„ფოტოგრაფის პორტრეტის ქრონიკები“


ავტორი: თამარ სულამანიძე (Pilots Pilotebi), კინორეჟისორი, პუბლიცისტი.


დღეს, როდესაც გოგი ცაგარელი უკვე წასულ კლასიკოსთა რიგებს შეუერთდა, დაიწერა მრავალი გულუხვი სტატია, მოგონება, განმეორდა კიდეც ძველი წერილები და თითქოს ამით ყველაფერი ამომწურავად ითქვა… „გოგიზე ხომ ყველაფერი დაიწერა, რაღა დარჩა სათქმელიო“ – მკითხა გოგის მეუღლემ, რომელმაც ტკივილის უბრად, დუმილით გამოხატვა არჩია, რადგან მეუღლეზე საუბარი უმძიმდა. პასუხის ძიებაში გავიხსენე ცაგარელის ძველი აუდიო ჩანაწერები (ინტერვიუ), რომელიც იური მეჩითოვთან ერთად ჩავწერეთ წლების წინ (2009 წ.)  წიგნის გამოცემისათვის „ქართული ფოტოგრაფია“. შემდეგ კი წასული ფოტოგრაფის მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს მივმართე და მათთან საუბარში გავიაზრე თუ რა ფასეულობას წარმოადგენდა გოგი ცაგარელის დანატოვარი ჩვენი ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვის. მაგრამ მთავარი გააზრება წინ მელოდა – თავად გოგის ხმა და ქრონიკები მისივე სოციალური ქსელის კედელზე, რომელიც წლებთან ერთად ისტორიის ფურცლებად, ცოცხალ არქივად იქცა… ეს არქივი ყოველდღიური ჩანაწერებით ივსებოდა და ავტორის საჯარო დღიურებად შემორჩა საქართველოს. ამ საქმეს გოგი ცაგარელი სრული სერიოზულობით უდგებოდა, როგორც მატიანეს და არა მხოლოდ, რადგან ორატორული ნიჭის გარდა წერაც შესანიშნავად გამოსდიოდა. ხშირია აქ გოგის პირადი ისტორიები, ანეგდოტებიც, მამარდაშვილის ციტატები, ილფი და პეტროვი თუ ბლიუზები, სადაც ნოტებშიც ფოტოგრაფიას პოულობდა დიდი ფოტოგრაფი. ყოველივე კი იწერებოდა გოგისეულ სტილში – მხატვრულად, ინგლისური იუმორით და უშეცდომოდ.


„Зачем петь и играть, если ты никогда не сможешь спеть и сыграть так, как это делает Б.Б.Кинг и Эрик Клаптон? Зачем снимать, если ты никогда не снимешь так, как Картье-Брессон или Капа, или другие великие?“ (30.03.2020)


ამ ჩანაწერებიდან ერთი სრული პუბლიცისტურ-ისტორიული წიგნი აიკინძებოდა ქრონოლოგიურად დასურათებული ფოტოებითა და ავტორის შეფასებებით. ამიტომ შევუდექი გოგის დანატოვარის შესწავლას, რადგან ასე უკეთ შევძლებდი გოგის გაგებასა და მისი პორტრეტის კიდევ ერთხელ აღდგენას ჩემს მეხსიერებაში.

დავიწყოთ ბავშვობით:

პატარა გოგი ცაგარელი გამორჩეულ ოჯახში გაიზარდა, ლამაზი ადამიანების გარემოცვაში, დახვეწილი გარეგნობის სამხედრო მფრინავი მამა, იშვიათი სილამაზის მქონე ოსი დედა, რომელიც „ორჯონიკიძედან“ იყო და გოგიზე რვა წლით უფროსი საოცარი და ლალა, რომელიც ძიძასავით იღებდა გოგის გაზრდაში მონაწილეობას. თავად პატარა გოგის მომხიბვლელი გარეგნობაც ბავშვობიდანვე ტოვებდა კვალს გარემოცვაზე, რაც ყველა მისი ბავშვობის ფოტოდან ნათლად იგრძნობა.

