ავტორი: შიო აბრახამია, დირიჟორი, თ.ს.კ-ის მუსიკოლოგიის მიმართულების დოქტორანტი.
გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სმარტბლოგი ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge
.
ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის სათავეები შუა საუკუნეებში, ეკლესიის წიაღში უნდა ვეძიოთ. სწორედ ძველ საეკლესიო გალობასთან ჩამოყალიბდა ქართული პროფესიული საგუნდო შემსრულებლობის ტრადიცია, ვინაიდან მგალობლები იყვნენ ამ მიზნით განსწავლული, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი შემსრულებლები. ცნობილია, თუკი საერო, ტრადიციული სიმღერა, ჩვეულებრივ არაფორმალურად, ყოფაში ისწავლებოდა, საეკლესიო გალობას, როგორც პროფესიულ ხელოვნებას, მგალობლები საგანგებოდ მის მცოდნეთაგან ეუფლებოდნენ.
დიდია ეკლესიის როლი, ევროპული აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის ჩამოყალიბებაშიც. ისიც ასევე ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა, შემდგომ დიდი განვითარება ჰპოვა და შექმნა სპეციფიკური საშემსრულებლო სტილი. ახალმა ქართულმა საკომპოზიტორო მუსიკამ კი ტრადიციული შემსრულებლობისთვის უჩვეულო, სწორედ ევროპულ ოთხხმიანობასა და საგუნდო შემადგენლობას (შერეული ტიპის გუნდი) სტილურ საფუძვლად შუა საუკუნეების სამხმიანობა და მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ინტონაციურ-ჰარმონიული ენა დაუდო. ქართული მუსიკის ევროპულ სტილში გაოთხხმიანების პროცესი კი უკვე მე-19 საუკუნეში დაიწყო და ის მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ საკმაოდ ბევრი ისტორიული ცნობა არსებობს. ეს პერიოდი დიდი სირთულეებითა და წინააღმდეგობებით ხასიათდება: რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ბრძოლა ქართული ენის, ქართული გალობის წინააღმდეგ. ამ პროცესების დიპლომატიური მიზანი არსებული კულტურის რუსულით ჩანაცვლება გახლდათ. ევროპულ ნიადაგზე განვითარებული რუსული კულტურის საქართველოში იძულებით გავრცელება კი საქართველოსთვის ევროპულ ცივილიზაციასთან კვლავ დაახლოებას ნიშნავდა, რითაც რუსეთთან კულტურული კავშირი პოზიტიურ მხარეს წარმოაჩენდა. ამას გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსიფიკაციის პოლიტიკამ ქართულ ინტელიგენციაში უკვე 1860-იანი წლებიდან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივება გამოიწვია.
საინტერესოა, რომ ქართულმა ინტელიგენციამ და საეკლესიო მოღვაწეთა მოწინავე ჯგუფმა იმპერიის პირობებში ქართულ საეკლესიო გალობის აღდგენაზე ზრუნვა და მისი ევროპულ სანოტო სისტემაზე გადატანა დაიწყო.
როგორც ირკვევა, ახალი პროფესიული საგუნდო მუსიკის ჩამოყალიბებისკენ მიმავალი გზა საქართველოში საეკლესიო და სასწავლო გუნდების ცალკეული ლოტბარების ექსპერიმენტებს უკავშირდება, რომლებიც სამხმიანი გალობის გაოთხხმიანებას გულისხმობდა. ეს ექსპერიმენტი კი რუსეთის ეკლესიას შემოჰყვა. ვინაიდან, რუსიფიკაციის პირობებში ეკლესიიდან განიდევნა ქართული გალობა, ამ ლოტბარებმა მისი გადარჩენისა და ეკლესიაში დაბრუნების ერთ-ერთ გზად საწყის ეტაპზე, საგალობელთა „ევროპეიზაცია“ დაისახეს.
ქაშუეთის ტაძარი, მე-19 საუკუნე.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის ჩამოყალიბების შესახებ მრავალი ცნობა არსებობს, მისი სათავეების ძიებისას ბევრი ისეთი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. ამ კუთხით ახალ ცოდნას სხვადასხვა საგაზეთო პუბლიკაციაში გაბნეული სტატიები და წერილები იძლევა. ისინი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან საქართველოში პირველი ევროპული შერეული ტიპის გუნდის გამოჩენისა და პირველი ქართული ოთხხმიანი საგუნდო a cappella მუსიკის ნიმუშების შესახებ და ახალი, მანამდე უცნობი ფაქტებით ამდიდრებენ პროფესიული საგუნდო მუსიკის სათავეებთან დაკავშირებულ ისტორიას. ამ ფაქტების თავმოყრა საშუალებას გვაძლევს, უფრო ნათლად წამრმოვიდგინოთ, თუ როგორ მოხდა ევროპული საგუნდო კულტურის საქართველოში დამკვიდრება. როგორც აღმოჩნდა, ხარლამპი სავანელის საგუნდო კლასი არ იყო პირველი სასწავლო გუნდი და ის გაცილებით ადრე, ისიც არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში ჩამოყალიბდა სიმღერა-გალობის მოყვარული პედაგოგის მიერ. ასევე, იგივე მასალები გვიცვლის წარმოდგენას საქართველოში პირველი შერეული ტიპის გუნდის გამოჩენის შესახებ, რომელიც აქამდე გავრცელებული ისტორიული ცნობით იტალიური საოპერო დასის მიერ თბილისში 1851 წელს პირველი ევროპული ოპერის დადგმას უკავშირდებოდა.
