სტალინის „შოუ“, იალტა და ცივი ომის კონტურები


თარგმანი; ავტორი: კრისტოფერ კლეინი; ისტორიკოსი, მწერალი.


1945 წლის თებერვალს ნათელი გახდა, რომ ადოლფ ჰიტლერის იმედები მესამე რეიხის ათასწლოვანი არსებობის შესახებ საბოლოოდ დასამარდებოდა და ის მოახლოებულ გაზაფხულსაც კი ვერ გადაურჩებოდა.

ჰორიზონტზე მეორე მსოფლიო ომის დასასრული უკვე მოჩანდა, როდესაც მოკავშირეთა ლიდერების დიდი სამეული – აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და სსრკ-ს მმართველი იოსებ სტალინი – ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა საკურორტო ქალაქ იალტაში, ომის შემდგომი მსოფლიოს განსახილველად. თეირანის 1943 წლის კონფერენციის შემდეგ მოკავშირეთა მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი რუზველტი გახლდათ, რადგან მას სურდა საბოლო იერიშისათვის დაეგეგმათ ერთიანი ფრონტის ხაზი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამიტის ადგილმდებარეობა მაინც სტალინის კარნახით შეირჩა, რადგანაც იმ დროისათვის საბჭოთა ჯარებს გაცილებით ხელსაყრელი საბრძოლო პოზიციები ეკავათ. მაშინ, როდესაც ამერიკელებსა და ბრიტანელებს მდინარე რაინიც კი არ ჰქონდათ გადალახული, სტალინის არმია ბერლინიდან სულ რაღაც 40 მილის დაშორებით იმყოფებოდა.


„ეს იყო სტალინის შოუ“ – ამბობს ნიუ ორლეანში მდებარე, მეორე მსოფლიო ომის ამერიკის ეროვნული მუზეუმის მთავარი ისტორიკოსი, რობერტ საიტინო – „მას ჰყავდა უზარმაზარი არმია, რომელსაც ეკავა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უდიდესი ნაწილი მაშინ, როდესაც მათი დასავლეთელი მოკავშირეები არდენის ბრძოლის დიდ დანაკარგებს ითვლიდნენ“.

ფოტო: წიგნიდან „რვა დღე იალტაზე“, გამომცემლობა პანმაკმილანი.


იალტაში ჩასულ ლიდერებს ერთი მიზანი აერთიანებდათ – მსოფლიო დაეცვათ მორიგი დიდი ომისგან, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზებს ისინი განსხვავებულად ხედავდნენ. რუზველტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნისათვის, მხარდაჭერის მოპოვება ეიმედებოდა და ამისათვის განვლო 6000 მილი ჰაერსა და ზღვაში, „ზიგზაგებით“ გადაცურა ატლანტის ოკეანე, გერმანული წყალქვეშა ნავებისთვის თავი რომ აერიდებინა და საბოლოოდ, ჩააღწია ყირიმის ნახევარკუნძულზე. სტალინი გერმანიის გაყოფას ლამობდა, რათა მას კიდევ ერთი ომი არ წამოეწყო, ხოლო დამატებით თავის დასაცავად აღმოსავლეთ ევროპის ბუფერულ ზონად გამოყენებას აპირებდა. ის აგრეთვე მოითხოვდა გერმანიისათვის სადამსჯელო კომპენსაციის დაწესებასაც, რასაც ჩერჩილი ეწინააღმდეგებოდა და მიიჩნევდა, რომ იალტის კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი პოლონეთში არსებული მდგომარეობა გახლდათ.

„დიდი სამეული“ გეგმავს ომის ბოლო თვეებს

ოდესღაც მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ იალტას ჯერ კიდევ მძიმედ ეტყობოდა ყირიმის ნახევარკუნძულის ნაცისტური ოკუპაციის შედეგები. „10 წელიც, რომ დაგვეხარჯა ძებნაში, ვერ ვიპოვიდით იმაზე უარეს ადგილსს, ვიდრე იალტაა“ – არც თუ ისე აღფრთოვანებული გახლდათ კონფერენციის ადგილმდებარეობით უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც საბჭოთა კურორტს „ჰადესის რივიერაც“ კი შეარქვა.

კონფერენცია ოფიციალურად 1945 წლის 4 თებერვალს გაიხსნა ლივადიის სასახლეში, რომელიც ერთ დროს ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. მოლაპარაკებები, მთელი რვა დღის განმავლობაში, მოკავშირეთა ლიდერებს, მათ სამხედრო და დიპლომატიურ შტაბებს შორის სიგარისა და თამბაქოს კვამლის, გაუთავებელი ხიზილალის, არყისა თუ სხვა სპირტიანი სასმელების სუნის ფონზე მიმდინარეობდა. „პრემიერ მინისტრი კარგად არის“, წერდა წერილებში ბრიტანელი დიპლომატი, ალექსანდერ ქადოგანი, „თუმცა, ამდენი სმა… ამდენი შამპანიური, ყველა ნორმალური ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს მიაყენებდა“.


