ეკოინოვაციები

ეკოინოვაციები – ეკონომიკური განვითარების „მწვანე“ პარადიგმა


ავტორი: ირაკლი ჯანგავაძე; ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი


შესავალი

ენერგიის განსხვავებული წყაროების მიგნება და ათვისება უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. გამონაკლისი არც თანამედროვე ეპოქაა. თანამედროვე სამყარო ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლასა და ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევა-განვითარებაზე ორიენტაციას მოითხოვს, რაც ძირითადად 3 მთავარი პრობლემით არის განპირობებული: 1) გლობალური დეფიციტი (ანუ მარაგების ამოწურვა); 2) გარემოს დაბინძურება; 3) კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა.

აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, საჭირო გახდა რესურსტევადი ეკონომიკური კონცეფციის ჩანაცვლება ალტერნატიული განვითარების ეკოინოვაციური მოდელით, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის ეკონომიკის ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასრულებს, რაც თავისმხრივ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების წინაპირობა და 21-ე საუკუნის განვითარებული საზოგადოების უპირველესი ნიშანია.

ეკოინოვაციური ვექტორი აქტუალური საკითხია საქართველოსთვისაც. მნიშვნელოვანია ობიექტურად შეფასდეს ჩვენი ქვეყნის ალტერნატიული ენერგიის ათვისების პოტენციალი, გაანალიზდეს, რამდენად არის შესაძლებელი მზისა და ქარის ენერგია ჰიდროენერგეტიკის სრულყოფილ ალტერნატივად მივიჩნიოთ.

ეკოინოვაციები

ეკოინოვაციები ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მიმართულებას წარმოადგენს, რომლის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს, ცივილიზებული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა აქტიურად იღებს მონაწილეობას აღნიშნული მიმართულების განვითარებაში. ეკოინოვაციების დანერგვა მჭიდრო კავშირშია მდგრადი განვითარების კონცეფციასთან, რომლის მიხედვით „საზოგადოება ვითარდება მდგრადად, როდესაც ის დღევანდელი თაობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს ისე, რომ საფრთხე არ ექმნება მომავალი თაობების საჭიროებებს.

ეკოინოვაცია ეწოდება ნებისმიერი სახის ინოვაციას, რომელიც მიმართულია გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისაკენ. იგი გულისხმობს ისეთი თანამედროვე პროდუქტების, სერვისების, პროცესებისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მინიმალურად იყენებენ ბუნებრივ რესურსებს და თითქმის არ გამოყოფენ მომწამვლელ ნივთიერებებს. ეკოინოვაციური განვითარების კონცეფციის ეფექტურად დანერგვისა და მართვის შემთხვევაში, იგი არის არამარტო ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მექანიზმი, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების მძლავრი, თანაც უსაფრთხო ინსტრუმენტი. ეკოინოვაციების დანერგვა ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრაქტიკული გამოვლინებაა. საზოგადოების მდგრადი განვითარების საჭიროებამ ფაქტობრივად სოციალური საბაზრო ეკონომიკა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კომპონენტით შეავსო.

ენერგიის განახლებადი წყაროები

პირველყოფილი საზოგადოებისთვის ენერგიის მთავარი წყარო  შეშით ცეცხლის დანთება იყო, ხოლო უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა ჯერ დაიწყეს ქვანახშირის, შემდგომ კი ნავთობის ფართოდ გამოყენება. თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალური განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაა. ისეთების, როგორებიცაა მზის, ქარის, წყლის, ბიომასისა და გეოთერმული ენერგიები.



ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების მიზეზებია:

1)მარაგების ამოწურვა: ქვანახშირი და ნავთობი უხსოვარი დროიდან დედამიწის წიაღში დალექილი მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოიქმნა, რომელთაც „წიაღისეულ საწვავს“ უწოდებენ. თუმცა, მათი მოხმარების ტემპი გაცილებით აღემატება მათი წარმოქმნისთვის საჭირო დროს, რის გამოც მსოფლიოს მარაგებს ამოწურვის საფრთხე ემუქრებათ. გაეროს მონაცემებით 21-ე საუკუნის ბოლოს კაცობრიობის რიცხვი გაორმაგდება და 10-12 მილიარდს მიაღწევს. ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდა ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რომლის დაკმაყოფილებაც განახლებადი ენერგიის ათვისების ხარჯზე უნდა მოხდეს;

2)გარემო: წიაღისეული საწვავის მოხმარება დიდი რაოდენობით ნარჩენენებს წარმოქმნის, რომლის განთავსებაც მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებისას ვრცელი ფართობების გათხრაა საჭირო, რის შედეგადაც ბინძურდება უზარმაზარი ტერიტორიები და ზიანდება ირგვლივ არსებული მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და მოსახლეობაც კი;

3)კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა: წიაღისეული რესურსების წვა აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. საწვავის წვის დროს გამოიყოფა მავნე აირები, რომლებიც „სათბურის ეფექტს“ ქმნიან და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას ზრდიან. „სათბურის ეფექტის“ არსი შემედეგში მდგომარეობს: მზე ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს, ამ სითბოს 70% უკან კოსმოსში ბრუნდება. წიაღისეული საწვავის წვისას გაფრქვეული სათბურის გაზები, ისეთები როგორიცაა, ნახშირორჟანგი, მეთანი, ა.შ. ატმოსფეროს გარს ეკვრის და შემოსული მზის სხივების უკან, კოსმოსში დაბრუნებას ხელს უშლის, ინახავს სითბოს, ანუ ქმნის „სათბურის ეფექტს“, შედეგად კი დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება.

ენერგოეფექტურობა

საუკუნეთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად საზოგადოება ცდილობდა დაეზოგა ენერგია, თუმცა რეალური ღონისძიებების გატარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც XX-ე საუკუნეში ნათელი გახდა წიაღისეული რესურსების ამოწურვის და გლობალური დათბობის რეალური საფრთხე. აღნიშნული ფასების ცვლილებაზეც აისახა. ენერგომატარებლების (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) ინტენსიური გამოყენების შედეგად ფასების ზრდამ, გარემოს დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილებამ ენერგოეფექტურობა თანამედროვეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია.

როგორც  წესი, ენერგოეფექტურობა ენერგიის მოხმარების შემცირების 2 ძირითად მიდგომაში აისახება:

ენერგოდაზოგვა – ნაკლები ენერგიის და ენერგეტიკული მომსახურების გამოყენება. იგი ადამიანურ ფაქტორს გულისხმობს და ენერგომოხმარების ჩვევებს ასახავს. მაგ: სინათლის, ან გათბობის გამორთვა საჭიროებიდან გამომდინარე;

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები – მაღალეფექტური მოწყობილობები, რომლებიც იგივე პროდუქტის (მომსახურების) საწარმოებლად ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მაგალითად, ფლუორესცენციული ნათურა, რომელიც ჩვეულებრივ ვარვარა ნათურასთან შედარებით იგივე ნათების პირობებში, 5-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და 10-ჯერ მეტ ხანს ძლებს.

ქვეყნის ეკონომიკის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაზე ენერგიის ხარჯით იანგარიშება – მოხმარებული ენერგიის რაოდენობა (ტონა ნავთობის ექვივალენტი) გაყოფილი წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაზე (1000 აშშ დოლარი). რაც უფრო მცირე რაოდენობის ენერგია იხარჯება პროდუქტისა და მომსახურების წარმოებისას, მით უფრო ეფექტიანია წარმოება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკის ენერგომოხმარების დონეს მეტწილად განსაზღვრავს მისი დარგობრივი სტრუქტურა. მაგალითად, თუ ქვეყანაში უფრო მეტად განვითარებულია ენერგოტევადი დარგები (მძიმე მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა…), შესაბამისად მთლიანი ეკონომიკის ენერგომოხმარების მოცულობაც მაღალი იქნება.  მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეძლოს ენერგომოხმარების დონის შემცირება-შენარჩუნება და პარალელურად წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის ზრდა.

