გაზაფხულის ღამის სიზმარი – „სამი ნაბიჯი ბურანში“


ავტორი: ნინო ჭყონია; ფილოლოგი.


70-80-იან წლებში, საბურთალოზე, კინოთეატრი „გაზაფხული“ თბილისელი ახალგაზრდებისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი იყო, თავის სახელსაც უდავოდ ამართლებდა, რადგან იქ ნაჩვენებ დასავლეთურ, ნოვატორულ ფილმებს სიახლე შემოჰქონდა ჩვენს ცნობიერებაში, გონებრივ შესაძლებლობებს აღვიძებდა და ანალიტიკური აზროვნების უნარსაც გვივითარებდა. ღია დერეფანი შესანიშნავი ხედით დასვენებისა და განტვირთვისთვის დამატებით სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნიდა კინოხელოვნების მოყვარულთ. განსაკუთრებით საინტერესო ფილმებს უშვებდნენ  ღამის კინოსეანსებზე, რომლებსაც დიდი სიხარულით ვესწრებოდით. საკმაოდ ბევრი სახელგანთქმული რეჟისორის ფილმების ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა იმ პერიოდში.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ამ კინოთეატრის ფოტოს წავაწყდი, კომენტარების მიხედვით,  ჩვენი თაობა სიამოვნებით იხსენებს იქ გატარებულ დროს. ახსენებდნენ „გაზაფხულში“ ნანახ ცნობილ უცხოურ ფილმებს, თუმცა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ არავის უხსენებია, ჩემი აზრით, დიდად საყურადღებო ფილმი „სამი ნაბიჯი ბურანში“. ეს ფილმი ჩემთვის მაშინ აღმოჩენა გახლდათ, განსაკუთრებით, ფილმის მესამე ნაწილი.


colorized by Klimbim // was an American writer, editor, and ...

ხსენებული ფილმი შედგება სამი ნაწილისგან. ტრილოგია შეიქმნა 1968 წელს, ცნობილი ამერიკელი, მისტიკოსი მწერლის, ედგარ ალან პოს (1809-1849), მოთხრობების მიხედვით. თითოეულ ნაწილს სხვადასხვა განთქმული რეჟისორი იღებდა: როჟე ვადიმი, ლუი მალი და ფედერიკო ფელინი. ჩემზე განსაკუთრებით ფელინის ვერსიამ მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება.


ფილმის სათაური სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირადაა: ინგლისურად – Spirits of the Dead („მიცვალებულთა სულები“-ედგარ პოს ლექსი), ფრანგულად – Histoires extraordinaires (ექსტრაორდინარული ამბები), იტალიურად – Tre passi nel delirio (სამი ნაბიჯი ბურანში.) რუსულად – Три шага в бреду (სამი ნაბიჯი ბოდვით). მაშინდელი ქართული ვარიანტი, როგორც მახსოვს, იყო „სამი ნაბიჯი ბურანში“.


სამი დიდი რეჟისორი: ლუი მალი, როჟე ვადიმი, ფედერიკო ფელინი


შევეცდები, აღვადგინო ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილებები. ედგარ პოს შემოქმედება მიყვარდა და მიყვარს, კინოტრილოგია კი სანახაობრივი, მძაფრი მხატვრული ხერხებით შთამბეჭდავად გადმოსცემდა მწერლისეულ განუმეორებელ ფანტაზიებსა და უჩვეულო ხილვებს, შედარებით თამამი სცენებითაც გიზიდავდა, მკაცრი საბჭოთა ცენზურის პერიოდში. სამივე ნაწილს განსხვავებული ხელწერა ეტყობოდა, თითოეული მათგანი თვითმყოფადი იყო, თუმცა ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს, ედგარ პოსეული მისტიკურ-ფატალური განწყობითა და მაცდური მიზიდულობით.

პირველი ნოველა, „მეტცენგერშტაინი“ (Metzengerstein), ეკრანიზებული ცნობილი ფრანგი რეჟისორის, როჟე ვადიმის მიერ, განსაკუთრებულად მდიდრული, ლამაზი მასობრივი სცენებითა და საინტერესო დინამიკით გამოირჩეოდა. მთავარ როლებს თამაშობდა პოპულარული, ჰოლივუდელი და-ძმა, ჯეინ და პიტერ ფონდები. გრაფინია ფრედერიკა სხვებთან ერთად ბოჰემური, თავაშვებული ცხოვრებით ტკბება თავის მამულში. ტყეში სეირნობის დროს, დაგებულ ხაფანგში გაებმება და მეზობლად მცხოვრები ბიძაშვილი, ბარონი ვილჰელმი, გაათავისუფლებს. გრაფინიას ძლიერი ლტოლვა იპყრობს ნათესავის მიმართ, ცალმხრივად. მისი გულცივობით გაღიზიანებული, ვნების ცეცხლით იწვის და შურისგების მიზნით, გადაუწვავს თავლებს. ვილჰელმი ცდილობს ცხენების გადარჩენას და იღუპება. მხოლოდ ერთი, ველური ზნის, შავი ცხენი დააღწევს თავს ხანძარს და გაექანება მეტცენგერშტაინის ციხესიმაგრისკენ, ფრედერიკა შეძლებს მის მოთვინიერებას, ჭექა-ქუხილის დროს, გრაფინია ვერ დაიმორჩილებს თავაწყვეტილ ცხენს, რომელიც გაიტაცებს მას და შევარდება ელვის დაცემით გაჩენილ ცეცხლში, ასე გადაინაცვლებენ ერთად ამქვეყნიურიდან მარადიული ცეცხლის ადგილსამყოფელში. დრამატული სიუჟეტი უაღრესად ცხოველმყოფელად და გულშიჩამწვდომად არის წარმოდგენილი, მნახველს გიპყრობს და გითრევს სიზმრისეულ, ზღაპრულ სამყაროში. ფილმში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, გიძლიერდება იდუმალი განცდა, რომ ამქვეყნიური სინამდვილე მჭიდროდ უკავშირდება ირეალურს, განაპირობებს კიდეც და ირევა, იკარგება იმქვეყნიურ უსასრულობაში.

ფილმის მეორე ნაწილი, „უილიამ უილსონი“, ედგარ პოს ამავე სახელდწოდების, გახმაურებული მოთხრობის მიხედვით, ასევე ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის, მიერაა ეკრანიზებული,  ეს ნაწილი, ჩემი აზრით, ფილმის ნაკლებად ძლიერი მხარეა, უფრო ხელოვნური, დამაჯერებლობასა და ემოციებს მოკლებული, თითქოს, ყალბიც. თურმე ლუი მალი სხვა ფილმის შექმნას გეგმავდა იმ პერიოდში და მისთვის თანხების მოსაპოვებლად მიიღო მონაწილეობა ტრილოგიის გადაღებებში. უნდა ითქვას, რომ ამ ნაწილში ყურადღებას უთუოდ იპყრობს ფრანგული კინოს ვარსკვლავური წყვილი – ალენ დელონი და ბრიჯიდ ბარდო. ეს უკანასკნელი, მომხიბლავი კურტიზანის როლში, შავ თმებში წარმოგვიდგება, რაც იშვიათი გამონაკლისია, ქერათმიანი სექსსიმბოლოს მიერ შესრულებულ პერსონაჟებს თუ გავიხსენებთ. ეფექტური, ეროტიკული ელფერის  შემოტანა ეკისრება მისი გაროზგვის სცენას, თუმცა, ვფიქრობ, მაინც ვერ მატებს სიცოცხლესა და ენერგიას ტრილოგიის ამ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მისი სიუჟეტი, ისევე, როგორც მოთხრობის, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური კუთხით ფრიად მნიშვნელოვანია, ეხმიანება პიროვნების გაორების თემას, ასახავს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ დაპირისპირებას, სინათლისა და სიბნელის მუდმივ ჭიდილს ადამიანის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში. 


Spirits Of The Dead Review | Movie - Empire

სცენა ფილმიდან: „უილიამ უილსონი“.


ახლა გადავიდეთ ტრილოგიის მესამე, ჩემი შეხედულებით, ყველაზე მაღალმხატვრულად დამაინტრიგებელ, ინსცენირებულ ნაწილზე. მისი ავტორია დიდი იტალიელი რეჟისორი, ფედერიკო ფელინი. მთავარ როლს მშვენივრად ასრულებს ინგლისელი მსახიობი, ტერენს სტემპი.  ნაწარმოების სიუჟეტი საკმაოდ შეცვლილია, თუმცა ამ ფილმის სათაური „ტობი დემიტი“ ედგარ პოს მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელს წარმოადგენს და დაკვირვებული მკითხველი თუ მაყურებელი სხვა დეტალებშიც ამოიცნობს ამერიკელი მწერლის ქმნილებას. ფილმის მიხედვით, ინგლისელი მსახიობი რომში მიიწვიეს, გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად. ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება პრობლემებს უქმნის მსახიობს. მათი გავლენის ქვეშ, ბურანში მყოფი პერსონაჟის ხილვებს, მის მიერ დანახულ სამყაროს თვალს ვადევნებთ ეკრანზე. რეალური და ირეალური განუყოფელია, ზღვარი  წარმოსახვითსა და სიზმრისეულთან წაშლილია, რაც ასე დამახასიათებელია ედგარ პოს შემოქმედებისთვის. რასაც ფიქრობ, წარმოიდგენ, ამბობ, სავსებით შესაძლებელია, აგიხდეს კიდეც და ნამდვილად მოხდეს. ბედისწერას გამოცდას უწყობ ამით. ხიდი კი ჩატეხილია ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის, ერთი ნახტომით აღმოჩნდები მეორე, უსასრულო მხარეს. ეს ყველაფერი ნათლადაა გადმოცემული ფილმში და გადახდება მთავარ გმირს. მოთხრობისგან განსხვავებით, კინოეკრანიზაციაში ეშმა მას ეჩვენება და ევლინება  არა მოხუცი კაცის, არამედ პატარა გოგონას სახით, რომელსაც თეთრი ბურთი უჭირავს ხელში. ფელინი ამ ცვლილებით მთავარი პერსონაჟის ინფანტილურობასა და უმწიფრობას გამოკვეთს. მსახიობი როლს ირგებს და თამაშობს, ეშმაკი კი, თავის მხრივ, პატარა ბავშვს განასახიერებს და ტობის ეთამაშება. სხვათა შორის, თავად ედგარ პოც მსახიობების შვილი იყო. განსაკუთრებული, მძაფრი, სიმბოლური დატვირთვა ენიჭება ფინალურ სცენას, როცა დემონური გოგონა ბურთივით იღებს ხელში ავტოკატასტროფაში დაღუპული მსახიობის მოკვეთილ თავს. ფელინისეული კინოენა და მხატვრული ხელწერა ამ ფილმშიც არაჩვეულებრივია, პერსონაჟთა მკვეთრი პორტრეტები ეკრანის მთელ ხედზე, კადრების საუცხოო დინამიკა და ნინო როტას მგრძნობიარე მუსიკა ფანტასტიკურად ერწყმის ერთმანეთს და, როგორც ყოველთვის, განუმეორებელ ხიბლს ქმნის. აქაც, დასასრულისკენ, ბურუსში იძირება გარემო, ყველაფერი ბუნდოვანია, როგორც ძილბურანში. ცხადია თუ სიზმარი, სინამდვილე თუ მისტიფიკაცია – ვერ გაიგებ, არავინ იცის…


Spirits of the Dead (1968)

კადრი ფილმიდან: „ტობი დემიტი“; ფოტო: IMDB.


განსაკუთრებული აღიარება ფელინის ფილმმა მოიპოვა კრიტიკოსებში. „ნიუ იორკ ტაიმსში“  ვინსენტ ქენბის მოსაზრება ტრილოგიაზე სავსებით ემთხვევა ჩემსას: „ფელინის ფილმი შესანიშნავია, მოკლე, მაგრამ დიდია, ვადიმის – ზედმეტად დეკორატიული, მაგრამ მაინც საინტერესო და სასიამოვნო სანახავი, მალი კი დამღლელი და მონოტონურია.“

აი, ჩვენც სამი ნაბიჯი გადავდგით უკან, როგორც სიზმარში, ჩვენი ახალგაზრდობის გაზაფხულის ხანაში. ამ ფილმის გახსენებით, პატივი მივაგე ედგარ პოს კულტურულ მემკვიდრეობასაც და სამი განთქმული რეჟისორის შემოქმედებას. ასევე გავიხსენე ახალგაზრდობა, ჩვენი ცხოვრების გაზაფხული, ის ესთეტიკა, რომელზეც ვიზრდებოდით, რომელიც მოგვწონდა. კარგი იქნება, თუ ახალი თაობაც დაინტერესდება ამერიკელი მწერლის მოღვაწეობით, თუკი გაეცნობა მის შემოქმედებას და ასევე, სურვილი გაუჩნდება, იხილოს მისი მოთხრობების მიხედვით ძალიან ორიგინალურად გადაღებული ტრილოგია, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც გაზაგხულის ღამის სიზმარი. იგი, ჩემი აზრით, დღესაც ინარჩუნებს ახალგაზრდულ, იდუმალ იმპულსებს და თანამედროვეობას მშვენივრად უწყობს ფეხს.


Image

კადრი გადასაღები მოედნიდან: ალენ დელონი და ბრიჯიდ ბარდო, ფოტო: The Film Stage.