ლივადიის სასახლე, იალტაში


მაგრამ სასახლეში ყველაფერი იდეალურად როდი იყო, თითო ოთახში ცხრა-ცხრად დაბინავებულ ამერიკელებს კოღოებთან დიდ ბრძოლა უწევდათ. გამართულად მომუშავე სველ წერტილებს ცოტას თუ იპოვნიდით, თანაც, ყველამ იცოდა, რომ აბაზანის გრძელ რიგებში მოწინავე ყოველთვის სტალინი ბრძანდებოდა. „თუ არ ჩავთვლით ომს, ყველაზე ხშირი განსჯის საგანი, იალტის კონფერენციაზე, აბაზანა იყო“ – იხსენებდა ამერიკელი გენერალი, ლორენს კიუტერი.

სამიტის დასრულებისას, დიდი ტრიო შეთანხმდა, რომ გერმანია უპირობოდ ჩაბარდებოდა, რის შემდეგაც მთლიან ქვეყანას და დედაქალაქ ბერლინს გაყოფდნენ ოთხ ოკუპირებულ ზონად, რომლებსაც მოკავშირე ქვეყნები, აშშ, ინგლისი, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი, დაინაწილებდნენ სამართავად. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ გერმანიისთვის დაეკისრათ სადამსჯელო კომპენსაცია – მაქსიმალურად დიდი თანხის ოდენობით, რომლის ზუსტ რაოდენობაზეც მოგვიანებით შეთანხმდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუზველტს მრჩეველები აფრთხილებდნენ, რომ იაპონიაზე თავდასხმა მილიონი ამერიკელის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ჩააგდებდა და თან ატომური ბომბი ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო, მან მაინც მიიღო სტალინისგან საიდუმლო პირობა, რომ მხარს დაუჭერდა იაპონიაზე შეტევას[1] გერმანიის კაპიტულაციიდან უახლოესი სამი თვის მანძილზე, იმ პირობით თუ აღიარებდნენ მის სატელიტ-სახელმწიფოს, მონღოლეთს და 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომში დაკარგულ ტერიტორიებს უკან დაიბრუნებდა. სტალინი ასევე დათანხმდა გაეროს შექმნას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება მოუპოვა.

პოლონეთის ბედი – განხეთქილების დასაბამი

იალტაში მთავარი დებატი შედგა, აღმოსავლეთ ევროპის ბედის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. კონფერენციამ შეცვალა პოლონეთის საზღვრები, გააფართოვა ის დასავლეთის მიმართულებით, თუმცა საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებული ქვეყნის აღმოსავლეთი ტერიტორია საბოლოდ მოექცა „წითელ“ ზონაში, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაპყრობილ მიწებთან ერთად, რომლებიც ავტომატურად განიხილებოდა ომის საზღაურად. აგრეთვე, საინტერესოა, რომ შეთანხმება მოიცავდა პოლონეთის მთავრობაში, რომელიც კომუნისტების ჩამოყალიბებული იყო, ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი, პოლონეთის დევნილი მთავრობის ლიდერების შეყვანასაც. ის ასევე მოითხოვდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აღმოსავლეთ ევროპის ყველა საბჭოთა კავიშირის ოკუპირებულ ქვეყანაში. საბოლოოდ, სტალინმა ეს პირობები არ შეასრულა, რაც ალბათ გასაკვირი არ იქნება.

დასავლეთის ფრონტზე წითელი არმიის დიდმა რიცხოვნებამ განაპირობა ის, რომ სტალინი ხელშეკრულების პირობების მთავარი მოკარნახე იყო. „საკითხი არ მდგომარეობდა იმაში, თუ რისი გაკეთების უფლებას მივცემდით რუსებს, არამედ თუ რა ქმედებებს მივაღწევდით რუსების მხრიდან“ – განაცხადა ამერიკელმა დელეგატმა და მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბრინმა.

ერთი რამ, რაც იალტაში კამათს არ ექვემდებარებოდა, რუზველტის ჯანმრთელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრიოში ის ყველაზე უმცროსი გახლდათ, პრეზიდენტის დაბერებული სხეული, ჩავარდნილი თვალები ნათლად მეტყველებდა მის ავადმყოფობაზე. ”როგორც ჩანს, ყველა თანხმდებოდა, რომ პრეზიდენტი ფიზიკურად ძალიან სუსტად იყო” – წერს ჩერჩილის ექიმი.


