკონე საქართველოსაც ესტუმრა და „ბლექ სი არენაზე“ გამართული ჯადოსნური კონცერტით დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მსმენელს.

მორიკონემ, მეუღლე მარიასა და ოთხ შვილთან ერთად, დიდი და მდიდარი ცხოვრების ბოლო წლები მშობლიურ და საყვარელ იტალიაში გაატარა. იტალიელის წარმატების მთავარი საიდუმლო გახლდათ დაუღალავი შრომა, ეთიკა და ვნება თავისი საქმისადმი. სწორედ ამ ჩამოთვლილი თვისებების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ მორიკონეს ნაწარმოებების მოსმენით ვტკბებით. დაწყებული პოპულარული მუსიკით, გაგრძელებული იმპროვიზაციებითა და ფილმების კომპოზიციებით, რომელთა გარეშეც, ალბათ, არც ერთი ეს კინოსურათი არ წარმოგვიდგენია და დამთავრებული საკონცერტო კლასიკით, მისი შემოქმედება თავისუფლების გრძნობის დიდებული გამოძახილია.

თვითონ საკუთარ შემოქმედებას ასე აფასებდა: „მინდა ვიფიქრო, რომ მუსიკის ისტორიაში ჩემი პატარა ძაფი გავაბი, ეს იქნებოდა დიდი აღიარება“.[7]

უკვდავი მუსიკა იტალიელი კომპოზიტორის საუკეთესო ხელწერაა…

დიდი მადლობა, მაესტრო!



შენიშვნები და წყაროები:

სტატია მომზადებულია:

ჟურნალში the conversation გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – https://theconversation.com/vale-ennio-morricone-a-master-composer-with-breathtaking-musical-range-142082

ჰანს ზიმერის ჩანახატის მიხედვით –https://www.gramophone.co.uk/features/article/ennio-morricone-my-inspiration-by-hans-zimmer

Jazz age club – რომი მარადიული ქალაქი 1920-იან წლებში

[1] Hans Zimmer: I was about 12 when I snuck into the local cinema and saw Once Upon a Time in the West (1968). Not only was the film an overwhelming experience but the music completely got me and set me on my path and I knew what I wanted to do. – https://www.gramophone.co.uk/features/article/ennio-morricone-my-inspiration-by-hans-zimmer

[2] წაიკითხეთ მეტი „musique concrète“-ის შესახებ – https://www.musicradar.com/news/everything-you-need-to-know-about-musique-concrete

[3]„ I am known for incorporating real-world sounds into my music, but it is always a natural inclusion that I use when it works easily and plays a role in connecting to people.

[4] First of all, those notes wouldn’t have been written if Ennio hadn’t known that the collaboration between him and his musicians was going to be extraordinary, because none of the parts in there are for timid players. – Hans Zimmer

[5] https://www.gramophone.co.uk/features/article/ennio-morricone-my-inspiration-by-hans-zimmer

[6] “ll the history of church music I studied at the Conservatorio, the soundtrack from The Mission and my own recognisable blending of sounds came together in this piece”

[7] „I would like to think that I have my own thread in the history of music, some sort of acceptance“