სპორტის გავლენა საზოგადოებაზე


ავტორი: ნოდარ მარგველაშვილი.


ძალიან მიყვარს სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, რომ მასზე „უკიდეგანოდ“ შეყვარებული ვარ. მეტიც, პატარა ასაკიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი მომავალი როგორმე ფეხბურთთან დამეკავშირებინა, თუმცა მაშინვე ვხდებოდი, რომ პროფესიონალურად ფეხბურთს არ უნდა გავყოლოდი (მაინც და მაინც დიდი ნიჭირებით ვერ დავიკვეხნიდი). ამიტომ, მიზნად დავისახე სხვა გზით გავმხდარიყავი ამ დიდი სპორტული „ოჯახის“ წევრი. საბედნიეროდ, ბევრი წლის მერე, ამ მიზნისა და მისწრაფების პატარა ნაწილი ამიხდა და 2020 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგი ჩემი ოცნების ასრულებისაკენ – შესაძლებლობა მომეცაა მემუშავა მსოფლიოს ორ უდიდეს სპორტულ ორგანიზაციაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ქალაქ ლოზანაში და ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში (უეფა), ქალაქ ნიონში. მომავალში, თუ საშუალება იქნება, აუცილებლად ვეცდები საინტერესოდ გადმოვცე ჩემი პატარა ისტორია ამ ორ დაუვიწყარ და გასაოცარ გამოცდილებაზე. დღეს კი ბლოგში მინდა ვისაუბრო ზოგადად სპორტის მნიშვნელობასა და ვაჩვენო რაოდენ დიდი გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე.

სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია  მაყურებლისათვის, არამედ სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ამავდროულად გასაოცარი და უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პოზიტიური  გავლენა აქვს ადამიანებზე. აი თუნდაც, ის რად ღირს, რომ ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი დღეს დიდ ბიზნესად გადაიქცა და იხარჯება უზარმაზარი თანხები, ზოგიერთი გულშემატკივარი კი ფიქრობს, რომ მისი დადებითი ეფექტები იკარგება, სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. საზოგადოებისთვის სპორტი ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ის ადამიანის უფლებად აღიარა: „სპორტი და სპორტის თამაში არის ადამიანის უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და მიღებული მთელ მსოფლიოში; სპორტი სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება, როგორც დაბალ ხარჯიანი და ეფექტური ინსტრუმენტი ჰუმანიტარიზმში, ადამიანის პირადი განვითარებისა და მშვიდობის დამყარებისთვის“.[1]  


სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია  მაყურებლისათვის“.


პროფესიონალური სპორტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კუთხით. ის არის ერთ-ერთი იმ უშვიათესი დარგებიდან, რომელიც ლახავს ყველა სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ბარიერს, აქვს გაერთიანების შესანიშნავი უნარი, რაც მას კომუნიკაციის მძლავრ და უნივერსალურ საშუალებად აქცევს. განსაკუთრებით დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და ტელევიზიის ეპოქაში, როდესაც სპორტის პოპულარობამ, მისმა ყურებადობამ უდიდესი მასშტაბები მიიღო – მსოფლიო სპორტისთვის თვალყურის მიდევნება ნებისმიერ ქვეყანასა თუ კუთხეში გახდა ადვილად შესაძლებელი. საინტერესოა, რომ გაერო სპორტს განიხილავს არამხოლოდ ადამიანის უფლებად, არამედ უნიკალურ კონცეფციად, რომელიც აერთიანებს ადამიანის ბევრ ფუნდამენტურ პრინციპს: „სპორტს აქვს უნიკალური ძალა მოიზიდოს, გააერთიანოს და შთააგონოს ადამიანები. იგი მოიცავს გაეროს წესდებაში შემავალ პრინციპებს ადამიანის ღირებულებების შესახებ, როგორებიცაა მოწინააღმდეგის პატივისცემა, სავალდებულო წესების დაცვა, გუნდური მუშაობა და სამართლიანობა”.[2]

