სიტყვის ძალა – უინსტონ ჩერჩილის უნიკალური ორატორული ნიჭი


თარგმანი; ავტორი: დოქტორი სტივენ ბანგი


ბრიტანელი მეცნიერი და დოქტორი სტივენ ბანგი ძალიან საინტერესო სტატიას გვთავაზობს ჩერჩილის ორატორულ ნიჭზე. იგი განმარტავს, თუ რატომ იყო მისი სიტყვით გამოსვლები ყველა ჩვენგანისათვის დასამახსოვრებელი.

“სისხლი, შრომა, ცრემლები და ოფლი”… “ჩვენ ვიბრძოლებთ სანაპიროებზე”… “ეს მათი საუკეთესო საათი იყო” … “არასდროს ყოფილა ამდენი ადამიანი, ასე ცოტა ადამიანთან ვალში“ – ყველა ეს ფრაზა, უინსტონ ჩერჩილმა 1940 წლის ზაფხულს სხვადასხვა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა და იმ დღიდან მოყოლებული, ფაქტიურად, ისინი ბრიტანელი ხალხისთვის ერთგვარ კლიშეებად, „ფრთიან ფრაზებად“ იქცა. კუნძულელები დღემდე ყოველდღიურ საუბარში იყენებენ მათ. მართალია, პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ თითქოს ამ ფრაზებმა საკუთარი ცხოვრების გზა იპოვეს, თავდაპირველად წარმოთქმული მთლიანი სიტყვისგან დამოუკიდებლად. სიტყვით გამოსვლები ყოველთვის იყო დიდი დაკვირვებისა და ინტერესის ობიექტი, თუმცა იშვიათად თუ გაანალიზებდნენ სიღრმისეულად. რატომ გახდნენ ეს ფრაზები ასეთი პოპულარული და ცნობილი? როგორ ახერხებდა ჩერჩილი, რომ თავისი სიტყვები ყველასთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული ყოფილიყო?


პროფესორი სტივენ ბანგი; ფოტო: alchetron.com


არადა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ჩერჩილის ორატორული ნიჭი სულაც არ გამოირჩეოდა საყოველთაო აღიარებით. პირიქით, მას ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით პარლამენტში. მისი სიტყვები ხშირად საეჭვოდ და არადამაჯერებლად მოჩანდა. მაგალითად, 1940 წლის 9 ოქტომბერს, კონსერვატიული პარტიის შეხვედრის შემდეგ, როდესაც ჩერჩილი გახდა პარტიის ლიდერი, ერთმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა, რომ ის იყო “სიტყვებით მოთამაშე, მეორე რიგის რიტორიკოსი”. 1940 წლის 10 მაისს ჩერჩილი პრემიერ მინისტრად აირჩიეს, მეფის და მრავალი კონსერვატიული დეპუტატის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ ჰალიფაქსს ამჯობინებდნენ.

მერყევ პოზიციას შენარჩუნება სჭირდებოდა. მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო უმაღლესი თანამდებობისთვის. ბრწყინვალე ორატორული ნიჭი მის უმთავრეს იარაღად იქცა, დაეხმარა რა პარლამენტში პოზიციების გასამყარებლად, ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ომის შეუფერხებლად საწარმოებლად. ეს იყო მისი პირადი საქმე. არასდროს ჰყავდა სიტყვის დამწერი, თავად იყო ყველა გამოსვლის ავტორი და პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში მცირედით თუ შეიცვლებოდა მისი გამორჩეული სტილი და ისიც ყოველთვის არ მუშაობდა. ჩერჩილის ლექსიკა, 1940 წლისთვისაც მოძველებული ჩანდა, თუმცა იყო რომანტიკული და მრავლისთქმელი. ყოველთვის საუბრობდა მარტივად, ხალხისთვის გასაგებ ენაზე. ომამდე მისი სიტყვები ხშირად შეუფერებლადაც კი ჩანდა. მაგრამ, 1940-ში მოვლენების დრამატული განვითარების შემდეგ, ჩერჩილის სიტყვებს მეტი და მეტი წონა შეემატა. მან ყოველთვის იცოდა რა, როდის და როგორ ეთქვა –  ენას გრძონბდა, იყო ზუსტი და ბასრი.