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია, როგორც ჰიდროენერგეტიკის ალტერნატივა საქართველოსთვის

მწვანე ეკონომიკა ინოვაციური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, რომლის ჩამოყალიბებაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მსოფლიოში ინოვაციური განვითარების შესაბამისი დონე იქნა მიღწეული – იგულისხმება ეფექტური ინოვაციური პოლიტიკა, ინოვაციური სისტემა, ტექნოლოგიური ცოდნა, ფინანსური სახსრები და სხვ.

„მწვანე“ ეკონომიკის მშენებლობისთვის აუცილებელია, როგორც ეკონომიკური განვითარება (ანუ ეკონომიკის თვისებრივი სრულყოფა), ისე ეკონომიკური ზრდა (ანუ  ეკონომიკის  რაოდენობრივი  მატება), თუმცა სულ უფრო გადამწყვეტი ხდება ეკონომიკური განვითარება. სწორედ თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში, ანუ ინოვაციური განვითარება, იძლევა „მწვანეეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს პროცესი მოითხოვს კარდინალურ ცვლილებებს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში.

მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შედარებით ახალ მიმართულებას, რომელიც აღიარებს ეკონომიკის ბუნებაზე დამოკიდებულებას და განიხილავს მას, როგორც ბუნების შემადგენელ ელემენტს. იგი აერთიანებს მდგრადი განვითრებისა და ეკოლოგიური ეკონომიკის საკითხებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (United Nations Environment Programme – UNEP) განმარტებით, „მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას გრძელვადიან პერიოდში და უთანაბრობის შემცირებას, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა მიეცეს თავიდან აიცილოს გარემოსა და მისი გაღარიბების არსებითი რისკები“.


UNEP-ის ცენტრალური ოფისი ნაირობში


ამასთან, გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რაც რამდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს. მაგალითად: განახლებად ენერგიაზე გადასვლა; სატრანსპორტო საშუალებების წარმოების ზრდა; მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული სასოფლო წარმოების მხარდაჭერა; ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვ.

მწვანე ეკონომიკის ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი რესურსების უყაირათო მოხმარების შემცირება, შესაბამისად გონივრული გამოყენების ზრდა; ეკოლოგიურად სუფთა წარმოების/მოხმარების სტანდარტისა და პრაქტიკის დამკვიდრება; მწვანე ინვესტიციების მოზიდვა; მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა; ცოცხალი ორგანიზმების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; გარემოზე უარყოფით ზეგავლენის შემცირება (გარემოს დეგრადირების და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვის შეფერხება); ეკონომიკის მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, და სოციალური უთანასწორობის შემცირება, საბოლოო ფორმით კი საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება.

მწვანე ეკონომიკის ძირითადი სექტორებია:

  • განახლებადი ენერგია – მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია;
  • წყლის მენეჯმენტი – წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება;
  • სუფთა ტრანსპორტი – ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები;
  • ნარჩენების მართვა – უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი, მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და გაწმენდა;
  • მიწის მართვა – ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები  და პარკები, ტყეების განაშენიანება.
  • მწვანე შენობები – ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები;

1970-იანი წლებიდან ყურადღება გამახვილდა „ცირკულარული ეკონომიკის“ კონცეფციაზე, რომელიც მწვანე ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანს ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს.

ცირკულარული ეკონომიკა არის არა მხოლოდ მეცნიერული პარადიგმა, არამედ ახალი აზროვნების, ახალი ცხოვრების სტილის და „ადამიანი-ბუნების“ თანაარსებობის ახალი წესის ინოვაციური ხედვა, რომელიც კარდინალურად ცვლის წარმოებისა და მოხმარების ჩვევებს, ბიზნეს საქმიანობის მეთოდებს, აყალიბებს ეკო–სისტემისადმი მეგობრულ ბიზნესგარემოს და ინოვაციურ საფუძვლებზე აგებულ ბიზნესმოდელებს, რაც უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას გონივრული მოხმარებისა და რესურსების შენარჩუნების პირობებში.