გოგი ცაგარელის მამა
გოგის სამხედრო მფრინავი მამა

გოგის მამა სამხედრო მფრინავი იყო და ამას ხშირად იმეორებდა, რადგან მუდამ საამაყო იყო ფოტოგრაფისთვის: „მამამ “გლაიდერის” სკოლაში ფრენა 30-იან წლებში დაიწყო. მათ თვითონ ააშენეს ეს საფრენი აპარატი და წარმოიდგინეთ, რომ მართლა დაფრინავდა“. მფრინავის პროფესიაზე თავადაც კი ოცნებობდა ადრეულ წლებში, მაგრამ ფოტოგრაფი გახდა, არასოდეს ნანობდა ამას. 1941 წელს გოგის მამა „სამამულო ომში“ გაიწვიეს მფრინავად.


„1941 г. Мои родители решили сфотографироваться перед тем, как отец улетел на фронт.“ 


მშობლებმა ბავშვებს რუსულენოვანი განათლება მისცეს, ამიტომ რუსული ენა სიცოცხლის ბოლომდე გოგის ძირითადი საურთიერთო მედიუმი გახდა, მიუხედავად ქართული ენის ცოდნისა, რომელიც „შეუფერებელი აქცენტის გამო“ თავდაჯერებას აცლიდა ფოტოგრაფს. გოგის ყველა ჩანაწერიც რუსულენოვანია, ამიტომ ზოგი ჩანაწერი პირდაპირ გადმომაქვს ტექსტში თარგმანის გარეშე.


„Терпеть не мог эту форму и школу, и учителей, и уроки, а особенно домашние задания.“.


პატარა გოგის ასე ახასიათებს ნატიფი გარეგნობის და ლალა: „მეტად რბილი ხასიათის ბავშვი იყო, სხვათაშორის არასოდეს ყოფილა ხუთოსანი, ხშირად ზარმაციც იყო, მაგრამ საოცარი მოსაუბრე იყო, სასწაული მეხსიერება ქონდა, თარიღები და გვარები საბავშვო ბაღიდან ახსოვდა. იყო უზომოდ მოსიყვარულე და თბილი, ამიტომ მეტად უყვარდათ სკოლაში მასწავლებლებსა და კლასელებს“. სიზარმაცეს არ უარყოფს თავად გოგიც: „ატანა არ მქონდა არც ფორმის, არც სკოლის, არც მასწავლებლების და რა თქმა უნდა არც გაკვეთილების, განსაკუთრებით კი საშინაო დავალებების“.

მეგობრობას კი გოგი მართლა უდიდეს ადგილს უთმობდა და ამისათვის დროს ყოველთვის პოულობდა, რის გამოც განურჩევლად უყვარდა ყველას. წლების მანძილზე მეგობრობდა ფიზიკის მასწავლებელთან, რომელიც 90-იან წლებში ისრაელში ემიგრირდა. საკმაოდ დიდი სამეგობრო ჰყავდა, არ ტოვებდა უყურადღებოდ  შეკრებებს და ყველას მოფერებას ასწრებდა.

ფოტოგრაფია:

სკოლის დამთავრებას მოჰყვა ჯარი, სადაც ახალბედა გოგის სიტყვებით „ყაზარმული ცხოვრების სასოწარკვეთის სიღრმე“ განიზიდავდა. ჯარის თემაზე გოგის მოგვიანებით ვრცელი ფოტო-რეპორტაჟი ელოდა, ხოლო ჯარში ყოფნის ამბავს მუქ ფერებში ხატავდა:


ჯარის ფოტო

 „Глубина отчаяния, когда ты первый раз попадаешь в казарму, в которой тебе предстоит жить следующие два года твоей жизни, сравнима только с глубиной счастья, когда ты, через эти два года, выходишь из ворот части, зная, что больше сюда никогда не вернёшься“.


ჯარის დამლევს გოგის ელოდა ინსტიტუტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტი და პროფესიით მიღებული „სამსახური“, შემდეგ კი მთავარი – ოჯახი და მხოლოდ ამის შემდეგ იყო „ნამდვილი სიცოცხლე“ – ფოტოგრაფია. „თქვენ წარმოიდგინეთ არ მახსოვს, რამე მიდრეკილება ჰქონოდა შემოქმედებისაკენ. მისი ნიჭი გვიან გამოვლინდა, 30 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ინჟინერ-მშენებელმა გოგიმ გამოგვიცხადა, რომ პროფესიას იცვლიდა. მშობლებს ეს ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ მხარი მაინც დაუჭირეს, რადგან გოგი ძალიან შეუპოვარი და პრინციპული იყო, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება აღარასოდეს შეუცვლია“ – აგრძელებს ლალა.