ჩერჩილი სიტყვებით გამოირჩეოდა მეგობრულ საუბარშიც. მისი მდივანი, ჯონ მარტინი, იხსენებდა, ტემზას ნაპირებზე სეირნობისას, თუ როგორ უწოდა  ქარის შედეგად წარმოქმნილ მდინარის ტალღებს „არაჩვეულებრივი“, მაგრამ ჩერჩილმა შეუსწორა და უთხრა, რომ „არაჩვეულებრივი“ არა, ყველა მდინარის ტალღა ჩვეულებრივია, სინამდვილეში ის „საოცარია“. დენის კელი, რომელიც ომის გრძელ მემუარებზე მუშაობდა იხსენებს წინადადებაზე -„გერმანელები იზოლირებულნი და გარშემორტყმულნი იყვნენ ყველა მხირდან“ – მუშაობის პროცესს. ჩერჩილმა ხაზი გადაუსვა წინადადებას და თქვა: „სიტყვა, რომელიც თქვენ გჭირდებათ არის „განადგურებული“.“

უინსტონ ჩერჩილის საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლად 1940 წლის 18 ივნისის შუადღეს თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვა მიიჩნევა. სიტყვა, რომელმაც დაასათაურა „ბრიტანეთის ბრძოლა“ და დასრულდა იმ ფრთიანი ფრაზით, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ ბრიტანელი ჯარისკაცების თავგანწირული ბრძოლის დაგვირგვინებად იქცა: „ეს იყო მათი საუკეთესო საათი“. ალბათ გაუცნობიერებლად, მაგრამ ამ სიტყვებში პრემიერ-მინისტრმა გამოიყენა რიტორიკის ყველაზე კრეატიული ფორმა, რომელსაც კლასიკური ტრადიციული საფუძვლები აქვს. ჩერჩილის აზრის ზუსტი მნიშვნელობა, ხშირად, ბუნდოვანია, თუმცა ის ყოველთვის მარტივ და ფორმალურ ლინგვისტურ ხერხებს მიმართავს, რაც უძველესი დროიდან მოქმედებს ხალხის დარწმუნებაზე. შესაძლოა მსმენელების უმეტესობას ვერც გაეაზრებინა კარგად თუ რაზე ისაუბრა მან, მაგრამ მისი გამოსვლის მასშტაბურობა ყველამ ერთდორულად შეიგრძნო. რაც უფრო ნაკლებად გამოცდილი იყო აუდიტორია, მით უფრო დიდი ეფექტი ჰქონდა მის სიტყვებს.

18 ივნისის გამოსვლა 36 წუთს გაგრძელდა. როგორც სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, იგი ვალდებული იყო თემთა პალატის წინაშე მიმდინარე მოვლენები აღეწერა, აქედან გამომდინარე დიდი დრო დაეთმო ომის პროცესების მოყოლას. იმ პერიოდის საზოგადოებრივი კვლევები აჩვენებდა, რომ არსებობდა ხალხსა და პარლამენტს შორის განხეთქილების საფრთხე. სწორედ, ამიტომ ჩერჩილი იძულებული იყო სიტყვით მთელი მოსახლეობის წინაშეც გამოჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონდა “ახალი რადიო”, მაინც დაითანხმეს და საღამოს 9 საათზე პირდაპირ ეთერში მთელ ქვეყანას მიმართა. პარლამენტში წარმოთქმული ტექსტი თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა.