პირველი საეკლსიო სასწავლო და შერეული გუნდები საქარველოში
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში პირველი შერეული გუნდი რუსი ეგზარქოსის – თეოფილაქტე რუსანოვის სახელს უკავშირდება. ისტორიულად ცნობილი ქართველთ მოძულე ეგზარქოსი საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდა, რომელმაც თან რუსული შერეული გუნდი პირად მსახურებებზე გალობისთვის ჩამოიყვანა. ასე განიდევნა პირველად საქართველოს კათედრალური ტაძრიდან ქართული გალობა. მისივე გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან ეტაპობრივად იხსნება სასულიერო სემინარიები გორში, თელავსა და სიღნაღში. ისე, როგორც აღნიშნულ სემინარიებში, ასევე მანამდე – 1804 წელს შექმნილ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში საგნების უმეტესობა რუსულ ენაზე ისწავლებოდა და არც ერთ მათგანში მუსიკა, გალობა არ შედიოდა. ეგზარქოსმა მტრობა გამოუცხადა ქართულ საეკლესიო გალობას. გაუქმდა სამღვდელმთავრო გუნდები; სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებში, სადაც ერთ-ერთი წამყვანი დისციპლინა საეკლესიო გალობა უნდა ყოფილიყო, ის საერთოდ აიკრძალა (ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სემინარიებში თავდაპირველად გალობა არ ისწავლებოდა, მრავლადაა დაცული საქართველოს ცენტრალური არქივის ფონდებში[1]). ბუნებრივია, ქართული გალობა არც განიხილებოდა, ხოლო რუსული გალობის მცოდნეთა რაოდენობა საწყის წლებში არც თუ მრავლად იყო, ამიტომ რუსული გალობის სწავლება ეტაპობრივად, მოგვიანებით იწყება. თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლეთა ერთ-ერთი გახმაურებული გაფიცვის მიზეზიც ის იყო, რომ რექტორმა მათ ურჩია, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც არაჰარმონიული, დაევიწყებინათ[2]. ერთადერთი რგოლი, რომელიც ამ უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობდა, სასულიერო პირთა ოჯახები და ცალკეული მგალობელ-ლოტბარებიღა იყვნენ. ასე ეტაპობრივად, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ტაძრებში დაიწყო რუსული გალობისა და შერეული ტიპის გუნდების პროპაგანდა.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რუსულ საეკლესიო გალობასა და სიმღერას, თბილისსა და ქუთაისში 60-იანი წლებში ასწავლიდნენ ლოტბარები: ანდრია მრევლიშვილი, ქრისტეფორე გროზდოვი (ქუთაისის პირველდაწყებითი სკოლა) და მიხეილ მაჭავარიანი (თბილისის სემინარია). ისინი რუსული საეკლსიო გალობის სწავლებით იწყებენ ლოტბარობას, ხოლო მკაცრი საეკლესიო პოლიტიკის შერბილების შემდგომ რუსულ მუსიკას ქართულ გალობასაც უთავსებენ. 1850-იან წლებში ქუთაისში არსებობდა პირველდაწყებითი სკოლა, სადაც მისმა მმართველმა, ანდრია მრევლიშვილმა ჩამოაყლიბა მოსწავლეთა 2 გუნდი, საერო და სასულიერო. სასულიერო გუნდს თავად ხელმძღვანელობდა, ხოლო საერო გუნდს მისი სიძე, რუსი მუსიკოსი – ქრისტეფორე გროზდოვი. ორივე გუნდის შემთხვევაში, თავდაპირველად აღსაზრდელები ეუფლებოდნენ რუსი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებს. ამ საკითხს თავის მონოგრაფიაში ეხება არჩილ მშველიძეც. ავტორი ხაზს უსვამს მრევლიშვილის ღრმა ცოდნას ქართულ ხალხურ და საეკლესიო მუსიკაში, თუმცა დასძენს, რომ მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება[3].
აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის პირველი ცდები
ლოტბარ ანდრია მრევლიშვილის შესახებ არსებული მრავალრიცხოვანი მასალა თავმოყრილია მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთებიდან, თუ სსცა-ს (არქივის) ფონდებში დაცული საქმეებიდან. ანდრია მრევლიშვილი ის დიდი მამულიშვილია, რომელიც 1860-იან წლებში ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში სასწავლო ბავშვთა გუნდებისა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მრევლიშვილს რეპერტუარში ჰქონდა რუსი კომპოზიტორების – ბორტნიანსკისა და ტურჩანინოვის საავტორო სასულიერო მუსიკა, რომელიც როგორც სამი, ისე ოთხი და მეტი ხმისთვისაცაა შექმნილი. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასწავლო ბავშთა გუნდი მრევლიშვილის ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ 60-იან წლებში ოთხხმიან ევროპულ მუსიკასაც ასრულებდა. ანდრია მრევლიშვილის დამსახურება ქართული გალობის წინაშეც უდიდესია: ის ზოგადად პირველია, ვინც მე-19 საუნუკის 50-იან წლებში იწყებს ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანას, ოდნავ მოგვიანებით კი ევროპულ ყაიდაზე ოთხხმიანი გუნდებისთვის გარდაქმნას[4],[5]. ეს უკანასკნელი სწორედ ის მოვლენაა, რასაც ქართული საეკლესიო და საერო ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის მხრიდან დიდი წინააღმდეგობები ახლდა თან, თუმცა რუსიფიკაციის პირობებში ანდრია მრევლიშვილმა, იოსებ მონადირიშვილთან და ანდრია ბენაშვილთან ერთად, ქართული გალობის ზოგადევროპულ ოთხხმიან წყობაში მოქცევით ეს გზა გამონახეს მის გადასარჩენად და ქართულ ტაძრებში იძულებით დამკვიდრებული რუსული გალობის ალტერნატივად, რაც შედეგად მომავალში პირველი ქართული კლასიკური a cappella საგუნდო ნაწარმოებების წანამძღვრებად მოგვევლინება.
ანდრია მრევლიშვილი 40 წელი ემსახურა ახალგაზრდების სწავლა-განათლების საკითხს, რასაც, პარალელურად, იმ რთულ ვითარებაში ქართული გალობის აღდგენა-ჩაწერის საქმე შეუთავსა.
აღმზრდელობითი მეთოდით სახელგანთქმული მრევლიშვილი 1857 წელს ინიშნება ქუთაისის პირველდაწყებითი ორწლიანი სასწავლებლის მმართველად და რუსული ენისა და მათემატიკის პედაგოგად, რომელიც იმავე პერიოდში, მისი ნაყოფიერი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დასავლეთ საქართველოს საუკეთესო სასწავლებლად სახელდებოდა. საკუთარი სიბრძნისა და დიპლომატიის წყალობით მან სწორად აუღო ალღო 1860-70-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და სწორედ ამ დიპლომატიითა და მოქნილი პოლიტიკით სკოლაში გააუმჯობესა ქართული ენის სწავლება და რუსული გალობის პარალელურად ხელი მიჰყო ქართული გალობის სწავლებას. შემდგომ იგი რეგენტად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშიც იწყებს მუშაობას. ეს ის პერიოდია, როდესაც ეგზარქოს რუსანოვის პოლიტიკამ შედეგი მკაფიოდ გამოიღო და ქართული სიმღერა-გალობა თანდათან მივიწყებას ეძლეოდა. როგორც 1870-80-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებიდან ირკვევა („ივერია“, „ცისკარი“, „დროება“), პირველმა სწორედ მრევლიშვილმა 1850 წელს მიჰყო ხელი „კარბელოვის კილოს“ (კარბელაშვილი) სწავლებასა და ნოტებზე გადატანას და გამოსაცემად მოამზადა მთელი კრებული[6]. მის შესახებ, ასევე საინტერესო ცნობას გვაწვდის 1884 წლის ჟურნალი „წყემსის“ #14-ში გამოქვეყნებული სტატია – „ნოტებით ქართული გალობა ეკლესიაში“. სტატიის ავტორი ეხება, შორაპნის ეკლესიაში პირველად მთელი წირვის ქართულად, ნოტებით სამ ხმაში გალობას[7]. მგალობელთა მცირე შემადგენლობა, რომელიც შედგებოდა ანდრია მრევლიშვილის, მისი ოთხი ქალიშვილისა და სიძის – ქრ. გროზდოვისაგან, იგალობებს მრევლიშვილის მიერ 40 წლის წინ (!) ნოტებზე გადაღებული კარბელაშვილის კილოს გალობას (სტატიაში გვარები მოხსენიებულია მრევლოვად და კარბელოვად). ამავე სტატიიდან ვიგებთ, რომ ეს სანოტო ჩანაწერები მრევლიშვილს ბევრად ადრე წარუდგენია ეგზარქოს ისიდორესთვის (ისიდორე ნიკოლსკი, საქართველოს ეკლსიის ეგზარქოსი 1844-58 წწ.), თუმცა ბუნებრივია, რომ მან ნება არ დართო ქართული გალობის სასწავლებლებში შეტანისა. საგაზეთო პუბლიკაციებიდან ვიგებთ, რომ ამ საქმის შემდგომი მოთავენი ხარვეზებს ხედავდნენ მრევლიშვილის სანოტო ვარიანტებში[8]’[9]. მოგვიანებით მის გამოცემას ხელი არც გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეუწყო.
რაც შეეხება ამ კომიტეტს: იყო მოსაზრება, რომ თბილისში 1860 წლიდან არსებობდა „ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტი“, რომლის უმთავრესი მიზანიც, სწორედ საგალობელთა ნოტებზე გადატანა იყო. თუმცა, როგორც კვლევა აჩვენებს, კომიტეტის ამ პერიოდში არსებობის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება. კომიტეტის საქმიანობა მოგვიანებით, 1878 წლის იანვრიდან იწყება, რაც ამავე წლის 18 ივნისის გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის სტატიიდან დასტურდება[10].