Yalta Conference

სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ლივადიის სასახლეში, მრგვალი მაგიდის გარშემო.


ცივმა ომმა იალტა სხვა თვალით დაგვანახა

კონფერენციიდან ორი თვის შემდეგ, 12 აპრილს, რუზველტი გარდაიცვალა. სტალინისგან კი არ იგრძნობოდა პოლონეთის პოლიტიკური თავისუფლების სურვილი. მეორე მსოფლიო ომი პოლონეთში შეჭრით დაიწყო და დასრულდა იმავე ქვეყანაში საბჭოთა ბატონობით. მეტიც, პოლონეთი არც კი იყო წარმოდგენილი იმ ათობით ქვეყანას შორის, რომლებიც 25 აპრილს სან ფრანცისკოში შეიკრიბნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასაფუძნებლად.

სტალინი თავისი ძალაუფლების საზღვრებს აფართოებდა და აფართოებდა. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან ორი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარები იაპონიაში შეიჭრნენ და აზიელებს ომი გამოუცხადეს. ერთ კვირაში იაპონია დანებდა. იალტის კონფერენციას მეორე მსოფლიო ომი უნდა დაესრულებინა და წესით, სამყაროსთვის ახალი „დიდი“ უბედურება აერიდებინა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პირიქით, საფუძველი ჩაუყარა ცივ ომს. საერთო მტერჩამოცილებული მოკავშირე კაპიტალისტები და კომუნისტები ერთად, შეხმატკბილებულად, დიდ ხანს რომ ვერ გაძლებდნენ, ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა და კიდეც, სულ მალე, „დაეშვა რკინის ფარდა“ – როგორც ჩერჩილი წერდა რუზველტის მემკვიდრე ჰარი ტრუმენს, 1945 წლის 12 მაისს.

მომდევნო წლიდან, ამერიკელები აქტიურ მოქმედებებზე გადადიან კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელების შესაჩერებლად, რასაც მოწმობს ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კენანის, მიერ ბირნისთვის გაგზავნილი „გრძელი ტელეგრამა“. შემდეგი ათწლეულების მანძილზე ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი სწორედ წითელ იდეოლოგიასთან დაპირისპირება გახდება.

თუმცა, საბოლოოდ, ეს იყო სტალინის წარმოდგენა. ცივი ომის დაწყებამ, იალტის საიდუმლო შეთანხმებებმა და ატომური ბომბის გამოგონებამ, რომელმაც შეამცირა წყნარ ოკეანეში საბჭოთა ინტერვენციის საჭიროება, დიდი კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა რუზველტსა და ჩერჩილს სტალინისათვის ზედმეტად ბევრის დათმობის გამო. „ვერ ვიტყვით, რომ იალტა გაყიდული იყო, თუ არ დაუშვებთ, რომ სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპიდან სტალინის განდევნასაც მოიცავდა. მაგრამ თუ ნახავთ, 1945 წლის რუქაზე სად არიან განლაგებულნი მოწინააღმდეგე მხარის რაზმები, ცხადი ხდება, როგორ შეძლო სტალინმა აღმოსავლეთ ევროპის სატელიტ მხარედ გადაქცევა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ 1933 წლის ძალ-ღონით აღსავსე და ენერგიული რუზველტიც კი უკეთესს შეთანხმებას მიაღწევდა სტალინთან იალტაზე“ – ამბობს საიტინო. [2]

იალტა იყო გარდამტეხი მსოფლიო ომის დასრულებისთვის და მისი შემდგომი პერიოდისათვის. იალტაზე სამყაროს ახალი წესრიგის კონტურები ღიად გამოიკვეთა.


„სმარტბლოგი“ მომზადებულია ჯურნალ „History.com“-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „როგორ ჩაუყარა საფუძველი ცივ ომს დიდმა სამეულმა 1945 წლის იალტის კონფერენციაზე“.

თარგმანი მოამზადა „სმარტარეას“ ჯგუფმა.


შენიშვნები და წყაროები

[1] https://www.history.com/this-day-in-history/soviets-declare-war-on-japan-invade-manchuria

[2] “You can’t say Yalta was a sellout unless you come up with a strategy to evict Stalin from Eastern Europe,” Citino says. “Look at a map in February 1945 and see where the contending armies are, and it’s obvious why Stalin was able to turn Eastern Europe into a satellite state. I’m not sure the fighting fit and energetic Roosevelt of 1933 would have gotten a better deal out of Stalin at Yalta.”

https://www.history.com/news/yalta-conference-big-three-wwii-cold-war

https://www.panmacmillan.com/blogs/history/what-happened-at-the-yalta-conference

https://www.history.com/news/yalta-conference-big-three-wwii-cold-war