გოგი ცაგარელის და ლალა (ქეთევან ცაგარელი)

თავად გოგის თქმით, ის უკვე 26 წლიდან იღებდა ფოტოებს ძველი საბჭოთა აპარატით, გადაწყვეტილება კი მოგვიანებით მოვიდა, როდესაც გაჩნდა პირველი შვილი – ირაკლი. თავად გოგი ამას ერთ სურათში აჯამებს:


„ეს არის ჩემი მეუღლისა და შვილის სურათი, რომელიც 1982 წელს გადავიღე და რაც ჩემთვის აღმოჩენა გახდა. ამ სურათით დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ბარათები საოჯახო ალბომისთვის. ჯერ ბუნდოვნად მივხვდი ამას, შემდეგ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი და ასე, ცხოვრებამ ახალი მიმართულება მომცა და ეს იყო ნამდვილი ცხოვრება“.

ასე დაიწყო გოგის „ნამდვილი ცხოვრება“ … .


80-იანი წლები:

80-იანი წლებიდან ფოტოგრაფიამ ის სივრცე და დრო მთლიანად შეავსო გოგის ცხოვრებაში, რაც მას ოჯახმა დაუტოვა. ჯერ იყო გაზეთებთან თანაარსებობა, შემდეგ „საქინფორმის ფოტოქრონიკა“ (1986 წელს), რომელიც გოგიმ ერთ წელიწადში დატოვა, დროებით. ახალბედა ფოტოგრაფი ამ ფოტოში ასე აღიქვამს საკუთარ პერსონას:


 „Я крайне редко выставляю свою физиономию, но эта фотография занимательна тем, что здесь я только-только начал фотографировать. Кепка, которую подарил мне зять, часы подаренные женой в свадебном путешествии, плащ, который я любил и этот уродливый советский кофр говорят о том, что снимали меня где-то в 83 - 84 годах“.


საქინფორმში გატარებულ წელიწადს მოჰყვა «Молодежь Грузии» და საკმაოდ პრესტიჟული და შედარებითი ლიბერალური საინფორმაციო სააგენტო АПН (ახალი ამბების სააგენტო), რომელიც უცხოეთისათვის გამოცემულ საბჭოთა ჟურნალებს ამარაგებდა ფოტომასალით. პარალელურად იქმნებოდა პირადი კოლექციები და მზადდებოდა ისინი საგამოფენოდ. საგამოფენო ცხოვრებას კი მოჰყვა ახალი ადამიანები.

„გოგი 1981 წელს, მერანის საგამოფენო დარბაზში გავიცანი, მაშინ საქინფორმის ქრონიკის ფოტორეპორტიორი ვიყავი და დამავალეს, რომ გამეკეთებინა რეპორტაჟი გამოფენაზე. გოგი საქინფორმში ხომ მოგვიანებით მოვიდა. მაშინვე შევნიშნე მისი განხვავებული ხედვა, არასტანდარტული იმ დროისათვის – უფრო მეტად მხატვრული იყო, ვიდრე მხოლოდ დოკუმენტური ფოტო. აქ იყო უფრო თავისუფალი ხედვა და დამოკიდებულება სინამდვილისადმი, წესების და კანონების გარეშე, რომელთაც შეჩვეულები ვიყავით საქინფორმის ფოტოქრონიკელები, სადაც დაწესებული იყო გარკვეული სტანდარტები. გოგის ფოტოებში კი აქცენტი იყო ადამიანზე, როგორც კონკრეტული კადრის გმირზე“ – საუბრობს გოგიზე ფოტორეპორტიორი ვლადიმერ ვალიშვილი, რომელიც მოგვიანებით გოგის თანამებრძოლი გახდა.