ქართული გალობის გადარჩენაზე ფიქრი საეკლესიო და საერო ინტელიგენციამ, რეალურად ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანის ვრცელი, შეგონებითი წერილის შემდეგ დაიწყო, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ 1861 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა[11]. სტატიაში იგი განგაშის ზარს სცემს ქართული გალობის გადაშენების საფრთხის გამო. ამავე სტატიიდან ვიგებთ, რომ დედაქალაქში უკვე აღარ ისმის ქართული გალობა და ის მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სოფლებში შემორჩა, სადაც მარტივად ვერ ჩააღწია დამპყრობლური პოლიტიკის გამტარებელი ეკლესიის ხმამ. ავტორი მოუწოდებს ქართულ ინტელიგენციას, მუსიკოსებს, რომ გაერთიანდნენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გადასარჩენად და დროულად დაიწყონ მისი აღდგენა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული წერილი სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა გალობის გადარჩენით დაინტერესებულთათის, ვინაიდან მას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვა. მსგავსი შინაარსის შემდეგი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, სადაც ქართული სიმღერა-გალობის საკითხს დიდი ადგილი დაეთმო, დავით მაჩაბლის მიერ 1864 წელს ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია „ქართველთა ზნეობანი“ იყო.
ჟურნალი „ცისკარი“ 1861, N:1 – ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი. „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“ (წყარო: EL.ge
).
ქართული გალობის რუსულის პარალელურად სწავლებისა და მისი ნოტებზე გადატანის შემდეგ, ლოტბართა მცირე ნაწილი, ტაძარში დაბრუნების მიზნით იწყებს მისი შერეული გუნდისთვის, ევროპული სტანდარტებით გაოთხხმიანებას. ზემოაღნიშნულის მსგავსად, ამ საქმეშიც პირველი მერცხალი ანდრია მრევლიშვილი აღმოჩნდა. 1877 წელს მან დაიწყო ქართული საგალობლების ოთხხმიანი, შერეული ტიპის გუნდებისთვის გარდაქმნა[12], რაც სწორედ ქართული საგუნდო მუსიკის „ევროპეიზაციის“ პირველი მცდელობა იყო. ამ დროს დედაქალაქის დიდ ტაძრებში უკვე ფეხს იკიდებდა არაქართველი მრევლისაგან დაკომპლექტებული შერეული ტიპის გუნდები. მაგალითად, სიონის კათედრალის გარდა, ასეთი აღსანიშნავი გუნდი იყო ავლაბრის წმინდა მარინეს ტაძრის მგალობელთა გუნდი, რომელმაც სწორედ ქართველი მუსიკოსების (მრევლიშვილის, ბენაშვილის, მონადირიშვილის) მიერ ოთხ ხმაში დამუშავებული საგალობლების შესრულება წირვის იმ ნაწილში დაიწყო, როდესაც მსახურება არ მიმდინარეობს („განიცადენი“). ასე დაიწყო ქართულ ტაძრებში ევროპულ ყაიდაზე მორგებული ქართული საგალობლების თანდათან შესვლა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მისი გზის გამგრძელებლებისგან განსხვავებით, მრევლიშვილის მიერ ნოტებზე გადატანილი უმრავლესი ტრადიციული, თუ მის მერ გაოთხხმიანებული ქართული საგალობლების ბედი გაურკვეველია. ვფიქრობ, მისი ოთხხმიანი სანოტო მასალის აღმოჩენა, როგორც ქართული აკადემიური a cappella მუსიკის პირველი მაგალითებისა, უთუოდ გაამდიდრებდა ქართული პროფესიული სამუსიკო ხელოვნების ისტორიას[13].
იმ პერიოდის მუსიკალური საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქართული გალობის გაოთხხმიანების ფაქტს კრიტიკულად შეხვდა. ასეთ მაგალითებს ზოგიერთი მათგანი „გადამახინჯებულსა“ და „არა ნამდვილს“ უწოდებდა, ხოლო გალობის გამრავალხმიანების ინიციატორ-შემსრულებლებს „ცრუ კომპოზიტორებს“[14],[15]. უდავოდ, სავსებით ლოგიკური იყო ასეთი რეაქცია, ვინაიდან ქართული გალობა კარგავდა მის ტრადიციულ და ორიგინალურ სახეს. მიუხედავად ამისა, იყო მეორე მხარე, რომელიც ქართული გალობის გამრავალხმიანებაში პოზიტიურ ნიშნებს ხედავდა. მოგვიანებით ასეთები იყვნენ: ზაქარია ფალიაშვილი, ანდრია ყარაშვილი, ია კარგარეთელი, ნიკოლაი კლენოვსკი. ისინი ამ საქმეს უკვე ახალ – მე-20 საუკუნეში თავად განაგრძობენ. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან კი ანდრია მრევლიშვილის დაწყებული საქმე ჩვენს ეკლესიებში არსებული შერეული ტიპის საეკლესიო გუნდებისთვის მიხეილ მაჭავარიანმა, დავით კუჭაიძემ, ანდრია ბენაშვილმა, ნიკო შარაბიძემ, კორნელი მაღრაძემ განაგრძეს. მათგან კუჭაიძეს ეკუთვნის კრებული „Партитура Грузинских Напевов“ სადაც ქართული გალობის მისეული 4 და 6 ხმიანი ვარიანტებია, ხოლო ანდრია ბენაშვილს ეკუთვნის წირვა – ლოცვის, პანაშვიდის საგალობლები და ტროპრების 60-მდე ოთხხმიანი საგალობლები.
