რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი: დიდი ტრიოს ურთიერთობის კვალდაკვალ


ავტორი: დეივ როსი, History.com.


ფარდის მიღმა არსებული ისტორიები, კულუალური ინფორმაციები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში. განსაკუთრებით თუ ისინი დიდ და ისტორიულ ფიგურებს ეხება. History.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, დეივ როსი გვიყვება „დიდი ტრიოს“, რუზველტის, სტალინისა და ჩერჩილის, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ამბავს. დღეს „სმარტარეაზე“ ამ საინტერესო სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

რთულ დროს შენი მტრის მტერი შენი მეგობარი ხდება. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აშშ, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი არ გახდებოდნენ მოკავშირეები, რომ არა მათი საერთო, დაუძინებელი მეტოქე, ადოლფ ჰიტლერი. ამერიკელები – იზოლაციონისტები, ბრიტანელები – იმპერიალისტები, საბჭოელები კი კომუნისტები, პოლიტიკური პარტნიორობისთვის, ალბათ, ყველაზე მეტად შეუფერებელნი არიან.

მაგრამ როგორც კი ნათელი გახდა გერმანელების გეგმები მსოფლიოს ბატონობის შესახებ, სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერი – ფრანკლინ დელანო რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი – მიხვდა, რომ ნაცისტების დამარცხების ერთადერთი გზა იყო ერთიანი მსოფლიოს უსაფრთხოების სახელით პირადი განსხვავებების, ინტერესებისა და პოლიტიკური შუღლის დავიწყება. ერთადერთი კითხვა რჩებოდა, რა დათმობებისთვის იყო მზად  თითოეული ლიდერი, რომ ამ, არც თუ ისე მარტივ, კავშირს ემუშავა?

რუზველტი – პროგრესული პრაგმატისტი

1939 წელს, მეორე მსოფლიოს ომის დაწყების წინ, საზოგადოებაში პოპულარული და პროგრესული იმიჯის მქონე პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ემზადებოდა ისტორიული მესამე ვადით არჩევისათვის. აშშ-ს კონგრესი და ამერიკელი ხალხი იმედოვნებდნენ, რომ მოახლოებულ ომში ამერიკა არ ჩაებმებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ საკმარისზე მეტი ახალგაზრდის სიცოცხლე შესწირეს პირველ მსოფლიო ომს და აღარ სურდათ კვლავ ჩართულიყვნენ მორიგ სისხლით გაჟღენთილ ევროპულ კონფიქტში.

1939 წლის სექტემბერს გერმანია შეიჭრა პოლონეთში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოწოდებების მიუხედავად, რუზველტმა უარი განაცხადა ომში ჩართვაზე და ამერიკა ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მაშინაც კი, როდესაც მომდენვო გაზაფხულს, გერმანელები შეიჭრნენ ბელგიის, ჰოლანდიისა და ლუქსემბურგის საზღვრებში, ხოლო ჩერჩილი იძულებული გახდა ძლიერი მხარდაჭერისაკენ მოეწოდებინა ამერიკისთვის, რუზველტმა და კონგრესმა ფინანსური და სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გარდა სხვა ყველა ქმედება უარყვეს.

რუზველტისა და ჩერჩილის ურთიერთობამ დაძაბულობა წარმოშვა დასავლური დემოკრატიის ორ მთავარ სახელმწიფოს შორის. არადა, ერთი შეხედვით, სოციალური თვალსაზრისით, ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის იდეალურ თანხვედრას წარმოადგენდა – ორივე არისტოკრატიული და კომუნიკაბელური, შესანიშნავი საუბრის მანერით. მაგრამ ჩერჩილი, გამოცდილი ჯარისკაცი და ოფიცერი, გახლდათ დიდი დამცველი ბრიტანეთის იმპერიისა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს აფრიკაში, ინდოეთსა თუ შორეულ აღმოსავლეთში. რუზველტი, საპირისპიროდ, მწვავე კრიტიკოსი გახლდათ იმ ბოროტებისა, რასაც პრეზიდენტი იმპერიალიზმში ხედავდა.