ორ განსხვავებულ აუდიტორიას, ორი განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. თემთა პალატა ჩერჩილის სიტყვებს მდუმარე რეაქციით შეხვდა. გააკრიტიკეს, ზოგიერთმა დეპუტატმა მის გამოსვლას „უსაფუძვლო“ უწოდა, ეპისკოპოსის ქადაგებას შეადარეს, პრესაში ეს გამოსვლა „ყველაზე სუსტ შესაძლო ძალისხმევად“ მოინათლა. მისმა პირადმა მდივანმა ჯონ კოლვილმა დაწერა, რომ „მან ბოლო გამოსვლისგან განსხვავებით ნაკლებად კარგად ისაუბრა, თუმცა ბრწყინვალედ დაასრულა“. მაგრამ რაც არ უნდა ეფიქრათ და დაეწერათ გავლენიან ადამიანებს, ჩერჩილის სიტყვებს რადიკალურად განსხვავებული რეაქცია ჰქონდა ხალხში. პრემიერ მინისტრმა ერის გული მოიგო. სატელევიზიო რეიტინგები აჩვენებდა, რომ მის პირველ პირდაპირ გადმოცემას პრემიერ მინისტრის რანგში (19 მაისს) მოსახლეობის 51% უყურებდა. ხოლო 18 ივნისს, ამ გამოსვლისას, ეს რიცხვი 60%-მდე იყო გაზრდილი. მომდევნო დღეს ჩატარებული გამოკითხვების შედეგებში ხალხი ჩერჩილის სიტყვას „მამაცსა და იმედისმომცემს“ უწოდებდა. ჩერჩილმა ერი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დატოვა და ამას მისი პოლიტიკური ოპონენტებიც აღიარებდნენ. რეიტინგი გაუჩერებლად იზრდებოდა, ივლისში პრემიერის მოწონების მაჩვენებელმა 88%-ს მიაღწია და ოქტომბერში, განუწყვეტელი დაბომბვის მიუხედავად, 89%.

საინტერესოა, რომ 18 ივნისს ვატერლოოს ბრძოლის 125 წლისთავი იყო. ბრიტანეთის არმიას, ფრანგებთან ერთად, საკუთარი ვატერლოო „ვერმახტის არმიის“ წინააღმდეგ უკვე გადატანილი ჰქონდა. დანკირკიდან ევაკუაცია ორი კვირის დასრულებული იყო და ბრიტანეთში გერმანელების შეჭრის მოლოდინი სუფევდა. ჩერჩილმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო კონტინეტზე სამწუხარო კოლაფსის მიმოხილვით, რის შემდეგაც ხაზი გაუსვა სამეფო ფლოტისა და საშინაო თავდაცვის აუცილებლობას. აქვე, განიხილა მოსალოდნელი საჰაერო საფრთხე.


Historic misunderstanding underlies UK-EU relationship on Churchill  anniversary | Financial Times

უინსტონ ჩერჩილი პარლამენტში


„მთავარი კითხვაა“ – თქვა მან, თუ როგორ შეძლებდნენ ბრიტანელები „ჰიტლერის საჰაერო ძალების განადგურებას“. ყურადღება გაამახვილა დაბომბვის შესაძლო შედეგებზე და მაგალითად, ბარსელონა მოიყვანა, იმის საჩვენებლად, რომ მოსახლეობის მტკიცე დგომით შესაძლებელია საფრთხესთან დაპირისპირება და გამკლავება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ფრანგები შეძლებდნენ ბრძოლის გაგრძელებას და ეს იმის და მიუხედავად, რომ ფრანგებსა და ბრიტანელებს ისტორიულად არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გააჩნდათ. ამ სიტყვებით კი დარბაზში არსებული დაძაბული ემოციური ფონი მცირედით მაინც გაანეიტრალა.

ჩერჩილი მოუწოდებდა ბრიტანელებს სიმამაცისა და შრომისკენ, რაც აუცილებლად დიდი გამარჯვებით დაჯილდოვდებოდა, თავისუფლება კი ყველას დაუბრუნდებოდა. იგი ამბობდა, რომ ნუ მოერიდებოდნენ მათ სამართლიან მოთხოვნებს და არ დაეთმოთ უმცირესიც კი. ჩეხები, პოლონელები, ნორვეგიელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები თავიანთ მიზნებით ჩვენს საქმეს შეუერთდებიან. სამართლიანობა ყველასთან აღსდგება.

აქ, პირველად, ჩერჩილი წყვეტს საუბარს მიმდინარე მოვლენების შესახებ და გადადის იმ თემებზე, რომლებიც მეორდება მის ყველა გამოსვლაში. ეს თემები ლაიტმოტივების მსგავსია, რომლებიც კარგად აღწერს პრემიერ მინისტრის პოლიტიკურ ხედვას. ისინი ქმნიან მარტივ, თანმიმდევრულ მთლიანობას და შეგვიძლია, ძირითადი საკითხები შემდეგ 5 წინადადებაში გამოვხატოთ:

  1. ჩვენ ვუპირისპირდებით ამაზრზენ სიბოროტეს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგეს.
  2. თუ ჩვენ გავუძლებთ, არა მხოლოდ ჩვენ თავებს ვიხსნით, არამედ მთელს კაცობრიობას.
  3. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს, რადგანაც ეს ისეთი საშიში ბოროტებაა, რომ ის სამუდამოდ უნდა გაქრეს.
  4. გზა გამარჯვებამდე გრძელი და რთული იქნება, ტკივილებითა და სიმწრით სავსე..
  5. …მაგრამ თუ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, ერთ მუშტად შევიკრებით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

ამ გზავნილებს ჩერჩილი მთელი ზაფხულის განმავლობაში იმეორებდა პარლამენტის, ბრიტანელ ხალხის, ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ს გასაგონად.

მას შემდეგ, რაც გამოსვლისას დანაწევრებული ევროპის სურათს თავი მოუყარა, ჩერჩილი საუბარს 180 სიტყვაში ჩატეული შემაჯამებელი, ბრწყინვალე, ეპილოგით ასრულებს. ეს იყო სიტყვები, რომლებმაც ბრიტანელ ხალხში იმედი გააღვივა და სიმამაცე დათესა. სწორედ ამ ეპილოგმა დაასათაურა „ბრიტანეთის ბრძოლა“. ამ სიტყვებით ნათელი გახდა, რომ რაღაც დიდი მოხდებოდა და რომ ეს არ იქნებოდა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავის საჰაერო შეტევა. ბოლოს, შეაჯამა თუ რას ნიშნავს იყო ბრიტანელი ორი თაობის მანძილზე, მათთვის ვინც, მაშინ ეს მოისმინა ტელეგადმოცემით და შესაძლოა იმ ახალი თაობისთვისაც, რომელსაც ახალი სასიკვდილო მტერი ელოდა წინ:

„ის, რასაც გენერალმა ვეიგანდმა უწოდა „საფრანგეთის ბრძოლა“ დასრულებულია. მოველი, რომ დაიწყება ბრიტანეთის ბრძოლა. ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული მთლიანი ქრისტიანული ცივილიზაციის გადარჩენის საკითხი. მასზეა დამოკიდებული, ჩვენი პირადი, ბრიტანული ცხოვრება, ჩვენი ინსტიტუციებისა და იმპერიის დღეგრძელობა. მტრის მთელი რისხვა და ძალა სულ მალე ჩვენკენ გამოემართება. ჰიტლერმა იცის, რომ ჩვენ ან ამ კუნძლზე უნდა გაგვტეხოს ან დამარცხდება. თუ ჩვენ მას წინ აღვუდგებით, შესაძლოა მთელი ევროპა გათავისუფლდეს და მსოფლიოს ცხოვრება წინ წავიდეს ფართო, მზით განათებულ მწვერვალებზე. მაგრამ თუ დავმარცხდებით, მაშინ მთელი მსოფლიო, შეერთებული შტატების ჩათვლით და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც ჩვენ ვიცით და ვუფრთხილდებით, ჩაიძირება ახალი ბნელი ხანის უფსკრულში, რომელიც უფრო საშინელი და, შესაძლოა, უფრო გაჭიანურებული იქნება გარყვნილი მეცნიერების სინათლით. მოდით, მოვალეობები შევასრულოთ და თამამად ვიბრძოლოთ ისე, რომ თუ ბრიტანეთის იმპერია და მისი თანამეგობრობა ათასი წელი კიდევ იარსებებს, ადამიანები მუდმივად ამბობდნენ: ეს მათი საუკეთესო საათი იყო.“

ტექსტის ძირითადი გზავნილი რა თქმა უნდა იყო ის, რომ ჩვენ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ და ყველას სასიკეთოდ უნდა აღვუდგეთ მტერს წინ, მოდით, ერთად ვიბრძოლოთ ხალხის საკეთილდღეოდ. სინამდვილეში, ამ სიტყვებში განსაკუთრებული და შთამაგონებელი არაფერია, პირიქით ცოტათი შემაშფოთებელია. ამიტომაც, ჩერჩილი ცდილობს იპოვოს ის გზა, რომლითაც კი არ შეაშინებს მოსახელობას, პირიქით, მოტივაციასა და გამრჯვების წყურვილს გაუღვივებს მათ. აქედან გამომდინარე, პრემიერ მინისტრი არა მხოლოდ უბრალოდ გადმოსცემს გზავნილს, არამედ ამდიდრებს მას და მთლიანად ცვლის მის დატვირთვასა და შინაარსს.