ახალი პროფესიული საგუნდო ხელოვნების სათავეებთან, ასევე მნიშვნელოვანი, და ვფიქრობ, სათანადოდ დაუფასებელი ფიგურაა იოსებ მონადირიშვილი (1971-1916). თელავისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში სწავლის დასრულების შემდეგ სრულიად ახალგაზრდა მიემგზავრება დორპატის (ტარტუს) უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტშივე მაღალ დონეზე ეუფლება მუსიკას. 1892 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა მშობლიურ ქ. თელავში განაგრძო, სადაც მან, პირველმა ქართველი მომღერლების შემადგენლობით დააარსა ევროპული ტიპი შერეული გუნდი, რომლის სამოღვაწეო ასპარეზი არა მხოლოდ ეკლესია, არამედ საკონცერტო სცენა ხდება. მოგვიანებით კი ის თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მგალობელთა გუნდის ლოტბარი ხდება. მონადირიშვილი, ასევე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ნოტებზე გადაიტანა სასულიერო საგალობლები და ხალხური სიმღერები; ამავე დროს ავტორია ოთხხმიანი პასექის ტროპრებისა, რომანსებისა; მართავდა საგუნდო მუსიკის კონცერტებს, ლიტერატურულ-თეატრალურ საღამოებს; იყო ერთ-ერთი მოთავე თბილისში ქართული გიმნაზიის შენობის აგების; ასევე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1893 წელს მონადირიშვილი თელავში ქმნის შერეულ გუნდს და იწყებს გუნდის კვალიფიციურ მომზადებას. რეპერტუარში მის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი ნაწარმოებების გარდა, ახალი ქართული სასულიერო მუსიკის სწორედ ის ოთხხმიანი ნიმუშებიც იყო, რითაც ქართულ სინამდვილეში პროფესიული a cappella საგუნდო მუსიკის ისტორია იწყება (ბენაშვილი, მონადირიშვილი და სხვა…). ცნობილია, რომ 1893 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელს ეწვია ილია ჭავჭავაძე, სადაც მან მოისმინა აღნიშნული გუნდი. ნანახით აღფრთოვანებულმა, პროგრესული ევროპული ხედვებით მოაზროვნე ილიამ მაღალი შეფასება მისცა კონცერტს და მონადირიშვილს თბილისში, ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში გადმოსვლა ამავე საქმიანობის გასაგრძელებლად შესთავაზა. სხვადასხვა მიზეზის გამო ილიას შეთავაზებას მონადირიშვილი 3 წლის შემდეგ – 1896 წელს მიიღებს. 1896 წელი ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკისთვის საყურადღებო და უმნიშვნელოვანესი თარიღია, ვინაიდან სწორედ ილიას ხელშეწყობით თბილისის ქაშუეთის ტაძარში მონადირიშვილის „ქართული ხოროს“ მონაწილეობით შედგება ახალი ქართული სასულიერო (შერეული) მუსიკის პირველი კონცერტი, რომელსაც თავად გუნდის ლოტბარი უდირიჟორებს[16]. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტით დაიწყო ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის სასცენო ისტორია. ამ მოვლენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და თილისში საგუნდო მოძრაობა თანდათან აქტუალური გახადა.
იოსებ მონადირიშვილი (მარცხნივ) და ნ.სულხანიშვილის გალობის მოყვარულთა გუნდი (მარჯვნივ); ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა.
ივერია. 1896. N103. გვ.1 „ახალი ამბავი“ (წყარო: EL.ge
).
როგორც უკვე აღვნიშნე, აქამდე არსებული აზრის თანახმად, საქართველოში ხარლამპი სავანელის მიერ 1874 წელს თბილისში საგუნდო კლასის ჩამოყალიბებით იწყებოდა პირველი ქართული პროფესიული გუნდის ისტორია.[17] მართალია, ახალმა მასალებმა საკითხთან დაკავშირებული წარმოდგენები და თარიღები შეცვალეს, თუმცა ახალი ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში სავანელის მნიშვნელობა მხოლოდ საგუნდო კლასის ჩამოყალიბების ამ ისტორიული ფაქტით როდი შემოიფარგლება. უნდა ითქვას, ამ პროცესში უმნიშნელოვანესი ფაქტი, მისი, როგორც გუნდის ვოკალის პედაგოგის მოვლენაა. მისი პროფესიული ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ევროპულ გუნდში სიმღერასა და აკადემიური ვოკალის შესწავლას უკავშირდება. მან ეს ცოდნა პირველმა, სწორედ მის მიერ ჩამოყალიბებულ სასწავლო გუნდში გამოიყენა. ამდენად, შეიძლება ხარლამპი სავანელი ქართულ საგუნდო შემსრულებლობაში ზოგადევროპული ბგერისა და საშემსრულებლო მანერის პირველ და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ერთადერთ სპეციალისტად დავასახელოთ.
ხარლამპი სავანელი და მისი მოწაფეთა ჯგუფი; ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა.