„ჩემთვის გოგი იყო „კლასიკოსი“, გავიცანი ჯერ კიდევ 1980-იანების დასაწყისში – „კლასიკოსში“ კი იგულისხმება გოგის გააზრებული მიდგომა სიუჟეტის და კომპოზიციის მიმართ, რადგან ის ყოველთვის ქმნიდა მეტყველ სურათებს უკვე დაარსებული ტრადიციების მიხედვით. მიყვებოდა კლასიკურ კვალს და თავადაც კლასიკა შექმნა“  – ამბობს იური მეჩითოვი. „გოგის ნამუშევრებში ცალსახად ჩანდა გოგის განსხვავებული ხედვა. როდესაც ფოტოგრაფია განსხვავებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი – ავტორია განსხვავებული“. ეს „განსხვავებულობა“ არც თუ იოლი მისაღწევი იყო მაშინ, რადგან ინფორმაცია და რესურსები ფოტოგრაფიაზე როგორიცაა ჟურნალები, წიგნები, პერიოდული გამოცემები მეტად მწირი იყო. „მიუხედავად ამისა გოგი მაინც ახერხებდა შეექმნა „დიდი ფოტოგრაფია“ დიდი ფოტოგრაფი კი ნიშნავს დიდ ადამიანს“ – ასე გულუხვად აფასებს გოგის მეჩითოვი.

ამ წლებში გაიცნო გოგიმ გურამ წიბახაშვილიც, გურამის პირველ ფოტო-გამოფენაზე. „მაშინ მე ვიყავი დამწყები და არ ვიცნობდი ფოტოგრაფებს, ამიტომ ტელეფონის წიგნი ავიღე და ყველა ჩემთვის ცნობილი საქართველოს ფოტოგრაფი ტელეფონით მოვიპატიჟე გამოფენაზე. მოსულებს შორის იყო გოგი ცაგარელიც. ჩვენ იმავე დღიდან დამვეგობრდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ბოლომდე. გოგისთან ურთიერთობა ძალზე საინტერესო იყო. ვიყავი მისი ხშირი სტუმარი. ხანდახან ჩემს დოკუმენტურ ფოტოებს იწონებდა, თუმცა კონცეპტუალურ სერიებზე მეუბნებოდა „ерундой занимаешься» – რა თქმა უნდა არ ვეკამათებოდი. გვქონდა წიგნების გაცვლის ტრადიცია, ხანდახან კი ჩემს სტუდიას იყენებდა“ – ყვება გურამი. გოგი კი თავის ქრონიკებში კონცეპტუალური ფორმით მოიხსენიებდა მეგობარს უმცროსი კოლეგის პორტრეტში „С концептуалистами, как с концептуалистами“ (1999).

სხვათაშორის, სწორედ წიბახაშვილის პირველ გამოფენაზე ჩაისახა ჯგუფ „თვალსაზრისის“ შექმნის აზრიც. გოგი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. „თვალსაზრისი“ კი პერესტროიკის პერიოდის ფოტო-კლუბი გახდა, სადაც სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, რომელთაც აერთიანებდათ ფოტოგრაფია, ესენი იყვნენ: იური მეჩითოვი, გურამ წიბახაშვილი, მირიან კილაძე, სერგო ბელოუსოვი, გია ჯაველიძე, მარკ პოლიაკოვი, ბორის შავერდიანი, დათო სულაქველიძე და რა თქმა უნდა გოგი ცაგარელი. ჯგუფმა 80-იან წლებში რამდენიმე ახალი ტიპის გამოფენა მოაწყო, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ცაგარელი. „თვალსაზრისის“ წვლილზე, 2019 წელს, პატარა ალბომიც კი გამოიცა ლიმიტირებული ტირაჟით. ფოტო-ალბომში წარმოდგენილ კოლექციებში შესულია გოგიც. „ასეთ დროს გოგის თვალს იზიდავდა განსხვავებული – სახასიათო სახეების გადაღება, ამიტომ მეტყველ სახეებს ეძებდა, უჩვეულოს და არა ტიპიურს“ – ასე აფასებს ლალა ამ პერიოდში გოგის მიერ შექმნილ სახე-ხატებს.