ასეთივე მარტივი სოციალური კავშირი არ ყოფილა რუზველტსა და სტალინს შორის. კომუნისტური პარტიის ლიდერი ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების მიმართ დიდი რეპრესიებით, მათ შორის, იგი არ ერიდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელი უმაღლესი პირების დახვრეტასა თუ დაპატიმრებასაც. მიუხედავად ამისა, რუზველტი ხედავდა პოლიტიკურ სარგებელს აშშ-სა და სსრკ-ს დადებით ურთიერთობაში, უფრო კონკრეტულად, მას სჭირდებოდა იაპონიასთან ერთგვარი ბუფერული ზონა. მეტიც, რუზველტის პრეზიდენტობის პირველ წელს მან აღიარა საბჭოთა კავშირის არსებობა და კრემლთან ურთიერთობის დალაგებას შეუდგა.

1940 და 41 წლის უდიდეს ნაწილში ამერიკამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა უკვე სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებად ბრიტანული ქალაქებიც ამოიღეს და დაბომბეს ღამის „ბლიც“ თავდასხმების დროს. იმავე პერიოდში ჰიტლერმა დაარღვია სტალინთან გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტი და შეიჭრა სსრკ-ს ტერიტორიაზე 1941 წლის 22 ივნისს, რამაც ნაცისტებს და კომუნისტებს შორის საბოლოოდ დაუდო საფუძველი ომს. ორივე შემთხვევაში რუზველტის პირველადი რეაქცია იყო ის, რომ გააგრძელა ე.წ. „ლენდ-ლიზის“ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათ ჩერჩილისა და სტალინისთვის აშშ-ში წარმოებული იარაღი უნდა მიეწოდებინა.

1941 წლის 7 დეკემბერს კი დადგა გადამწყვეტი მომენტი, იაპონელებმა დაბომბეს პერლ ჰარბორი, რამაც ამერიკა აიძულა საპასუხოდ ომი გამოეცხადა იაპონიისათვის. გერმანიამ და იტალიამ, ღერძის დანარჩენმა ორმა წევრმა სახელმწიფომ, ომი გამოუცხადეს აშშ-ს 11 დეკემბერს. მოსწონდათ ეს თუ არა ამერიკელებს, ისინი ომში ჩაერთვნენ.

დიდი კავშირი: „სამთა ქორწილი“

1942 წლის 1 იანვარს, პერლ ჰარბორის დაბომბვიდან 1 თვის შემდეგ, აშშ-მ, ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“ ხელი. დამოუკიდებლად არც ერთ მათგანს შეეძლო ჰიტლერის დამარცხება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით ისინი გეგმავდნენ დაეყოთ და დაესუსტებინათ, მაშინ ერთი შეხედვით შეუჩერებელი, გერმანული რაზმი.

ჩერჩილი არ ენდობოდა სტალინს, თავად სტალინი, ცნობილი პარანოიდი, კი არავის ენდობოდა. დასაწყისშივე, რუზველტი მათ შორის აღმოჩნდა, აშოშმინებდა ჩერჩილის შიშებს კომუნისტური იდეოლოგიის მთელ ევროპაზე გავრცელებასთან დაკავშირებით, ხოლო იმავდროულად მხარს უჭერდა სტალინის სურვილებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ზედა ეშელონებში შესასვლელად.

ჩერჩილისადმი მიწერილ პირად წერილში, რუზველტი ეთანხმება და აღიარებს ბრიტანელი პრემიერის ვარაუდებს და ამავდროულად, მოჰყავს არგუმენტები საბჭოთა კავშირის „ცივილიზებულ ერებს“ შორის დამკვიდრების საჭიროებისთვის.

„ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ… როგორც საჭიროა, საბჭოთა კავშირი დიდი ძალების ასოციაციის, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ომების ასაცილებლად, სრულუფლებიან წევრად გვყავდეს.“ – წერდა რუზველტი ჩერჩილს 1944 წელს, – „ჩვენ ყველამ კომპრომისზე და დათმობაზე წასვლით უნდა მოვახერხოთ ეს“.

როგორ მოიგო რუზველტმა „ბელადის“ გული თეირანის კონფერენციაზე

რუზველტი, სტალინი და ჩერჩილი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 1943 წლის ნოემბერში თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე. იმ მომენტიდან, რაც ამერიკა ჩაერთო ომში, სტალინი მოუწოდებდა ბრიტანელებსა და ამერიკელებს ერთობლივად დაეწყოთ მოქმედება დასავლეთ ფრონტზე, რათა გერმანელი ჯარისკაცების ყურადღება გადაეტანა აღმოსავლეთის ფრონტიდან, სადაც საბჭოელებს დიდი დანაკარგი ჰქონდათ. თეირანში შეთანხმდნენ ამერიკელებისა და ბრიტანელების 1944 წლის საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროებზე მასიურად შეჭრაზე („ნორმანდიის ოპერაცია“), ხოლო სანაცვლოდ სტალინი მათ დაპირდა, რომ იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა.