დასკვნის სახით აღვნიშნავ:
მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო გალობის გაოთხხმიანებით დაწყებულმა ახალი პროფესიული საგუნდო მუსიკის სათავეების ძიებამ, ქართულ სახელოვნებო, საეკლესიო და ინტელექტუალურ წრეებში გარკვეული შინაგანი წინააღმდეგობების გამოვლენისა და ურთიერთდაპირისპირების კუთხით ერთგვარის კატალიზატორის როლიც კი შეასრულა.
არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, პირველი საგუნდო ნიმუშები და საკონცერტო გუნდი, როგორც ფაქტი, ლოგიკური დასარული იყო იმ ტენდენციისა, რაც ჯერ კიდევ ანდრია მრევლიშვილმა ქუთაისში დაიწყო. ხოლო ეს დასასრული იქცა საწყისად იმ ახალი, დიდი გზისა, რომლის ლოგიკურ შედეგად ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას ნიკო სულხანიშვილი მოევლინა. სულხანიშვილისა და მონადირიშვილის თელავის პერიოდის მოღვაწეობა პარალელურად მიმდინარეობდა, მისთვის ყოველღიურობას წარმოადგენდა აღნიშნული გუნდის მუშაობა. ნიკო სულხანიშვილის პირველი ცდები კომპოზიციაში სწორედ ამ ტენდენციას უკავშირდებოდა, მისი ზემოაღნიშნული წინამორბედების მსგავსად ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის კლასიკოსმა თავისი საკომპოზიტორო უნარები ქართული სამხმიანი გალობის შერეული გუნდისთვის გადაწყობაში მოსინჯა; ამგვარად დაიწყო ქართულმა საზოგადოებამ ევროპული კულტურის მიღწევების ეროვნულ ტრადიციებზე დაქვემდებარება, რაც ახალ საუკუნეში – 1905 წელს შექმნილი „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, რომლის ბაზაზეც 1908 წელს პირველი ქართული აკადემიური გუნდი შეიქმნა. შერეული გუნდისთვის ხალხურ სიმღერებს ამუშავებენ, ან a cappella-ებს ქმნიდნენ: კარგარეთელი, ყარაშვილი, შარაბიძე, ბენაშვილი, კლენოვსკი, მონადირიშვილი, ფოცხვერაშვილი, კუხიანიძე. საგუნდო მუსიკის კონცერტები თბილისს გარდა იმართება თელავში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში;
როგორც ცნობილია, ოთხხმიან ქართულ გალობას ბევრი ობიექტური მოწინააღმდეგე სავსებით რეალური საფრთხის – მისი გადაგვარების შიშით ჰყავდა. გამრავალხმიანების პროცესს ორქთოდოქსი რუსებიც წინ აღუდგნენ ავთენტური კულტურის დაკარგვის შიშით. მსგავსი მოწინააღმდეგენი პეტრე პირველის ევროპული პოლიტიკის გატარებას იმთავითვე გამოუჩნდნენ. იგივე წინააღმდეგობები იყო რუსული საეკლესიო გალობის გადამუშავების საქმეშიც. პროცესს წინ აღუდგნენ ორთოდოქსი ღვთისმსახურები. მიუხედავად ამისა, ერთხმიანი სლავური გალობის გაოთხხმიანებამ რუსეთში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ჩვენში კი რუსული გზით შემოსულმა ევროპულმა საგუნდო ტრადიციამ განვითარება სწორედ დასავლურ მაგალითზე ჰპოვა და ამგვარად შექმნა სრულიად ახალი ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკა.
მინდა ნაშრომს დავურთო მე-19 საუკუნის სხვადასხვა საგაზეთო პუბლიკაციიდან ამოღებული ციტატები, რომელიც მეტად ცხადჰყოფს ქართული ტრადიციული მუსიკის ევროპეიზაციასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს:
ივერია, 1878.23 თებერვალი. N-8
ქართველი [რომან ძამსაშვილი- ცამციევი]
„… მე მითხრეს, თუ ჭორი არ არის, რომ ქართული გალობა ვითომ უფ. მ. მ-ნს (მიხეილ მაჭავარიანი, თბილისის სემინარიის სიმღერა-გალობის მასწავლებელი. შ.ა.) გადაეღოს ნოტებზე: თუ ეს მართალია – ეხლავე იმედგადაწყვეტილი ვიტყვი, რომ ის გალობა „გადამახიჯნებულია“ მეთქი, იმიტომ, რომ მე თვითონ მიჩვენა თავისი შრომა უფ. მ. მ-მა ჩემს თბილისში მყოფობის დროს. ერთხელ, ბატონო, მე დავესწარ ქართულის გალობის გაკვეთილზე (რუსულს გალობას ასწავლიდა და ქართულიც ჩააბარეს, თმცა უფ. მ. მ-მა იმდენივე იცის ქართული გალობა, რამდენიც მე ჩინური.). უფ. მასწავლებელს ეკავა ხელში თავისი ნაშრომი და იმით აგალობებდა შეგირდებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც გავიგე კილო გალობისა !.. ისეთნაირად იყო გადამახინჯებული პატივცემულის მ. გ. კარბელოვის გალობისა! როდესაც დავხედე თვით შრომას – თქვენს მტერს ეცეს ელდა, როგორც მე მეცა! ოთხს ხმაზე არ იყო თურმე გადაკეთებული ქართული მ. გ. კარბელოვის გალობა!! (სამს ხმასაც არ დასჯერებოდა კომპოზიტორი!) ნეტავი საზოგადო კილო მაინც გადაეღო, თორემ გამშვენებას ვინა ჩივის! იქნება სთქვას ვინმემ, რომ „ოთხხმიანი გალობა უფრო კარგი არ არისო?“ კარგი გახლავთ, ბატონო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართული არც ეკკლესიური გალობა და არც ხალხური სიმღერა არ არის ოთხს ხმაზე საგალობელი არც იმერეთში და არც ამერეთში“…
ივერია, 1878, 4 მაისი, N – 17
„ქართულს გაზობაზედ“ . არაგველი [დავით კეზელი]
„… საქართველოში თხუთმეტი მგალობელი კი ტყუილია, ვინც წირვის გალობა იცის, იმას ვერ დავარქმევთ მგალობელს. ჩვენ მარტო ერთი გვყავს ნამდვილი მგალობელი, მღვდელი გრიგოლ კარბელოვი, რომელსაც მტკიცებ ახსოვს გალობის კილოები. ესეც ჩვენდა საუბედუროდ მოხუცებულია.