აღსანიშნავია, რომ არსებული ხაზოვანი ეკონომიკური მოდელით – „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადაყარე“, სამყარო რესურსების 95%-ს კარგავს. ცირკულარული ეკონომიკის შემთხვევაში კი მოქმედებს დაუსრულებელი ციკლი – „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე, გადაამუშავე…“ და ისევ მოიხმარე.ამ შემთხვევაში ნარჩენების ხელახლა გამოყენება ხდება, რაც ამცირებს რესურსების დეფიციტს


ცირკულარული ეკონომიკა  VS  სწორხაზოვანი ეკონომიკა


ცირკულარული ეკონომიკის მთავარი ლოზუნგია, რომ „ნარჩენი არ არის ნაგავი“. შესაბამისად, ნებისმიერი ნედლეული შეიძლება იყოს გამოყენებადი. ამ მხრივ ლიდერობენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ისინი აქტიურად გადადიან ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე და გამოყოფენ დიდი მოცულობის ინვესტიციებს. მაგ: 1) დიდი ბრიტანეთი – 31 მლნ. $; 2) გერმანია – 29 მლნ. $; 3) საფრანგეთი – 21 მლნ.$; 4) იტალია – 18 მლნ.$; 5) ესპანეთი – 11 მლნ.$.

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ საქართველოში ჰიდრო რესურსის ათვისება შესაძლებელია ქარისა და მზის ალტერნატიული რესურსების ათვისებით ჩანაცვლდეს. განახლებადი ენერგიების ერთმანეთთან შედარების დროს, აუცილებელია განვიხილოთ ის რიგი მიზეზები, რის გამოც საქართველოში ჰიდრორესურსის „მწვანე ენერგიით“ სრულყოფილად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მთავარ პრობლემას ქარისა და მზის სადგურებში ვაწყდებით იქ, რომ ეს სადგურები სეზონური და საათობრივი გამომუშავებით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდებში ისინი ელექტროენერგიას ფიზიკურად ვერ გამოიმუშავებენ. ამ დროს, მათ მიერ შექმნილი დეფეციტის დასაბალანსებლად, საჭიროა საბალანსო, რეგულირებადი, ანუ საჭიროებისამებრ მართვადი ელექტროსადგურის ქონა, რათა მომხარებელს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდოს. რეგულირებად, მართვად სადგურს შეუძლია ელექტროენერგია ნებისმიერ საჭირო დროს გამოიმუშავოს. ასეთი სადგურების ყველაზე გავრცელებული სახეებია: ატომური, თბო და წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები.


ქარის სადგური


იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ატომური სადგური არ გვაქვს, ჰიდრო ენერგია თბურ ენერგიას უნდა შევადაროთ. ამასთან, თბური ენერგია ბუნებისთვის გაცილებით საზიანოა ვიდრე ჰიდრო და თანაც საქართველოს თბოელექტროსადგურებს არ აქვს მყისიერი, ანუ მომენტალური ჩართვის უნარი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მზისა და ქარის სადგური გაითიშება, თბურმა სადგურმა შესაძლოა ჩართვა ვერ მოასწროს და ამის გამო ელექტროენერგიის გამომუშავება დააგვიანდეს, რამაც მომხმარებლისთვის ელ.ენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვიოს.

მსგავს პრობლემას არ ვაწყდებით წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, რადგან მას ელექტროენერგიის გამომუშავება მომენტალურად, საჭიროების დადგომისთანავე შეუძლია. ამ მიზეზის გამო, საქართველოში, ქარისა და მზის ელექტროსადგურების ელექტროსისტემაში ინტეგრირებისთვის, ანუ გადამცემ ხაზებში გაერთიანებისთვის ყველაზე ოპტიმალური, სწორედ ჰიდრორესურსის ათვისებაა. ამასთან ერთად ჰიდრორესურსის ათვისებას ყველაზე ოპტიმალურს ისიც ხდის, რომ ჰიდროენერგია, ერთადერთი რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი რაოდენობით გააჩნია.