File:Stalin Roosevelt and Churchill at Tehran Conference, November ...

დიდი ტრიო თეირანის კონფერენციაზე


თეირანში, რუზველტი, ასევე, პირადად შეხვდა სტალინს, რათა განეხილათ სსრკ-ს ცენტრალური როლი, ომის შემდგომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხში. პრეზიდენტმა სტალინს გაუზიარა თავისი ხედვა მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ, რომელსაც „ოთხი პოლიციელი“ დაიცავდა აშშ-ს, ბრიტანეთის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის სახით და აჩვენა „ბელადს“, რომ ამერიკა მზად იყო, სსრკ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაემართათ, რათა ემსახურათ საერთო ინტერესებისათვის.

„სტალინს სურდა, რომ რუსეთი ექცია მსოფლიოს უდიდეს ძალად“, ამბობს სუზან ბატლერი, ავტორი წიგნისა „ რუზველტი და სტალინი: პარტნიორობის პორტრეტი“ – „სტალინი ძალიან კმაყოფილი იყო, გაეკეთებინა ის, რაც რუზველტს სურდა“.

„ჩემი პირადი ხედვით, რუზველტი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ენდობოდა“, ამბობს ბატლერი, „ვფიქრობ, მათ ორივეს ესმოდათ მსოფლიოსი. ამას არაფერი ჰქონდა კავშირი იმასთან, რომ სტალინი პარანოიდი იყო. თუკი სტალინი ვინმეს ენდობოდა, ეს იყო რუზველტი, იმიტომ, რომ ის თავს ძალიან კარგად გრძნობდა რუზველტის მმართველობის პირობებში.“

იალტა, ალიანსი ზღვარზე

მეორედ და უკანასკნელად ეს სამეული ერთმანეთს შეხვდა იალტის კონფერენციაზე 1945 წლის თებერვალში (იალტის კონფერენციის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ). შეხვედრა თეირანისაგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. რუზველტი მძიმედ ავადმყოფი იყო, ხოლო გერმანიაზე მოკავშირეთა გამარჯვება უკვე ჰორიზონტზე მოჩანდა.


This Day in WWII History: Feb 4, 1945: The Yalta Conference ...

„ნიუ იორკ ტაიმსი“ იალტის კონფერენციის შედეგებზე.


„ამ შემთხვევაში, რუზველტს, ჩერჩილს და სტალინს უფრო მეტად აღელვებდათ მესამე მსოფლიო ომის შეჩერების საკითხი“, ამბობს ბატლერი, „ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ გერმანია კიდევ ერთხელ შეეცდებოდა მსოფლიოზე ბატონობას. ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბება რუზველტისთვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა, რის გამოც მოიწვია კიდეც კონფერენცია იალტაში“.

იალტაში, სამივე ლიდერი თვლიდა, რომ იაპონიასთან ომი ჰიტლერის დანებების შემდეგაც კი დიდხანს გაგრძელდებოდა. იაპონიის წინააღმდეგ საბჭოთა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და სტალინის დასაყოლიებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სრულ თანამშრომლობაზე, რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ, რომ არაერთ დათმობაზე წავიდოდნენ საკამათო ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირი შეინარჩუნებდა კონტროლს გერმანიის ტერიტორიის ნაწილზე და სსრკ-ს ასევე ექნებოდა თავისუფალი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაზე.

გაჩნდა ნათელი იმედი, რომ დიდი სამეული ამ ურთიერთანამშრომლობის სულისკვეთებას ომის შემდეგაც შეინარჩუნებდა, თუმცა იალტის კონფერენციიდან ორი თვის შემდეგ რუზველტის სიკვდილმა პოლიტიკური დინამიკა მკვეთრად შეცვალა. აშშ-მ, უკვე ჰარი ტრუმენის მეთაურობით, უარი განაცხადა აღესრულებინა რუზველტის პირობა – ფინანსურად დახმარებოდა საბჭოთა კავშირს ომისგან დაზიანებული ეკონომიკის აღსადგენად. ბრიტანეთის შიშებს, კომუნიზმის მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში გავრცელებასთან დაკავშირებით, ამერიკაც შეუერთდა. „ცივი ომისთვის“ სცენა მზად იყო…



„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჟურნალ „History.com“-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი: მეორე მსოფლიო ომის რთული კავშირის შიგნით“.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.

ქუდის ფოტო: „History.com