თუ მართლა რიგიანად შემდგენელი ვინმე გამოჩნდა ნოტებისა, რასაკვირველია სასიხარულო იქმნება და არარ შეგვეშინდება გალობის მთლად გაქრობისა. მაგრამ თუ იმისთანა ნოტზედ დამწყობნი შეგვხვდენენ, როგორნიც ამჟამად იქადიან და ჩვენის გალობის ცოდნას ჩემულობენ, ვაი შენს მტერს !..
ავიღოთ შრომა უფ. მრევლოვისა (ანდრია მრევლიშვილი. შ.ა.), რომელსაც დაუწერია რამდენიმე გალობა კილოზედ და რომელიც ტფილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელს გამოურთმევიათ გასაშინჯავათ, მაგრამ ვის უნდა გაეშინჯა? რასაკვირველია მოსწავლეებს, რომელთაც მასწავლებელზედ უკეთ იციან ქართული გალობა და რომელთაც შემდეგ გაშინჯვისა კიდეც დაიწუნეს. მეტათ გარყვნილიაო. ბევრი აი-უი, აქა-იქა, აქა..აი..აი.. ურევიაო. ისევ პატრონს გაუგზავნეო…
მგონია ჯერ-ჯერობით ყველას ემჯობინებოდა, რომ გალობის აღდგენა მიენდოთ ისევ არხიმანდრიტის მაკარისთვის [მაკარი ბატატაშვილი 1822-1892. შ.ა.], როგორც ამ საქმეში გამოცდილისთვის, რომ ჯერ ზეპირი კილო გავრცელდეს და ხალხში გალობის სურვილი დაიბადოს. ეს თუ იქმნდება, ესე უნდა იქმნდეს: გაიმართოს სასწავლებელი უფასოთ…სასოფლო სასწავლებლებშიაც სახალხო სიმღერებთან შემოიღონ გალობაცა. თუ ეს ესრე არ იქმნა, ნოტებიც რომ შეადგინონ, მარტო იმათთვის იქმნება, ვინც რუსული გალობა იცის და ქართვლის ეკლესიებს რას არგებს?…“
ივერია, 1897, 24 იანვარი. N-7
„ქართული საეკკლესიო გალობა“ ი. კარგარეთელი
დიდი შრომა დასჭირდება იმას, ვინც მოინდომებს ჩვენის საეკლესიო გალობის შემუშავებას. იგი უნდა ეცადოს იმოქმედოს თავისუფლად, არ შეიქმნეს ყურმოჭრილი მონა დაძველებულის კომპოზიციის იარაღებისა, მაგრამ, ამასთანავე უნდა კარგად იცოდეს ძველი კანონი და რიგირ, რათა დაიცვას ჭმინდა და სასტიკი ჰარმონია ჩვენის გალობისა. კარგი ცოდნა უნდა ჰქონდეს საზოგადოდ ჩვენის ძველის მუსიკისა განსაკუთრებით იმას, ვინც მოინდომებს ახალის ელემენტების შეტანას ჩვენს გალობაში.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გალობა სამის ხმისათვის არის დაწერილი, მეოთხე ხმის შემოღება ამ გალობაში სრულიად ახალია. ბ-ნი ბენაშვილი მოთავეა ამ საქმისა და მართალი უნდა ვსთქვათ, კიდეც გაიმარჯვა, თავის აზრს მიაღწია კიდეც. მუსიკალურ აზრთა სიახლე, სინამდვილე და მწყობრი მელოდიები არათუ არ მოსპობილა, წინააღმდეგ, უფროც გაძლიერებულა. მეოთხე ხმის, ტენორის შემოღებას არავიტარი ზიანი არ მიუცია ძველ საგალობელთა მწყობრის ჰარმონიისთვის. თუმცა კი გალობის ფორმა შეცვლილა, მაგრამ მთავარი აზრი, შინაარსი, თვით მუსიკალური მოთხრობა მეტად კარგად არის დაცული… შეიძლება ჩვენის ცხოვრების პატრიარხულის წესწყობილების დამცველებმა ღვთის გმობად მიიღონ მეოთხე ხმის შემოღება, მაგრამ ამ აზრს ვერას დროს ვერ დავეთანხმებით, რადგან დიდი შეცდომა იქნება იგი…“
ივერია, 1898, 3 ოქტომბერი. N – 214.