Churchill 'The battle of Britain is about to begin …' – World War II Today
Common Sense Society on Twitter: "#OnThisDay in 1940, Winston Churchill  delivered his famous “Finest Hour” speech, barely one month after beginning  his position as Prime Minister of the United Kingdom. (1/5) # WinstonChurchill #

ბრიტანული პრესა ჩერჩილის 18 ივნისის გამოსვლის შემდეგ


ახლა უფრო ღრმად განვიხილოთ ეპილოგში წარმოთქული სიტყვა. პრემიერ მინისტრის არგუმენტების სიძლიერე გამომდინარეობს ტექსტის სტრუქტურიდან, რომელიც ძალიან კომპლექსურია. სიტყვაში ავტორი ყველაზე ხშირად იყენებს სამი ფრაზის ჯგუფსა და კონტრასტულ წყვილებს. სხვათაშორის, სპიკერები ამგვარ მიდგომას ხშირად მიმართავენ, როდესაც ცდილობენ მოიზიდონ აუდიტორია, მათ შორის დღესაც რეგულარულად იყენებენ პოლიტიკოსები ამ ხერხს. ჩერჩილის შემთხვევაში ეს სტრუქტურა ყველაზე კარგად ჩანს, სადაც ფრაზების სამი ჯგუფი დანომრილია, ხოლო კონტრასტული წყვილები ასოებით არის აღნიშნული. მოდით, შევხედოთ მათ.

სამი ბრძოლა: 1. „ის, რასაც გენერალმა ვეიგანდმა უწოდა „საფრანგეთის ბრძოლა“ დასრულებულია.“ 2. „მოველი, რომ დაიწყება ბრძოლა ბრიტანეთისთვის.“ 3. „ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული მთლიანი ქრისტიანული ცივილიზაციის გადარჩენის საკითხი.“

სამი საფრთხე: 1. „მასზეა დამოკიდებული, ჩვენი პირადი, ბრიტანული ცხოვრება… 2. ჩვენი ინსტიტუციებისა და… 3. იმპერიის დღეგრძელობა.“

2 კონტრასტი, ჩვენ და ისინი: (ა) მტრის მთელი რისხვა და (ბ) ძალა ძალიან მალე ჩვენკენ გამოემართება. (ა) ჰიტლერმა იცის, რომ ჩვენ ან ამ კუნძლზე უნდა გაგვტეხოს (ბ) ან დამარცხდება.

ალტერნატივები და სიტყვა „ჩვენ“-ის წინ: (ა) თუ ჩვენ მას წინ აღვუდგებით, (1) შეიძლება მთელი ევროპა თავისუფალი იყოს და (2) მსოფლიოს ცხოვრება წინ გადავიდეს (3) ფართო, მზით განათებულ მწვერვალებზე. (ბ) მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, (1) მაშინ მთელი მსოფლიო, შეერთებული შტატების ჩათვლით და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც ჩვენ ვიცით და ვუფრთხილდებით (2) ჩაიძირება ახალი ბნელი ხანის უფსკრულში, რომელიც უფრო საშინელი და, შესაძლოა, უფრო გაჭიანურებული იქნება გარყვნილი მეცნიერების სინათლით.

შედეგი: მოდით, (1) მოვალეობები შევასრულოთ და (2) თამამად ვიბრძოლოთ ისე, რომ (3) თუ ბრიტანეთის იმპერია და მისი თანამეგობრობა ათასი წელი კიდევ იარსებებს, (4) ადამიანები მუდმივად ამბობდნენ: „ეს მათი საუკეთესო საათი იყო”.

