ის რაც სხვებისგან განგვასხვავებს – ანუ „Georgian Exceptionalism“


ავტორი: ლევან გურგენიძე.


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სმარტბლოგი ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge.


კომპანიები ყოველთვის ცდილობენ აღმოაჩინონ და იპოვონ ის ნიშა თუ სეგმენტი, რომელშიც ლიდერები იქნებიან და კონკურენტებთან შედარებით მძლავრი უპირატესობა ექნებათ. ზუსტად ასევე არის სახელმწიფოც. ოღონდ, სახელმწიფოს შემთხვევაში სხვა თამაშის წესებია, სხვა ასპარეზზე მიმდინარეობს შეჯიბრი. ეკონომიკის ორი განშტოება, მიკრო და მაკრო ეკონომიკა, გვეხმარება მათ გამიჯვნაში. მიკრო სწავლობს ეკონომიკას კომპანიებისა და ადამიანების დონეზე, ხოლო მაკრო სახელმწიფოების დონეზე. ერთი მეორეს გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევს, რადგან თუ სახელმწიფო არ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც კომპანიებს შეეძლებათ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში განვითარება, კონკურენტული უპირატესობის მკვეთრად ჩამოყალიბება, სხვა ქვეყნების ადგილობრივ კონკურენციაში გამარჯვების შანსიც ნაკლები იქნება. ასევე, თუ ქვეყანას არ ეყოლება ბევრი ადგილობრივი კომპანია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით წარმატებას მიაღწევს და ამით ქვეყანაში ფულს შემოიტანს, ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდება.

ბევრი გვახსენდება ისეთი შემთხვევაც, როდესაც სახელმწიფო ბაზრის მონოპოლიზებას ცდილობს. სახელმწიფოს მხარდაჭერლი კომპანია, რომელსაც მონოპოლია აქვს კონკრეტულ სექტორზე მოპოვებული, კომერციული და კორპორატიული ფილოსოფიით იმართება და მას ზურგს უმაგრებს სახელმწიფოს რესურსი. ასეთი ყოფილა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია და ასეთი არის „ჰუავეი“, რომლებიც გახდნენ პრედატორული მონოპოლიები და უზარმაზარი ქონება დაუგროვეს თავიანთ სახელმწიფოებს. გარდა ამისა, მათ ბევრი სხვა სარგებელიც მოუტანეს ქვეყანას.

ამ შემთხვევებში მოქმედებდა ერთადერთი მაკრო მიზანი – ქვეყანას ეპოვა თავისი მთავარი უპირატესობა, რის შემდეგაც კომპერციული გზებით მსოფლიო მონოპოლიის შექმნას შეეცდებოდა. ამით კი უზარმაზარ დოვლათვს მოიზიდავდა თავის ეკონომიაში, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეკონომიკურ დონეს საგრძნობლად განავითარებდა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანას არ გააჩნია ის რესურსი, რომ შექმნას პრედატორული მონოპოლია დოვლათი დასაგროვებლად, თუმცა მათ მაინც შეძლეს გამდიდრება. ამ სიაში ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებსაც ბუნებრივი, გეოგრაფიული ან რაიმე სხვა რესურსი არ გააჩნიათ, თუმცა სხვა გზებით მოახერხეს თავიანთი მხარის წალკოტად გადაქცევა. საუკეთესო მაგალითი არის მონაკო, მიუხედავად თავისი რელიეფური მდგომარეობისა, ის დღეს ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს წარმოადგენს. მონაკოში გზები მთებში და კლდეებში გადის, რადგან სწორი ადგილი ძნელად მოიძებნება. გარემო იმდენად კლდოვანია, რომ პლიაჟიც კი ერთ ძალიან პატარა ადგილას აქვს მოწყობილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ პატარა სახელმწიფომ შეძლო და იპოვა ის ნიშა, რომელმაც კონკურენტული უპირატესობა მოუპოვა სხვა ქვეყნებთან შედარებით და უზარმაზარი დოვლათის დაგროვება შეძლო.

რა არის საქართველოს ნიშა? რა არის ის რესურსი ან გასაღები, რაც ჩვენ ქვეყანაში დოვლათვის დაგროვებას შეუწყობს ხელს? რა არის ქართული ე.წ.  „exceptionalism“, ანუ რითია საქართველო გამორჩეული?

ისტორიულად საქართველო ყოფილა უძლიერეს სახელწმიფოებს შორის. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი წარმატებული დაპყრობითი კამპანია. ქვეყანა ოდითგანვე მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა ჩვენზე ბევრად დიდ და მსოფლიოში დომინანტ სახელმწიფოებს (ბიზანტიის იმპერია, გიორგი III და თამარ მეფის პერიოდი), გვყავდა ვასალი სახელმწიფოები, ბუფერული და თავდაცვითი ზონა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უწარმოებია ინფორმაციული ომი და შეუქმნია ერთიანი კავკასიური სახელწმიფო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სამწუხაროდ, პირიქითაც ყოფილა და გვქონდა ცუდი პერიოდებიც, როდესაც სხვა ქვეყნის მმართველობის ქვეშ აღმოვჩნდებოდით. ისტორიის სწავლებისას ნაკლებად ექცევა ყურადღება საქართველოს, როგორც კოლონიას. ტრადიციული გაგებით, საქართველო თავისი მწირი რესურსების გამო არ აღიქმება კოლონიად. თუმცა აქ აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უდიდეს ტკივილს – მტრების მთავარ ინტერესს საქართველოში ადამიანური რესურსი წარმოადგენდა.

საქართველოში ყიდდნენ ადამიანებს – მათ ასხვისებდნენ მოსისხლე მტრის ბანაკში და ამ უძვირფასეს რესურსს სხვა ქვეყნები იყენებდნენ თავიანთი დიდების შესაქმნელად, იმპერიების გასაზრდებლად. საინტერესოა, რომ ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ტყვედ გაყიდული ქართველები ან მათი შთამომავლები ამა თუ იმ ქვეყნის სათავეშიც კი მოქცეულან. მაგალითად, ქართველები ყოფილან ერაყის (ოსმალეთის იმპერიის ნაწილი) მმართველები, რომლებსაც არაერთხელ მოუპოვებიათ ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა; ყოფილან ეგვიპტის მმართველები, რომლებსაც ასევე დამოუკიდებლობა მოუპოვებიათ; ეკავათ მაღალი პოზიციები ირანისა და ოსმალეთის იმპერიებში; ინდოეთში ქართველ მეფეთა რამდენიმე დინასტია არსებობდა; რუსეთის იმპერიაში პირველი იმპერატორი ქართველი იყო და კიდევ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელმაც ამ ქვეყანას წარმატება მოუტანა. დღესაც, ქართველები გამორჩეულები არიან  დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც ისინი არიან წამყვანი მეცნიერები, გენერლები, იურისტები, ექიმები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ქართველები არიან ასევე ძალიან წარმატებული ბიზნესმენები და მენეჯერები.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით ვასკვნით, რომ საქართველოს გამორჩეულობა ანუ „Georgian Exceptionalism“ არის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – ადამიანი. არ ყოფილა სფერო თუ სარბიელი, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, სადაც ქართველს წარმატებისთვის არ მიუღწევია. წარსულში ყველა წარმატებულ ადამიანს, რომ დაეხარჯა ის ენერგია და გონებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რითაც სხვა სახელმწიფოს უზარმაზარი წარმატება მოუტანა, ალბათ დღეს საქართველოც იმ წამყვანი ქვეყნების სიაში იქნებოდა, რომლებიც მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს წყვეტს. რატომ არ შეიძლებოდა საქართველო გამხდარიყო იმპერია პეტრე დიდის დროს, მაშინ როცა რუსეთი განვითარების დონით საქართველოზე ბევრად წინ სულაც არ ყოფილა? რუსეთს იმ პერიოდში პოლონეთი ხშირად ესხმოდა თავს და ტერიტორიებსაც ართმევდა.

თუმცა მთვარი პრობლემა გახლდათ ინფორმაციულ ომში დამარცხება. არსად ჩანდა საკუთარი თავისა და ქვეყნის წარმატების რწმენა. ადამიანებმა არ სჯერათ, რომ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია. ვერავინ იტყვის, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ქართველებმა მარტივად მიაღწიეს წარმატებას. პირიქით, წარმატება ყველგან და ყოველთვის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

საქართველოს აქვს ის ღირებული რესურსი, რომლის საშუალებითაც წარმატების მიღწევა არის შესაძლებელი. პრობლემა კი არის ის, რომ ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი არ ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. აქედან გამომდინარე ერთადერთი ამოცანაღა გვრჩება ამოსახსნელი – როგორ გავიმარჯვოთ იმ უმნიშვენლოვანეს ინფორმაციულ ომში, რის შედეგადაც ადამიანი დაიჯერებს, რომ საქართველოში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია?

ადამიანები ქმნიან და აფასებენ ღირებულებას. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ ჯერ ჩვენ დავინახოთ და შევაფასოთ ის ღირებულებები, რომელზეც უნდა ავაშენოთ ქვეყანა. ამის შემდეგ, უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული რამდენად დამაჯერებლად ავუხსნით სხვებს, რომ საქართველო შესაძლებელია გახდეს ისეთი წარმატებული, როგორსაც ჩვენ ვხედავთ და წარმოგვიდგენია.

ალბათ ამის საუკეთესო გზა არის დავსვათ კითხვა – როგორი საქართველო გვინდა? რას გვინდა, რომ ქართველებმა მივაღწიოთ? ამის შემდეგ კი შევეცადოთ, რომ სამშობლო ასეთ ქვეყნად ვაქციოთ. მთავარია ვირწმუნოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და იმ მომენტიდან, როდესაც ამას დავინახავთ – უკვე ძნელი იქნება ამ ოცნების მოკვლა. როგორც ვოლტ დისნეი ამბობდა – „თუ ოცნებობ, გააკეთებ“.[1]


შენიშვნები და წყაროები:

[1] Walt Disney – If you can dream, you can do it.

ქუდის ფოტო: https://georgiastartshere.com/georgian-history-for-newbies-georgias-medieval-golden-age/