„ორიოდე სიტყვა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ“ – ნადიკვარელი [ილია ქარაფიშვილი]
„… საჭიროა კიდევ გავიხსენოთ, რომ ბ-ნ კლენოვსკის მიერ გადაკეთებული ზოგიერთი საგალობელი ოთხ ხმად მ. იოსებს (მღვდელი იოსებ ჩიკვაიძე. ავტ.)მოსწონდა – ამბობდა განსვენებული, რომ „არავიტარი გარჩევა არ არის, სული და გული გალობისა ისევ ის არის, ხასიათი და კილო არ იცვლება, ხოლო უფრო დამშვენებულიაო“. საჭიროდ მიმაჩნია ამის გახსენება იმიტომ, რომ დიდი აურზაური გამოიწვია ოთხხმაზედ გადაკეთებულმა ბ-ნ ბენაშვილის მიერ წირვის გალობამ. ბ-ნი ა. ბენაშვილისაგან ოთხ ხმაზედ გადაკეთებულ გალობას აგალობებს დღეს ბ-ნი მონადირიშვილი, რომელსაც უსაფუძვლო მოკამათენი გამოუჩნდნენ…
…ბ-ნ ა. ბენაშვილსაც სურვილი აქვს, თუ სახსარი აღმოუჩნდა, ოთხ ხმაზედ გადაღებული ზემორე ჩამოთვლილი საგალობლები გამოსცეს სასწავლებელში სახელმძღვანელოდ. მ. პ. კარბელაშვილი, ძმა მ. ვასილისა, არ ეთანხმება ძმისაგან გამოცემულ გალობას, ამბობს, რომ გამოცემულში ბევრი რამ შეცვლილია, ბევრი დამახინჯებულია და სხვ.“…
შენიშვნები და წყაროები:
[1] სსცა, ფ. 440. საქ. N-30; 35.
[2] ა. მშველიძე. “საქართველოში მუსიკალური განათლების ისტორიის ნარკვევები”. 1971, მოსკოვი, 1976, თბილისი
[3] ა. მშველიძე. “საქართველოში მუსიკალური განათლების ისტორიის ნარკვევები”. 1971, მოსკოვი, 1976, თბილისი
[4] დროება. 1878. 11 თებერვალი. N31. გვ. 3.
[5] ივერია. 1898, 2 დეკემბერი. N257. გვ. 1-2. ფელეტონი.
[6] დროება. 1878. 8 თებერვალი. N31. გვ.3.
[7] მწყემსი. 1884. N14 „ნოტებით ქართული გალობა ეკლესიაში“.
[8] დროება. 1878. N 45. გვ. 2. მიხეილ მაჭავარიანი.
[9] დროება. 1878. N 143. გვ. 5. N.N.[ნიკო ნიკოლაძე]
[10] დროება. 1878. N 143. გვ. 5. N.N.[ნიკო ნიკოლაძე]
[11] ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი. „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“. ჟურნალი „ცისკარი“ 1861, 1: 141-160.
[12] დროება. 1878. 8 თებერვალი. N31. გვ.3
[13] რაც შეეხება ა. მრევლიშვილის მერ ჩაწერილ ქართულ ტრადიციულ გალობას, „სოფრომის კილოს“ გალობის ჩანაწერები (არა მის მიერ ჩაწერილი „კარბელაშვილის კილო“), ისინი ინახება მოსკოვის გლინკას სახელობის მუზეუმში, ქრისტეფორე გროზდოვის არქივში. 2019 წლის 20 მაისს მაგდა სუახიშვილმა თ.ს.კ-ში პირველად წარმოადგინა ამ საგალობელთა რამდენიმე ნიმუშის პრეზენტაცია, ხოლო 22 მაისს ანდრია მრევლიშვილის საგალობლებს გოჩა ბიძინაშვილმა პირველი ვრცელი მოხსენება მიუძღვნა. მრევლიშვილის აღნიშნული ჩანაწერების შესახებ მაგდა სუხიაშვილის პუბლიკაცია ჟურნალ „მუსიკის“ მესამე ნომერში გამოქვეყნდა.
[14] ივერია. 1878. 23 თებერვალი. N 8. ქართველი [რომან ძამსაშვილი-ცამციევი].
[15] ივერია. 1898. 3 ოქტომბერი. N214. გვ. 3. ნადიკვრელი [ილია ზარაფიშვილი]
[16] ივერია. 1896. N103. გვ.1 „ახალი ამბავი“
[17] ა. მშველიძე. “საქართველოში მუსიკალური განათლების ისტორიის ნარკვევები”. 1971, მოსკოვი, 1976, თბილისი)
ქუდის ფოტო: ნიკოლოზ (ნიკო) სულხანიშვილი გალობის მოყვარულთა გუნდთან ერთად; ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო არქივი.
გამოყენებული ფოტოები: el.ge; ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო არქივი.