დღევანდელი ბლოგისთვის რა თემაც არ უნდა ამერჩია, ალბათ, სპორტის საერთო მნიშვნელობაზე, მის ზოგად გავლენაზე მაინც გავამახვილებდი ყურადღებას. ვეცდებოდი გადმომეცა მოკრძალებულად, ჩემი სიტყვებით, ის  უდიდესი და მონოლითური ძალა, რაც მას გააჩნია. როდესაც იდეებსა და სიტყვებს თავში ვალაგებდი, პარალელურად თვალყურს ვადევნებდი კორონავირუსის გამო ჯერ შეწყვეტილ და შემდეგ ერთადერთ განახლებულ საფეხბურთო ჩემპიონატს გერმანიის „ბუნდესლიგას“. ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები აქტიურად გამოეხმაურნენ აშშ-ში მომხდარ ჯორჯ ფლოიდის ტრაგედიას და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო სპორტი რომ არ გაჩერებულიყო, ამ მოვლენას უფრო დიდი გაშუქება და გამოხმაურება მოჰყვებოდა, როგორც სხვადასხვა მმართველი ორგანიზაციისგან, ასევე დამოუკიდებლად სპორტული კლუბებისა და მოთამაშეებისგან. კონკრეტულად ამ ამბავმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სპორტითა და ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვებრძოლოთ ხელოვნურად შექმნილ უდიდეს სენს: რასიზმსა და დისკრიმინაციას. 

მეოცე საუკუნის ბოლოს იმატა სპორტული ორგანიზაციების, კლუბებისა და სპორტული ერთეულების ჩართულობამ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში. რა არის სპორტული სოციალური პასუხისმგებლობა? პირადად ჩემთვის, ის არის ზუსტად იმ მთავარი დადებითი და ჯანსაღი გავლენების ერთობლიობა, რაც სპორტს გააჩნია. მაგალითისთვის, როგორც ფეხბურთის მოყვარული, გავიხსენებ უეფას #EqualGame-ის კამპანიას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თანასწორობის ხედვას, რომლის თანახმადაც ყველამ უნდა შეძლოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება განურჩევლად ვინ არის, საიდან მოდის ან როგორ თამაშობს თამაშს. კამპანია #NoToRacism, რომელიც რასიზმის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აღმოფხვრის კამპანიაა, ბოლო წლების განმავლობაში უეფას უმთავრესს პრიორიტეტად იქცა. უეფა თავის ყველა პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ ხალხს გაუგზავნოს საკვანძო და ნათელი შეტყობინება: არა რასიზმს. უეფაში, აგრეთვე, არის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #Respect, რომლის მთავარი მიზანია, ერთად, ძალების გაერთიანებით ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ადამიანებმა პატივი ვცეთ ნებისმიერი  სქესის, რასის, რელიგიისა და შესაძლებლობების მქონე პირვონებას. გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემასკენ. ეს არის ძალიან მცირე, ერთეული ჩამონათვალი იმ სოციალური პასუხისმგლობელობის კამპანიებისა თუ გზავნილებისა, რომლებიც არსებობს დღევანდელ სპორტში. მაგრამ ეს არის ის უდიდესი შეტყობინებები, რომლებიც იზიარებენ გაეროს ქარტიაში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ფუნდამენატულ პრინციპებს.


უეფა რასიზმის წინააღმდეგ

ოლიმპიური თამაშები, სპორტის ყველაზე დიდი მოვლენა და ზეიმი, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია. ის ხომ კაცობრიობის ერთიანობის დღესასწაულია, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამას საკუთარ დნმ-ად მიიჩნევს და ყოველთვის ხაზს უსვამს ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელის პიერ დე კუბერტენის მთავარ იდეას: „ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა”.[3] ეს ძლიერი გზავნილი ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს და ის ასახულია კომიტეტის ქარტიაშიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში, კუბერტინს ჰქონდა ურყევი რწმენა სპორტის შესაძლებლობებში, რომ ის აძლიერებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებას. [4]

სპორტის ამ გზავნილებმა და დიდმა გავლენებმა შეძლო, რომ ბევრი გამოწვევა დაეამარცხებინა, როგორც მინიმუმ შეასუსტა მაინც. დღეს ალბათ ყველა სპორტის სახეობა, მათი მმართველი ორგანიზაციები, მონაწიელე სპორტსმენები და გულშემტაკივრები იზიარებენ ამ სოციალური პასუხსიმგებლობების კამპანიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი შესუსტება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მომავალი თაობები უნდა ეცნობოდნენ სპორტის არა მხოლოდ გართობისა თუ ჯანმრთელობის მხარეებს, არამედ სხვა საზოგადოებისთვის მომტან სიკეთეებსაც. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, როდესაც უკვე მცირეწლოვნების საფეხბურთო ტურნირებზეც კი ეს მესიჯები არის დატანილი და ისინი ყველგან ფეხბურთის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.


„ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა” – ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელი პიერ დე კუბერტენი.[3]


ამ წერილით ვეცადე გადმომეცა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების მცირე ნაწილზე და იმ ძალაზე, რაც სპორტს აქვს. მის უნარზე  განავითაროს და გააძლიეროს ადამიანებს შორის სამართლიანობის გრძნობა და ურთიერთპატივისცემა. ამ ბლოგს დავამთავრებდი ერთი ფრაზით, რომელიც ძალიან მომეწონა სტატიაში ”სპორტი თანამედროვე ეთნიკურ საზოგადოებაში: სპორტის ინფორმაციული წვლილი” : „სპორტს აქვს სიმტკიცის, „ანტიდოტის“, მკურნალისა და თილისმის როლი საზოგადეობის სასიცოცხლო კეთილდღეობის შენაჩუნებასა და გამყარებაში“. [5]

2020 წლის ივნისი, ჟენევა.



წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა:

[1] "Sport and play are human rights that must be respected and enforced worldwide; sport has been increasingly recognized and used as a low-cost and high-impact tool in humanitarian, development and peace-building efforts"- https://en.unesco.org/events/international-day-sport-development-and-peace

[2] “Sport has a unique power to attract, mobilize and inspire. By its very nature, sport is about participation, about inclusion and citizenship. It stands for human values such as respect for the opponent, acceptance of binding rules, teamwork and fairness, all of which are principles also contained in the Charter of the United Nations.“

[3] https://www.olympic.org/news/resolution-of-the-ioc-executive-board-with-regard-to-racism-and-inclusion

[4] "Throughout his life, Coubertin had an unshakable faith in the ability of sport to transform relationships between people and nurture friendships through contact and interaction". https://www.olympic.org/pierre-de-coubertin/peace-through-sport.

[5] ხეტმალიზი, დოქტორი მაჰეს სავატა და სხვ. ”სპორტი თანამედროვე ეთნიკურ საზოგადოებაში: სპორტის ინფორმაციული წვლილი”.  IOSR ჟურნალი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ჟურნალი, (IOSR-JSPE) 5.4 (2018): 27-33. http://www.iosrjournals.org/iosr-jspe/papers/Vol-5Issue4/Version-1/F05042733.pdf

LSU ონლაინ სტატია (2016 წლის 09 სექტემბერი) - ”რა არის სპორტის როლი საზოგადოებაში”? - www.lsuonline.lsu.edu/articles/sportmanagement/what-is-the-role-of-sports-in-society.aspx

ნიკფური, ნოელი. ”სპორტის გავლენა საზოგადოებაში უდიდესია”. SUN, 2018 წლის 9 ოქტომბერი - www.sun-sentinel.com/news/fl-xpm-2011-10-02-fl-nncol-sports-oped1002-20111002-story.html.

”გაერთიანებული ერების ქარტია”. გაერო, გაერო - www.un.org/en/charter-united-nations/.

UEFA.com. ”სოციალური პასუხისმგებლობა: უეფას შიგნით”. UEFA.com - www.uefa.com/insideuefa/social- responsibility/.