სამეულები და წყვილები წინადადების სტრუქტურაში კიდევ უფრო ღრმავდება დამატებითი კონტრასტების შემოტანით, რაც გამოიხატება იმ ალტერნატივებში და რიტორიკულ ნიმუშებში, როგორიცაა „და ალბათ უფრო მეტად გაჭინაურებულია“ და დამამთავრებელ წინადადებაში („თუ ბრიტანეთის იმპერია და მისი თანამეგობრობა ათასი წელი კიდევ იარსებებს“). ორივე შემთხვევაში ის სიტყვას ნაკლებ ფორმალურს და შაბლონურს ხდის და მსმენელს აცნობებს გაურკვეველი მომავლის შესახებ („შესაძლოა“ და „თუ“). ამ გზით, ჩერჩილი ცდილობს მეტი სიმტკიცე და დამაჯერებლობა შემატოს იმ გარდაუვალ მოვლენებს, რომელთა შესახებაც ის სიტყვის დასაწყისში აფრთხილებს მოსახლეობას.


Winston Churchill's first wartime broadcast - History of the BBC

თუკი წინადადებას შევხედავთ სემანტიკურად და არა სტრუქტურულად ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს თვითრეფერენციულ სისტემასთან. წინადადები ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშიებულია და აღწერს, მოვლენების განვითარებას და თანმიმდევრობას.

სიტუაცია და მიზეზის აღწერა:  (ა). ის, რასაც გენერალმა ვეიგანდმა უწოდა „საფრანგეთის ბრძოლა“ დასრულებულია. (ბ). მოველი, რომ დაიწყება ბრძოლა ბრიტანეთისთვის. (გ). ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული მთლიანი ქრისტიანული ცივილიზაციის გადარჩენის საკითხი. (დ). მასზეა დამოკიდებული ჩვენი პირადი ბრიტანული ცხოვრება, ჩვენი ინსტიტუციებისა და იმპერიის დღეგრძელობა.

ის, რაც უკვე აუცილებლად მოხდება: (ა). მტრის მთელი რისხვა და ძალა ძალიან მალე ჩვენსკენ გამოემართება. (ბ). ჰიტლერმა იცის, რომ ჩვენ ამ კუნძლზე უნდა გაგვტეხოს ან დამარცხდება.

როგორ იმქომედებს ჩვენს ქცევასა და არჩევანზე: (ა). თუ ჩვენ მას წინ აღვუდგებით, შესაძლოა მთელი ევროპა გათავისუფლდეს და მსოფლიოს ცხოვრება წინ წავიდეს ფართო, მზით განათებულ მწვერვალებზე. (ბ). მაგრამ თუ დავმარცხდებით, მაშინ მთელი მსოფლიო, შეერთებული შტატების ჩათვლით და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც ჩვენ ვიცით და ვუფრთხილდებით, ჩაიძირება ახალი ბნელი ხანის უფსკრულში, რომელიც უფრო საშინელი და, შესაძლოა, უფრო გაჭიანურებული იქნება გარყვნილი მეცნიერების სინათლით.

შედეგი: (გ). მოდით, მოვალეობები შევასრულოთ და თამამად ვიბრძოლოთ ისე, რომ თუ ბრიტანეთის იმპერია და მისი თანამეგობრობა ათასი წელი კიდევ იარსებებს, ადამიანები მუდმივად ამბობდნენ: „ეს მათი საუკეთესო საათი იყო”.

პირველი სამი წინადადება სამ სხვადასხვა ბრძოლას აკავშირებს. პირველი მიმდინარეობდა საფრანგეთში, უახლოეს წარსულში. მეორე, უახლოეს მომავალში, ბრიტანეთში. მესამე წინადადება შოკია, რადგან იგი ამ მეორე ბრძოლას უკავშირებს მთელ “ქრისტიანულ ცივილიზაციას”. ეს ბრძოლა არ იქნება მხოლოდ ტერიტორიისთვის, არამედ ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნებისათვის. დასაცავი იქნება არა მხოლოდ სივრცე, არამედ დროც, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც შესაძლოა წარსულიც გაბათილდეს და მომავალსაც ემუქრებოდეს.