დასკვნა

გამოვყოფთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც გასათვალისწინე­ბელია ენერგოუსაფრთხო­­ების პოლიტიკაზე მუშაობისას:

1) საქართველოში არატრადიციული, განახლებადი, ბუნებისთვის სუფთა და უსაფრთხო ალტერნატიული ენერგიების ათვისება აუცილებელია, თუმცა მათ არასტაბილურ გამომუშავებას ისევ იმ პრობლემასთან მივყავართ, რომ ქვეყანას საბაზისო, ანუ საყრდენი ელექტროსადგური გადაუდებლად სჭირდება. ასეთი, წლების წინ, ენგურჰესი იყო, თუმცა საქართველოს მზარდ ენერგომოხმარებასთან ერთად, მხოლოდ ენგურჰესი ამ დატვირთვას ვეღარ აკმაყოფილებს, რადგან ის შეუჩერებლად, სრულ დატვირთვაზე ოპერირებს. სრულ დატვირთვაზე მუშაობა კი, სადგურს წყალსაცავში წყლის დაგროვების საშუალებას არ აძლევს;

2) ეკონომიკის გამწვანება შეიძლება გახდეს მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი. მწვანე ეკონომიკის შედეგია ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს. მას შეუძლია ბუნებრივი და ფინანასური კაპიტალის უფრო ეფექტურად და ოპტიმალურად გამოყენება. ამასთან, მიიღწევა ისეთი ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად მდგრად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის და სოციალურად ინკლუზიურ განვითარებას. ნედლეულის რაციონალური გამოყენება იწვევს მწვანე პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოგების ზრდას მწვანე საწარმოებში ტრადიციულთან შედარებით, რაც უფრო მაღალი ანაზღაურებისა და სიღარიბის დაძლევის საშუალებას იძლევა

3) საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის გაზი, შესაბამისად, თუ ქარისა და მზის სადგურების დასაბალანსებლად თბოელექტროსადგურს ავაშენებთ, ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის;

4) ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაზე მუშაობისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მზისა და ქარის ტექნოლოგიებზე მომუშავე სადგურის აშენება გაცილებით (საშუალოდ 2-ჯერ უფრო) ძვირი სიამოვნებაა ვიდრე ჰესის მშენებლობა. მაგ: 1.5 მლრდ კვტ.სთ წლიური გამომუშავების მიღება მზის ენერგიით – 1.7 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო ქარის ენერგიით – 1.3 მლრდ აშშ დოლარი დაჯდებოდა, როცა ასეთი ჰესის აშენების ინვესტიცია სულ 800 მლნ აშშ დოლარია;

5) ქარისა და მზის სადგურებს ერთიდაიმავე რაოდენობის ელექტროენერგიის მისაღებად ჰიდროსადგურზე გაცილებით მეტი ტერიტორია (საშუალოდ 7-ჯერ) სჭირდება. მაგ: ავიღოთ ნამახვანჰესის წლიური გამომშავება, რომელიც 1.5 მლრდ კვტ.სთ-ია. ამ რაოდენობის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ჰესს 800 ჰა ტერიტორია სჭირდება, მზეს – 2300 ჰა, ქარს კი 10 000 ჰა, ამასთან ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდინარის კალაპოტს მოიცავს, რომელსაც ვერანაირი სხვა მიზნით ვერ გამოვიყენებდით, ხოლო მზისა და ქარის სადგურებისთვის ხშირად საუკეთესო სახნავ-სათეს მიწას იყენებენ;

6) წყალსაცავიანი, რეგულირებადი ჰიდრო სადგურების აშენებით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა აითვისოს ქარისა და მზის რესურსები და ასევე შეამციროს და აღმოფხვრას მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი. ქვეყნის სტაბილური და შეუფერხებელი წინსვლა კი სწორედ ენერგოდამოუკიდებლობასა და ენეგროუსაფრთხოებაზე გადის.


ირაკლი ჯანგავაძე, 2021 წ;

ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი