ჩარლზ დიკენსის საიდუმლო – როგორ გავიაზროთ პერსონაჟები?


2020 წელს ჩარლზ დიკენსის გარდაცვალებიდან 150 წელი გავიდა. ლეგენდარულ ბრიტანელ მწერალს დღემდე ეთაყვანებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი პერსონაჟები მუდამ აქტუალური და თანამედროვეა. „სმარტარეაზე“ გთავაზობთ ჟურნალ „The Conversation”-ის სტატიის თარგმანს, რომელიც დიკენსის პერსონაჟების განსხვავებულ გააზრებას გვთავაზობს.

ჩარლზ დიკენსმა მხატვრული ლიტერატურის არაერთი საინტერესო და ცნობილი პერსონაჟი შექმნა. მკითხველისთვის საყვარელ გმირებად დღემდე რჩებიან ებენზერ სკრუჯი, ოლივერ ტვისტი, დევიდ კოპერფილდი და სხვები. დღესაც აქტიურად იყენებენ მის გმირებს ახალ დადგმებში, წარმოდგენებსა თუ საეკრანო ადაპტაციებში. მწერლის გასაოცარი უნარი, გააზვიადოს და დახატოს რეალური ადამიანების კარიკატურული სახეები, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდნენ ეს პერსონაჟები პოპულარული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე დროს დიკენსის უმთავრესი დამსახურება ადამიანის ღრმა გაგება და გააზრებაა.

ახლაც აქტუალურია მის ნოველებში აღწერილი პერსონაჟების ქცევები. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი კორონავირუსთან ბრძოლაში არასაკმარისად გადამწყვეტი მოქმედებები აღწერა, როგორც „მთავრობის მიკავბერისეული რწმენა, რომ რაღაც მაინც გამოვა“. კრიტიკოსს, რა თქმა უნდა, მხედველობაში ჰყავდა დიკენსის დასამახსოვრებელი და კომიკური გმირი, შეურყეველი ოპტიმისტი „დევიდ კოპერფილდი“-დან, უილკინს მიკავბერი.

მისი პერსონაჟების ცხადმა და ინდივიდუალურმა ხასიათმა დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც კრიტიკოსების, აგრეთვე გულშემატკივრების თვალში. მაგრამ მაინც, დიკენსის საავტორო ტექნიკა და მისი გმირებისადმი ხალხის სიყვარული გამომდინარეობს ნაწარმოებებში ყოველდღიური, ჩვეულებრივი ქცევების აღწერიდან. საყოველთაო თვისებები გამოგონილ პერსონაჟს ნორმალურ ადამიანს ამგვანებს. თუმცა კითხვისას ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ისევე, როგორც ცხოვრებაში, ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას, რასაც ვუწოდებთ “ნორმალურს” მანამ, სანამ ის უკვე აღარ იქნება ნორმალური.

ზუსტად აქ საქმეში ერთვება ციფრული მეთოდები. წარმოვიდგინოთ, დიკენსის რომანები, როგორც მონაცემთა ერთობლიობა, რომელთა გააზრებაც გვეხმარება, უკეთ გავიგოთ და დავინახოთ ტექსტებში არსებული სხვადასხვა ქცევის შაბლონი, კერძოდ, კონკრეტული ქმედებების სიხშირე და მათი ზოგადი გამეორებები. მარტივად, რომ ვთვათ დავაკვირდეთ ინფორმაციას, რომელსაც კითხვის დროს არც კი ვაცნობიერებთ.

მაგალითად, დიკენსის ნოველების, როგორც ერთი მთლიანი მონაცემების ანალიზმა გვაჩვენა, რომ პერსონაჟებისთვის საერთო დამახასიათებელი ქცევაა ჯიბეში ხელის ჩაწყობა, რასაც რეალურ ცხოვრებაშიც ადამიანები ხშირად ვაკეთებთ. უკეთ რომ გავიგოთ, გავიხსენოთ ფლეჯიბი „ჩვენი საერთო მეგობრიდან“: -„ მაგრამ რატომ? – თქვა ფლეჯიბიმ, ხელები ჯიბეში ჩაიწყო და ღრმად ჩაისუნთქა, – რატომ უნდა დაეწყო რიას საქმე, როდესაც ვუთხარი, რომ ლამლსი სთხოვდა მას გაყიდვების კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა, რასაც მათზე დიდი გავლენა ექნებოდა“.

როდესაც ნოველას ვკითხულობთ, ამგვარი აღწერა შეუმჩნევლად ჩაივლის. რატომ უნდა დავაკვირდეთ, თუ რას აკეთებენ ადამიანები თავიანთ ხელებით, თუკი ამას განსაკუთრებული დატვირთვა არ გააჩნია?

იგივეა რეალურ ცხოვრებაშიც, ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას სხეულის ენას, თუ ის ძალიან უცნაურად და უჩვეულოდ არ მოგვეჩვენება. მაგრამ საკმარისია, ერთდროულად შევხედოთ რამდენიმე ნაწარმოებს, უფრო ნათლად გამოჩნდება ის ქცევები, რომელსაც მწერალი ხშირად აღწერს და ერთგვარ განმეორებად შაბლონად წარმოგვიდგება.

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით (კერძოდ, პროგრამა CLiC, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის) ასეთი დაკვირვებების ჩატარება უფრო მარტივი გახდა და დიკენსის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ფრაზა „ჯიბეში ხელები“ მის ნაწარმოებებში სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე არის გამოყენებული.


Drawing on Childhood: New exhibition examines why so many of our ...

სცენა „ოლივერ ტვისტიდან“; ფოტო: ინდეპენდენტი


რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხოლოდ დიკენსი როდი გადმოსცემს ყოველდღიურ ქმედებებს თავის შემოქმედებაში, არამედ ამას ჩვენ ვპოულობთ მეცხრამეტე საუკუნის სხვა მხატვრულ ნაწარმოებებშიც, მათ შორის ხშირად გვხვდება ფრაზა „ჯიბეში ჩაწყობილი ხელები“.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ფრაზებს არ აქვთ ცენტრალური დატვირთვა ტექსტის შინაარსსა თუ პერსონაჟის ხასიათში, მათ აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია „ჩაითრიონ“ მკითხველი ნაწარმოებში. ჩვეულებრივი ქცევების აღწერით, მხატვრული სახე უფრო მეტად ემსგავსება რეალურ ადამიანს. გამოგონილი პერსონაჟის  მოქმედებები ემთხვევა ჩვენს წარმოდგენებს „ნორმალური“ ადამიანის ქცევებზე და ამით ნაწარმოები უფრო უახლოვდება მკითხველს.

მაგრამ რა არის ის ნორმა, რომლითაც მხატვრულ გმირებს ვაფასებთ? ქცევები და სხეულის ენა დროთა განმავლობაში იცვლება. ასე, რომ ნაკლებ გასაკვირი იქნება თუ გეტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ძირითადად მამაკაცებს აღწერდნენ „ჯიბეში ხელებჩაწყობილებს“.

დიკენსის პერსონაჟებისთვის ასევე დამახასიათებელია სხვა განსაკუთრებული ქცევები. მაგალითად, კიდევ ერთი სხეულის ენის ზოგადი შაბლონი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდება არის, ზურგით ცეცხლთან დგომა. კაცის პოზა, რომელიც გამოხატავს სიძლიერესა და თვითდაჯერებულობას.

დიკენსთან კი მსგავს სიტუაციაში გვხვდება ქალი, ქალბატონი პიპჩინი (ნაწარმოებში „დომბი და ვაჟი“), რომელიც ზურგით დგას ცეცხლთან. ეს არ არის შემთხვევითობა. ქვრივი ქალბატონი პიპჩინი თავად ზრუნავს საკუთარ თავზე და თუ როგორ მართავს ის ბავშვების პანსიონატს, ქალური თვისებების სტერეოტიპის გამომხატველი სულაც არ არის: – „და ქალბატონი პიპჩინი, რომელიც ზურგით იდგა ცეცხლთან, აკვირდებოდა ახალ მომსვლელებს, როგორც ძველი ჯარისკაცი“ („დომბი და ვაჟი“).

დიკენსის ნაწარმოებების სხეულის ენის ფართო სპექტრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა ნორმებისა და ნორმებიდან გადახრის ინტერპრეტაცია. ლიტერატურაში ძალიან ხშირია თვალისა და მისი მოძრაობების გამოყენება, რასაც მოწმობს კიდეც ტექნოლოგია CliC. დიკენსთან ძირითადად ყურადღება მახვილდება  მზერის მიმართულებასა და ხანგრძლივობაზე – „და რა? – თქვა ბატონმა პექსნიფმა და გადაიტანა მზერა ტომ პინჩისკენ, კიდევ უფრო მშვიდად და ნაზად, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა – „თქვენ რას აკეთებდით, ტომას, ჰა?“ („მარტინ ჩეზლვიტი“).


ჩარლზ დიკენსი


თუკი დიკენსის ნაწარმოებებს დაკვირვებით წავიკითხავთ, პერსონაჟების ქცევის ამ ტიპებს ადვილად შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ თვალი და ხელების მოძრაობები არ გვხვდება, მაგალითად, მწერალი ზოგჯერ ახსენებს ხოლმე კბილებს და ამით უფრო მეტად უსვამს ხაზს პერსონაჟის ხასიათს – „ნება მიბოძეთ, ქალბატონო, – თქვა ქარკერმა და თავისი თეთრი კბილები მიანათა ქალბატონ სკევტონს, „თქვენნაირი შესანიშნავი გრძნობის ქალბატონი მე ღირსებას შემმატებს“ („დომბი და ვაჟი“).

დიკენსის უნარი – შექმნას ინდივიდუალური, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და დახვეწილად შეუთავსოს მათ ადამიანის ყოველდღიური საკომუნიკაციო ქცევები – არის მიზეზი იმისა, რომ მუდამ აქტუალურია მისი ნაწარმოებები მკითხველისათის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ სრულიად სხვა კონტექსტიდან ვუყურებთ და ვკითხულობთ წიგნებს, ახალი ციფრული ხელსაწყოები გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიაზროთ ნაწარმოების პერსონაჟები. დიკენსის გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგაც კი ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავიხსენოთ მისი მხატვრული გმირები, არამედ უფრო მეტი აღმოვაჩინოთ და გავიგოთ მათ შესახებ.


„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჯურნალ „The Conversation“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „ჩარლს დიკენსი: ძველი პერსონაჟების ახალი სიცოცხლე მონაცემთა ანალიზის გამოყენებით “.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.


შენიშვნები და წყაროები:

ფოტო: IanVisits