ამის შემდეგ, უკვე მიმართვაა პირდაპირ გზავნილის ადრესატებისკენ ანუ „ჩვენ“-კენ. ნაცვალსახელი „ჩვენ“ გამოხატავს მათ ვისაც მოუწოდებენ აქტივობისკენ, მოქმედებისკენ, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. პირველი პირის მრავლობითი ფორმა არანაკლებ 11-ჯერ გვხდება სიტყვაში. საინტერესოა, რომ ტექსტის დამაგვირგვინებელი ფრაზის ძალაც „ეს მათი საუკეთესო საათი იყო“ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს პერსპექტივის ერთგვარის შემობრუნებაა, რადგანაც სიტყვა „,მათის“ მიღმა „ჩვენ“ იკითხება. პირველიდან მესამე პირზე გადასვლა, მინიშნებაა იმაზე თუ „ჩვენ“ რა უნდა გავაკეთოთ, მიმართებაა იმაზე თუ როგორ განგვსჯიან სხვები „ჩვენ“. ეს კი არის ერთადერთი ჯილდო და აღიარება, რასაც ჩერჩილი გვთვაზობს: მომავალ თაობებში აღიარებულნი ვიყოთ, ისტორიის ნაწილი გავხდეთ, არა პირდაპირ შთამომავლების მახსოვრობაში, არამედ ზოგადად ადამიანების, მომავალი ბრიტანელების გმირებად ვიქცეთ. ამ გზით ჩერჩილი მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას მითი, ზუსტად ისევე, როგორც ჰომეროსი ქმნიდა ტროას ბერძნული არმიისთვის და ჰპირდებოდა, მათი საგმირო საქმეების შემთხვევაში, თავიანთ სახელს უკვდავჰყოფდნენ. ჩერჩილიც, ანტიკური ეპოქის პოეტის მსგავსად, ჰპირდება თავის თანამემამულეებს სამომავლო ეპიკური პოპულარობის შესაძლებლობას, როგორც ყველაზე ძვირფასს მონაპოვარს.

შევხედოთ, როგორ განსაზღვრას პრემიერ-მინისტრი საფრთხეს. იგი ხაზს უსვამს ყველაზე მნიშვნელოვანს – ვის ემუქრებიან? „ჩვენ“ – “ბრიტანეთს”, “ბრიტანელ ხალხს” და “ჩვენს იმპერიას”. იგივეს იმეორებს და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ მიდგომას ბოლო წინადადებაში: “ბრიტანეთის იმპერია და მისი თანამეგობრობა”. გამოდის, რომ ჩერჩილი გვეუბნება, რომ საფრთხის წინაშე დგას არა მხოლოდ სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც უკვე დაკარგულია, არამედ გლობალური იმპერია. მარცხი კი „მთელ სამყაროზე“ იქონიებს დიდ გავლენას. თუმცა, აქვე ახსენებს აუდიტორიას, რომ ბრიტანეთს შეეძლო რესურსების უკეთ გამოყენება, რაც ვერცერთმა ევროპულა სახელმწიფომ ვერ შეძლო. რეალურად ეს სიტყვები უბრალო სულაც არ იყო: კანადელი ჯარები უკვე იმყოფებოდნენ ბრიტანეთში, ხოლო ბრიტანელთა არმიის შემადგენლობაში მფრინავების 10% მთლიანად თანამეგობრობის ქვეყნებიდან იყვნენ. ასევე იყვნენ ჯარისკაცები ევროპის ოკუპირებული ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან.

ტექსტსი ვხვდებით სამ სხვადასხვა ცივილიზაციას, რომელთა დაცვასაც ჩერჩილი „ჩვენგან“ ითხოვს: “საფრანგეთი”, “მთელი ევროპა” და “შეერთებული შტატები”. მისი აზრით, პირველი დაკარგულია, მეორე დაიმორჩილეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია გათავისუფლება, მესამეს კი დაემუქრა. აღნიშნული სამი, “ბრიტანეთის იმპერიასა და მის თანამეგობრობასთან” ერთად, წარმოადგენს “ქრისტიანულ ცივილიზაციას”, რომელიც საფრთხეშია და შეიძლება ჩაიძიროს “ახალი ბნელი ხანის” მორევში.

მივედით შინაარსობრივი მხარის განხილვაზეც. სიტყვის პირველ ნაწილში, აზრი საკმაოდ ფართოდ არის გადმოცემული, სადაც მოვლენები კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ ვითარდება. მეორე ნაწილში, ის კვლავ კონკრეტულს უბრუნდება, მანამ სანამ მესამე და ბოლო ნაწილში ტექსტი მიმართულებას არ შეიცვლის უფრო მეტად გლობალური სივრცისკენ, სადაც უკვე ასახულია წარსულის და შესაძლო მომავლის მოვლენები. „საათის“ დროს, როდესაც ბრიტანელებს თავინათ საუკეთესო თავი უნდა წარმოაჩინონ, „კუნძული“ მოთავსებულია კაცობრიობის ისტორიის ცენტრში.