პერესტროიკის ხანაში (1985-1990) გოგი ცაგარელის მიერ შექმნილი პირადი კოლექციები ძირითადად დოკუმენტურია – პოლიტიკა, სოციალური თემები და კრიტიკული დისიდენტური თვალი, რითაც ზუსტადაა გადმოცემული გარდამავალი წლების განცდა და მოიცავს მორყეული საბჭოეთის ნგრევას, 9 აპრილსა და ეროვნული მოძრაობის ქრონიკებს, ჩერნობილს.


გოგი კი თავის ქრონიკებში კონცეპტუალური ფორმით მოიხსენიებდა მეგობარს (გურამ წიბახაშვილს) უმცროსი კოლეგის პორტრეტში „С концептуалистами, как с концептуалистами“ (1999).


შავ-თეთრი 90-იანები

1992 წელს გოგი საქინფორმში დაბრუნდა. ეს იყო დრო, როდესაც დაკნინებული იყო ფოტოქრონიკის მხატვრული მხარე, თუმცა გოგის არ გაჭირვებია აესახა 90-იანების მძიმე ყოფა კლასიკური მხატვრული მანერით. მათ შორის, პროტოკოლიც და ქუჩაც, რადგან „ის ყოველთვის იყო თავისუფალი თავის ფოტოგრაფიულ გადაწყვეტილებაში“ – გოგის უმცროსი კოლეგას ლელი ბლაგონრავოვას თქმით, რომელიც მაშინ საქინფორმში ახალი მისული იყო და გამოუცდელი თანადგომას უფროსებისგან მოელოდა. „ფოტოგრაფია გოგისთვის იყო ჟანგბადი. ის დიდ დროს ატარებდა ფოტოქრონიკის არქივში, მიაჩნდა, რომ ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო მუდმივი სწავლის პროცესში, ძიებაში. უზომოდ უყვარდა თავისი ფოტოები, ათასჯერ მოგიყვებოდა მათი შექმნის ამბავს. დიდი ტაქტით გამოირჩეოდა და მუდმივად მეხმარებოდა, იყო გულუხვი და უანგარო, ხშირად მჩუქნიდა ფოტოებს, უყვარდა წიგნი, განსაკუთრებულად კი უყვარდა მეუღლე.“

ლელი ბლაგონრავოვას შემუშავებული ჰქონდა გოგის რჩევების ნუსხა, როგორც „პროფესიონალი ფოტორეპორტიორის ქცევისა და ეთიკის ცაგარელისეული კოდექსი“ :

– არასოდეს იარო ჯგუფურად ფოტოგრაფებთან ერთად, რადგან ერთმანეთს ხელს შეუშლით.

– იმისათვის, რომ გაიგო კარგია ფოტო თუ ცუდი – ფოტო უნდა დაიბეჭდოს და უნდა დაიკიდოს კედელზე, ისე რომ ხშირად უყურო მას. (გოგის თავისი სახლის კედლებზე თავადაც მრავალი საკუთარი ფოტო ჰქონდა გამოფენილი).

– ფოტოს უნდა მიეცეს დასრულებული ფორმა – ჩარჩო, პასპარტუ.

– ფოტოგრაფმა არ უნდა დაივიწყოს ექსპერიმენტი, ქუჩა და ადამიანები.

– ფოტოგრაფი უნდა გამოირჩეოდეს ინდივიდუალობით, არასოდეს არავის არ უნდა მიბაძოს.

– ფოტოგრაფმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა აპარატი.

– აუცილებლად იყიდე სახლი მიწის ნაკვეთით, რადგან ასაკში მიწასთან იგრძნობ სიახლოვეს.

კოლეგა ფოტორეპორტიორები გოგის ახასიათებენ, როგორც გამბედავს, წრფელი ინტერესით იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც გადაღების დროს ურთიერთობდა. თავად გოგის კი ამის თაობაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, რომელიც 1998 წელს დღიურში აქვს მონიშნული, ალბათ მაშინ, როდესაც დოკუმენტური სერიების გადასაღებ მასალას იძიებდა: “გადაღებები უდავოდ აგრესიის აქტია, რადგან „ფოტოგრაფი იყენებს ადამიანებს პირადი მიზნებისათვის. უხეშად და უნებურად იპყრობს მათ ცხოვრებას და მათ ტვინში ატარებს, როგორც ხორც-საკეპ მანქანაში. ასე ვფიქრობდი 20 წლის წინ, ასე ვფიქრობ ახლაც“. მსგავსი „შეჭრა“ გოგის დოკუმენტურ ესსეებსა და სერიებში პირველად თავს იჩენს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც ჭარბობს სოციალური თემები. 1990-იანებში ხომ ყველაფერი შავ-თეთრი იყო. ასე აღიქვავდა გოგი ამ დროებას:

„1994 год. Это время, когда в Грузии было всё кроме света, тепла, безопасности, ну и пары ещё каких-то мелочей типа транспорта. Зато были продуктовые карточки, тотальное воровство, ну и ещё кое что, очереди там за всем… Всё и не вспомнишь.“


„90-ые. На Колхозной площади стояли безработные мастеровые в надежде на временную работу, но нанимали их редко – денег ни у кого не было.“


ზოგადად კი 80-იანების ბოლოდან მოყოლებული და 90-იანებში გოგის ფოტო-ობიექტივი მრავალი ტრაგიკული მოვლენის მოწმე გახდა, მათ შორის იყო მიწისძვრა სომხეთში, 9 აპრილი და ეროვნული მოძრაობა, კავკასიის ყველა ომი, ჩერნობილი, სამოქალაქო ომი თბილისში და დეპრესიის ხანა. რთულია ასეთი ყოველდღიურობა ფერში დაინახოს ფოტოგრაფმა, თუმცა ცოტაოდენი ფერი მაინც იყო მოგვიანებით – „იერუსალიმის“ და „თურქი-მესხების“ 1998 წლის სერიებში.



„Сюр в зоопарке 90-ых.“
„იერუსალიმი, 1998 წ.

ტყვიის შიში და რიდი ომში ამ დროს უკვე დავიწყებული ქონდა, რადგან გაუთავებელმა შიშმა ალბათ დაღალა და როგორც თავად ამბობდა „დავიწყება იცისო“: – „Воспоминания о войне переходят в приятную фазу, когда забываешь грязь, смерть, усталость и постоянный страх и думаешь только о фотогеничных делах и интересных людях“.

„მუდმივად მომღიმარი კაცი იყო გოგი, მაშინაც კი როდესაც ვიმყოფებოდით ცხელ წერტილში და მაშინაც, როდესაც 1991 წელს სამაჩაბლოში მძევლად აგვიყვანეს. უშიშარი და წყნარი აღმოჩნდა“ –  საუბრობს ვოვა ვალიშვილი. თუმცა უშიშარი ბუნებაც ვერ შეგეხიდება ძლიერი კადრის პოვნაში, ამიტომ „ძალზედ სერიოზულად უდგებოდა თავის საქმეს, სიზუსტით, დაუღალავად მუშაობდა, ეძებდა კადრს. ერთი კადრის გულისათვის შეეძლო სრულიად დღე გაეღო, მითუმეტეს, რომ მას გამოცდილი ჰქონდა ომის გადაღება“ – იხსენებს იური მეჩითოვი სოხუმს, სადაც გოგისთან ერთად 1993 წლის 21, 23 მარტს აღმოჩნდა ერთ-ერთი უბნის სანგრებში – „მტრის“ იერიში მივიღეთ და ვიდექით ერთად წინა ხაზზე“. რომ არა იური მეჩითოვი ვერცერთ ფოტოში ვერ გავიხსენებდით ფოტოკამერით ფრონტის ხაზზე მდგომ გოგი ცაგარელს.


„Это единственная фотография со мной из Абхазии. Как правило работал я один, так что снимать меня было некому. И если бы весной 93 за мной не увязался Мечитов, не было бы и этой…“


„სხვაგვარი ფოტოგრაფია“

მიუხედევად იმისა, რომ ცაგარელი წლების მანძილზე არ ცნობდა დოკუმენტური ფოტოგრაფიის გარდა სხვა ჟანრს, 1990-იან წლების ბოლოს ის გამოვიდა დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან და თავად გადაეშვა აბსოლუტურად სხვაგვარ ფოტოგრაფიაში: შეისწავლა ძველი ტექნოლოგიები, რომელიც მოითხოვს მოთმინებასა და მედიტაციურ მიდგომას, ხშირად რამდენიმე დღეს, რომ ერთი ფოტო მიიღო.

„გოგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვერცხლის და ალქიმიის ძალა შეიგრძნო, რომ მიეღო ოქრო – ფოტო. დოკუმენტალიზმი მძიმე ტვირთია, რადგამ შენ უნებლიედ ხდები აღბეჭდილი ამბების მონაწილე. ძველი ტექნოლოგიები კი შრომაა და დროს მოითხოვს; ჯერ ემულსიის დამზადებას, მერე ქაღალდზე ამ ემულსიის წასმას, მერე მზეზე გატანასა და კონტაქტურ ბეჭდვას და ასე შემდეგ… ამ ფოტოში ხარ ერთი კვირა.“ – ალქიმიურად აღწერს პროფესიით ქიმიკოსი გურამ წიბახაშვილი ცაგარელის ახალ მიდრეკილებებს – „ასეთ მეთოდებში ძალიან მნიშვნელოვანია ფოტო, რომელიც ამბავს კი არ გვიყვება, არამედ თავად ფოტო ხდება ამბის ნაწილი – ნივთი“. ზოგადად, გოგისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ფოტოს აუდიტორიამდე მიტანის კულტურა, რაც ზოგი ფოტოგრაფისთვის, პირიქით, ხელისშემშლელია სულაც. გურამს 2 ასეთი ტრადიციებით შექმნილი გოგის ფოტო აქვს სტუდიაში, ორივე სრულყოფილი, წერტილდასმული, „პერფექციონისტული“ – ზუსტად ისეთი, როგორიც თავად გოგი იყო.



ასეთივე სრულყოფილებისკენ ისწრაფოდა გოგი მის დოკუმენტურ ფოტოგრაფიაშიც. ეს იყო გაწონასწორებული, მოწესრიგებული, გასუფთავებული, დალაგებული და დასრულებული ფოტოები აუცილებლად მოთავსებული, ხშირად, ნაცრისფერ პასპარტუსა და ჩარჩოში. „ასეთ ფოტოებს სიმშვიდეში გადაყავხარ, რადგან ასეთი ფოტოები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამბით, რომელსაც ფოტოგრაფი ყვება, არამედ იმითაც თუ როგორ გამოიყურება ეს ფოტო, როგორ მოქმედებს ჩემზე, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – აგრძელებს წიბახაშვილი.

გარდამავალი რგოლი:

2000 წლიდან გოგი ფოტორეპორტიორულ სამუშაოს ჩამოცილდა, მაგრამ ფოტოგრაფიული ცხოვრება გაგრძელდა და მისმა მრავალფეროვნებამ ამ წლებშიც უნიკალური კვალი დატოვა. ახლა უკვე თბილისის ქუჩებსა და უბნებში – განსაკუთრებით კი სოლოლაკში, სადაც ის გაიზარდა, მოხუცთა თავშესაფარსა და ეკლესიებში, ბაზრობებზე, რეგიონებსა და პატარა ქალაქებში ან თუნდაც უბრალო ყოველდღიურობაში პოულობდა კადრს. საკუთარ თავზე კი ამბობდა „ყოველგვარ სისულელეებს ვიღებო“, მაგრამ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას მაინც არ აპირებდა, არაერთი მიზეზის გამო, მათ შორის ჯანმრთელობის.

ამ რამდენიმე წელიწადში გოგის 3 წიგნი გამოიცა ფოტოგრაფის პირადი სახსრებით, მისი პრინტები კი სხვადასხვა გალერეაში იფინებოდა, ასევე, წარმატებით იყიდებოდა. ყოველივე ამას გოგი თავად მოესწრო, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ გოგის შემოქმედებას ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობდა. ზოგი რუსული ენის ბარიერს აწერს, ზოგი კი ფოტოგრაფის ზედმეტად თავმდაბალ ხასიათს. ნათელა გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც სათანადოდ შეფასდება გოგის როლი ქართულ ფოტოგრაფიაში და ამას  ფართო საზოგადოება გაიგებს.

დღეს გოგი ცაგარელის ფოტოგრაფია გახდა „იკონური“, რადგან მას აქვს იკონური თემები – რომლებიც იმ ეპოქის, ისტორიის სომბოლოებად, სახე-ხატებად იქცა. ეს იმიტომ, რომ მას განზოგადოებული ფოტოები აქვს, მაგ პრინციპითაც არჩევდა კადრს. გურამ წიბახაშვილის აზრით – „გოგი „გარდამავალი რგოლი“ იყო ძველი იდეოლოგიური ფოტოგრაფიიდან ახალზე, რადგან ცაგარელმა გააკეთა ამ წლებში ის, რასაც „ნამდვილ ფოტოგრაფიას“ ვუწოდებთ. ამ ფოტოებით შესაძლებელია ფოტოგრაფია ისწავლო, რადგან გოგი ცაგარელის ნამუშევრები ბევრს იტევს, ისევე როგორც პოეზია და სწორედ ამ დანატოვარით შეიტანა წვლილი ქვეყნის შენებაში. „ყველა გოგის გადაღებული ფოტო – ხომ ისტორიად იქცა“ – ეს სიტყვები გენიალური ომის ფოტოგრაფს შახ აივაზოვს ეკუთვნის.

და ბოლოს:

თინათინ კიღურაძის ფოტო, 2015 წელი

ბოლო წლის იანვრის თვეში, სანამ ჯერ კიდევ კარანტინი გამოცხადდებოდა, გოგი იური მეჩითოვს შეხვედრია ქალაქში. უცნაური კი ის იყო, რომ გოგის არც დიდი ხორთუმიანი აპარატი უმშვენებდა მხარს და არც მუჭისოდენა „ოლიმპუსი“, რითაც ხშირად მოგზაურობდა თავისი ქალაქის ქუჩებში, რამაც გაკვირვებული დატოვა მეჩითოვი. „А зачем, Юра, Я уже все снял» – ყველაფერი უკვე გადაღებული მაქვსო – ასე იყო კლასიკოსის ამბავი.

და მაინც კადრის ძიება კვლავაც გრძელდებოდა. უკანასკნელი წლების მანძილზე გოგი სამედიცინო დაწესებულებებში იძიებს სათქმელს, მათ შორის დიალიზის ცენტრში მყოფ პაციენტებშიც, რომლებიც პერიოდულად იჩენდნენ თავს გოგის ფოტოებში და მერე უკვალოდ უჩინარდებოდნენ… .

ბოლო წლების ქრონიკებში გოგი ხშირად „სიკვდილის“ თემას ეხება. აღიარებს კიდეც, რომ ბავშვობიდან მოსდევს ასეთი შიში. მომწიფებულ ასაკში ამაზე ნერვიულობა თავისთავად განელდა, რადგან საინტერესო ცხოვრებამ ის არაერთი ახალგაზრდა, ჯანით სავსე ადამიანის სიკვდილს მოასწრო, მაგრამ ეს ყველაფერი ფოტოგრაფის გარშემო ხდებოდა, „სადღაც სხვაგან, თუნდაც ძალიან ახლოს, მაგრამ არა მასთან. ეს ნდობა – ”არა ჩემთან” ძალიან ეხმარებოდა რომ შიშით გამოწვეული სტრესი დაეძლია. ამ შიშის დასაძლევად გოგიმ ბოლოს უკდვადების ფორმულაც კი გამოიყვანა – „სიბერე მოდის მაშინ, როდესაც იმას გაიაზრებ, რომ არ ხარ უკვდავი. და როდესაც მივხვდი, რომ სიკვდილი გარდაუვალია, სრული სიმშვიდე დამეუფლა. ბოლოს და ბოლოს, რით ვარ სხვებზე უკეთესი“. ჩანაწერი ოდესღაც, 2018 წლითაა დათარიღებული.

თამარ სულამანიძე, 2020 წლის ივნისი, თბილისი.

ქუდის ფოტოს ავტორი: თინათინ კიღურაძე, 2015 წელი.


ვისაც გიყვართ და გაინტერესებთ ფოტოგრაფია გაწევრიანდით ფეისბუქ ჯგუფში: საქართველოს ფოტოგრაფია