ამ გზით, ჩერჩილი აკეთებს პასაჟს სამ კონტრასტზე. პირველი, ეხება დროით კონტრასტს ბნელ საუკუნეებსა და მოსალოდნელ „შავ-ბნელ მომავალს“ შორის, „საუკეთესო საათის“ საპირისპიროდ, როდესაც „ჩვენ“ მოგვიწოდებს თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად. მეორე კონტრასტი ეხება სივრცეს, „მთელი ევროპა“ და „აშშ“ ერთ მხარეს, მეორე მხარეს „კუნძული“. მესამე კონტრასტი კი ეხება დაზარალებული ადამიანების რაოდენობას -„მთელი სამყარო“ და „ჩვენ“.

შემდგომი კონტრასტია 3a და 3b სექციებში. ფრაზა “წინ გადაადგილება ფართო, მზისგან განათებულ მწვერვალებზე” და “ახალი ბნელი ხანის უფსკრულში ჩაძირვა”. ტერმინი “მზით განათებული მწვერვალები”, ალბათ, გამოძახილია ჰერბერტ უელსის  წიგნიდან “მომავლის აღმოჩენა”, რომელშიც უელსი აღნიშნავს “მომავლის მაღლობებს”. ჰერბერთ უელსი მისი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი გახლდათ და რა გასაკვირა, რომ მის ფრაზებს ვხვდებით ჩერჩილის გმაოსვლებში. საჰაერო იერიშებზე საუბრისასაც, ჩერჩილი უელსის პასაჟებს იყენებს ნოველადან „ომი ჰაერში“. ჩერჩილი, თავისი ენციკლოპედიური მეხსიერებაში დამახსოვრებულ ლიტერატურულ ფრაზებს ხშირად იყენებდა სხვადასხვა სიტყვით გამოსვლისას და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო.

ჩერჩილის სიტყვებში არა მხოლოდ ლიტერატურული პარალელები შეგვიძლია დავინახოთ. ფრაზა „გარყვნილი მეცნიერების სინათლე“ იერონიმუს ბოსხის ნახატის, ტრიპტიხის ჯოჯეხეთის ნაწილში, ბნელ კუთხეში ადამიანებზე ჩატარებულ სასტიკ ექსპერიმეტებს გვახსენებს. ამ სიტყვებს ჩერჩილი მოგვიანებით გამოიყენებს რადიო ინტერვიუში, რომელიც მისცა პრეზიდენტ რუზველტან შეხვედრის თაობაზე და სადაც უფრო ნათელი ხდება თუ რას გულისხმობდა „გარყვნილი მეცნიერების“ მიღმა: „ჰიტლერს აქვს იარაღები და ტექნიკა, დაპყრობილი ქვეყნების დასამორჩილებლად და გასანადგურებლად, რომელიც თანამედროვე მეცნიერების პროდუქტია,  სამწუხაროდ, გარყვნილი პროდუქტი.“ ეს ნამდვილად იყო ჩერჩილის გენიალური წინდახედულობისა და მომავლის განჭვრეტის თვისება, რადგანაც 1940 წლისთვის გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოყენებული.

მთლიანობაში ჩერჩილი ძალიან მარტივ ენაზე, ყველასთვის გასაგებად საუბრობს. სწორედ ამიტომ, მით უფრო გენიალურია ჩერჩილის იმ ეპოქის პოლიტიკური და სტრატეგიული მდგომარეობის გააზრება და გაგება, რომელიც მან ამ გამოსვლისას ყველას აჩვენა. მიუხედავად ერთი ტექსტისა, ფორმა და შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ეს კი უმაღლესი დონის მიღწევაა.


შენიშვნები და წყაროები:

სტატია მომზადებულია winstonchurchill.org/-ზე გამოქვეყნებული სტატის მიხედვით “მისი სიტყვა: როგორ ახერხებდა ჩერჩილი ამას”. ავტორი: დოქტორი სტივენ ბანგი.