„მარცხნივ“ თუ „მარჯვნივ“? – როგორ გვიყალიბებს კულტურა აზროვნებას


თარგმანი – მარიამ სვანაძე; მომზადებულია: კენსი კუპერაიდერის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის მიხედვით.


გაიხსენეთ ბავშვობა, რამდენი ხანი დაგჭირდათ იმისათვის, რომ შეგესწავლათ სად არის „მარცხენა“ და სად „მარჯვენა“. მოდი ვაღიაროთ, ხანდახან ეს ზრდასრულ ასაკშიც შეგვშლია. ნუ მოგერიდებათ, აღმოჩნდა, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან საით არის მარჯვნივ და მარცხნივ. მიუხედავად ამისა ხშირად ასეთი ადამიანები მაინც მარტივად პოულობენ თავიანთ ორიენტირს მზის სინათლის ან რომელიმე კონკრეტული საგნის დახმარებით. გამოდის, რომ ისინი სამყაროს ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამენ. სივრცის ჩვენეული აღქმა აპრიორი სულაც არ ყოფილა, სხვადასხვა კულტურაში მიმართულების გამოსახატავად განსხვავებული ტერმინები არსებობს და ამას მკვლევარები რამდენიმე მარტივი ცდით ადასტურებენ. სტატია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, სწორია თუ არა სამყაროს დაყოფა „მარცხენა“ და „მარჯვენა’“ მხარეებად.

2009 წელს ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელსაც მხოლოდ ორი მონაწილე ჰყავდა: მკვლევარი და პატარა ბავშვი, ხოლო მისი ინსტრუქცია სულ ორი სიტყვისაგან შედგებოდა – „მოდი, ვიცეკვოთ!“. მკვლევარი იწყებს რამდენიმე მოძრაობის დემონსტრირებას – იგი თავის ხელებს თვალების სიმაღლეზე წევს, შემდეგ, თანმიმდევრულად შლის მათ ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ და ბოლოს ისევ ორჯერ მარცხნივ – რა თქმა უნდა თითოეული მოძრაობა თვლის ფონზე „ერთი, ორი, სამი, ოთხი!“. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ბავშვი ახერხებს მოძრაობების დამოუკიდებლად გამეორებას. ექსპერიმეტის დროც დგება, მკვლევარი ბავშვს, დასაბნევად, მეორე მხარეს აბრუნებს და სთხოვს მას კვლავ იგივე იცეკვოს.  თუ თქვენც ცდით იგივეს თქვენს მეგობრებზე, ისინი სავარაუდოდ გაიმეორებენ ამ მოქმედებებს ბევრჯერ, თანაც შეუფერხებლად – მარცხნივ, მარჯვნივ და ორჯერ მარცხნივ. ზუსტად ისევე როგორც ეს კვლევის 50 ცდისპირმა, გერმანელმა ბავშვმა, გააკეთა.

ერთი შეხედვით ამ ექსპერიმენტში განსაკუთრებული არაფერი იყო, მანამ სანამ მკვლევარებმა სხვა ჯგუფიც არ გამოსცადეს. ამჯერად მასში მონაწილეობდა მონადირე-შემგროვებელი კულტურის წარმომადგენელი 35 ჩრდილო-ნამიბიელი ბავშვი. აღმოჩნდა, რომ როდესაც მათ 180 გრადუსით აბრუნებდნენ, ბავშვების უმეტესობა ცეკვას იმეორებდა სარკისებურად – მარცხენა ხდებოდა მარჯვენა, ხოლო მარჯვენა – მარცხენა. რა იყო ამის მიზეზი? მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ცეკვის პირველი შესრულებისას, ნამიბიელმა პატარებმა მოძრაობების მიმართულება დაიმახსოვრეს ჰორიზონტის მხარეების მიხედვით (ჩრდილოეთი, სამხრეთი..) და არა თავიანთი სხეულის მხარეებით. გამოვიდა, რომ აფრიკელი ბავშვები ცეკვის მოძრაობებს აღიქვამდნენ კომპასის ნიშნულების შესაბამისად.

დიდი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამტკიცებდა, რომ ადამიანის სხეულის სამი განზომილება – წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ – სივრცის აღქმის ფუნდამენტურ ყალიბს წარმოადგენს. მაგალითად, თუ ვფიქრობთ ჩვენს მაცივარზე, ვიცით, რომ ის სახლში ნიჟარის მარჯვნივ მდებარეობს ან თუ ვეძებთ გასაღებს, გვახსენდება, რომ სახლიდან გამოსვლისას მარცხენა ჯიბეში ჩავიდეთ. კანტს მიაჩნდა, რომ სივრცის ამგვარი, ეგოცენტრული, აღქმა საბაზისო და უნივერსალურია – „ადამიანები შევიგრძნობთ იმას, რაც ჩვენ გარშემოა იმდენად, რამდენადაც ის ჩვენ შინაგან აღქმასთან არის დაკავშირებული“[1] – წერდა ის. მისი აზრით, ადამიანები ვერ გავარჩევთ სხვა სახის, კარდინალურ მიმართულებებს, თუ პირველ რიგში არ გავერკვევით რომელია მარცხენა და მარჯვენა მხარე. თუმცა, ნამიბიელმა ბავშვებმა – კანტისა და მრავალი კოგნიტური მეცნიერის განსაცვიფრებლად – სივრცის აღსაქმელად სწორედ ალტერნატიული, გეოცენტრული მიმართულებები ამჯობინეს.

აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვები მარტონი არ არიან. 1990 – იანი წლების დასაწყისში, ნიდერლანდების მაქს პლანკის სახელობის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტში მკვლევართა გუნდმა, სტივენ ლევინსონის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა შეესწავლა თუ როგორ განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა „სივრცის აღქმის“ მიხედვით. მათმა ექსპერიმეტმა ნაყოფი გამოიღო და გამოარკვიეს, რომ სივრცეს ნამიბიელთა მსგავსად  აღიქვამენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, მექსიკა, ინდოეთი და სხვა. ასე მაგალითად, პაპუა ახალ გვინეაში შეისწავლეს იუპნოზე მოსაუბრე გეოცენტრულად ორიენტირებული ჯგუფი. მათ მისცეს სხვადასხვა ზომის და ფორმის სივრცითი ფიგურა და სთხოვეს მათი დახასიათება. პასუხად კი მიიღეს არა „დიდი“ ან „პატარა“, არამედ „აღმა“ და „დაღმა“, ვიანიდან ისინი ფიგურებს მთების განლაგებას ადარებდნენ. მეტიც, სახლში გადაადგილებისას, როგორი  ბრტყელი სივრცეც არ უნდა იყოს, პაპუა ახალი გვინეის მაცხოვრებლები აუცილებლად გიპასუხებენ, რომ ისინი მოძრაობენ მაღლა ან დაბლა. ისინი შიდა სივრცესაც წარმოსახვით ფერდობებად აღიქვამენ. სწორედ ეს არის უნიკალური მახასიათებელი იუპნოს ენისა, რომელზეც რვა ათასზე მეტი, ფინისტერის მთათა სისტემაში გაზრდილი, ადამიანი საუბრობს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები არასდროს ვიყენებთ გეოცენტრულ აღქმას, თუმცა ჩვენ ამას გააზრებულად ვაკეთებთ, მაგალითად მაშინ, როდესაც რუქაზე ქალაქების ადგილმდებარეობას განვსაზღვრავთ (სან-ფრანცისკო მდებარეობს ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით). აი მაშინ კი, როცა ვახასიათებთ ნივთების მდებარეობას სახლში აუცილებლად გამოვიყენებთ მარცხენა-მარჯვენა მიმართულებებს.


სახლში გადაადგილებისას, როგორი  ბრტყელი სივრცეც არ უნდა იყოს, პაპუა ახალი გვინეის მაცხოვრებლები აუცილებლად გიპასუხებენ, რომ ისინი მოძრაობენ მაღლა ან დაბლა. ისინი შიდა სივრცესაც წარმოსახვით ფერდობებად აღიქვამენ. სწორედ ეს არის უნიკალური მახასიათებელი იუპნოს ენისა, რომელზეც რვა ათასზე მეტი ფინისტერის მთათა სისტემაში გაზრდილი ადამიანი საუბრობს.

ფოტო გამოყენებულია კენსი კუპერაიდერის არქივიდან.




ინტუიციურად შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სამყაროს ჩვენებური ხედვა არის გაცილებით ბუნებრივი, ვიდრე ნამიბიელებისა. ახალი კვლევები და მათი შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალში „კოგნიტურ ფსიქოლოგია“, გაგიკვირდებათ და საპირისპიროს ამტკიცებს.

არადა ერთ-ერთი ნიშანი, მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენს თვალწინ იყო – დიდი ხანია მეცნიერებმა იციან, რომ ბავშვებისთვის მარჯვენა და მარცხენა მხარეების შესწავლა საკმაოდ რთულია. მშობლებს ბევრი სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება უწევთ, რომ შვილებმა მიმართულებები სწორად დაიმახსოვრონ. პატარები წლებს ანდომებენ ფეხსაცმელების სწორად ჩაცმის სწავლას, ურევენ ერთმანეთში ზოგიერთი ასოს მართლწერას (მაგალითად „შ“ და „წ“ ან ინგლისურ ენაში „b“ და „d“). აღარაფერს ვამბობთ, მხარეების მიმათითებელი სიტყვების არასწორად გამოყენებაზე, მანამ სანამ ისინი ნამდვილად დაეუფლებიან მათ დაახლოებით 10 წლის ასაკში. ვაღიაროთ ისიც, რომ ხანდახან ბევრ ზრდასრულსაც უჭირს მათი სწორად გამოყენება. ახალი კვლევები სწორედ ეგოცენტრულ კონცეფციას უპირისპირებს გეოცენტრულს და აკვირდება, რომელი მათგანია ადამიანისთვის უფრო ბუნებრივი.

ექსპერიმეტში მკვლევარებმა ოთხი წლის ბავშვებს შეასწავლეს გამოგონილი სივრცითი ტერმინები: „ზივი“ და „კერნი“ და ისინი ბავშვების ხელებს დაარქვეს. მარცხენა ხელი იყო „ზივი“, ხოლო მარჯვენა „კერნი“. წინა ცდის მსგავსად ბავშვები შეაბრუნეს საპირისირო მხარეს და სთხოვეს დაესახელებინათ, რომელ ხელს ერქვა „ზივი“, რომელს კი – „კერნი“. შედეგი კანტის მოსაზრების საწინააღმდეგოდ დადგა, საკვლევი ობიექტების 73-მა პროცენტმა აწია არა შესაბამისი, არამედ მეორე ხელი.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ამერიკელ ბავშვებზე – წესით და რიგით, მათ გეოცენტრულ ტენდენციებს თავიანთი ენის კულტურა არ კარნახობთ. მიუხედავად ამისა, მათ ჩათვალეს რომ ეს ახალი დასახელებები ნიშნავდა რაღაცას, მსგავსს ჩრდილოეთისა და სამხრეთისა და არა მარცხენა-მარჯვენისა. (ნაბიელი ბავშვებისავით მოქცევის მიზეზი შეიძლება მათი პატარა ასაკი და ის ფაქტი იყოს, რომ მათ ჯერ არ ქონდათ კულტურული თავისებურებები შესისხლხორცებული). მკვლევარებს, ასევე,  უფრო მეტად გაუადვილდათ ოთხი წლის ბავშვებისთვის გეოცენტრული სიტყვების სწავლება, ვიდრე ეგოცენტრულის (თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეგოცენტრული სიტყვებიდან სიტყვები „წინ“ და „უკან“ მეტად ინტუიციურია, ვიდრე სიტყვები „მარცხნივ“ და „მარჯვნივ“).


Mini Pocket Compass Hiking Lightweight Aluminum Wild Survival ...

გამოდის, რომ სამყაროს აღქმა სივრცული კონცეფციებით ჩვენთვის უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმით. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ მარცხენა-მარჯვენის სწავლა ასეთი რთულია, რატომ ვისწავლეთ სამყაროს ყურება ამ კუთხით?


პასუხი მარტივია, დღევანდელ სამყაროში ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – მარცხენის მარჯვენისაგან გარჩევა გადარჩენის საკითხია – მაგალითად, ჩვენ მანქანას თუ გზის ერთ კონკრეტულ მხარეს არ ვატარეთ, სიცოცხლეს საფრთხეში ჩავაგდებთ. მაგრამ ალბათ მაინც გაწუხებთ კითხვა, მაშ რატომ გადავწყვიტეთ საკუთარი გონების საწინააღმდეგოდ ცურვა? რატომ ვიწუხებთ თავს მარჯვენის მარცხენისგან გარჩევაზე – თუკი არსებობენ კულტურები, რომლებიც ამ ცოდნის გარეშე ცოცხლობენ?

ერთი შეხედულებით, ეს ყველაფერი ენასთან არის პირდაპირ კავშირში. სხვადასხვა ისტორიული თუ გარემოსთან დაკავშირებული მიზეზით ზოგიერთმა ენამ შეისისხლხორცა სივრცეზე საუბრის განსხვავებული მეთოდები, შესაბამისად ჩვენი აღქმაც იმ ენიდან გამომდინარეობს, რომელზეც ვსაუბრობთ. კიდევ უფრო საინტერესო შეხედულების თანახმად, ენა მხოლოდ გამოხატულებაა იმ ღრმა კოგნიტური ცვლილებისა, რომელიც მსოფლიოში ჩვენ გარშემო მოხდა. ინდუსტრიალიზაციის შედეგად ადამიანებს უფრო ხშირად გვიწევს შენობებში და დატვირთულ ქალაქებში დროის გატარება, მეტს ვკითხულობთ,  ვწერთ და ვმუშაობთ, გამუდმებით გვიწევს ერთი ადგილიდან მეორეში გადააგილება, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა განაპირობა ჩვენი სივრცისადმი დამოკიდებულების ცვლილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არ იყო არჩევანი, არამედ ახალ გარემო-პირობებთან შეგუების ერთ-ერთი მექანიზმი.

ბავშვები ჩვენს კულტურაში იბადებიან გეოცენტრული გონებით, თუმცა არსებობას აგრძელებენ მკაცრად ეგოცენტრულ გარემოში. მომავალში ამ საკითხზე ალბათ კვლევები და ექსპერიმენტები გაგრძლედება და საინტერესო შედეგებსაც უნდა ველოდოთ. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს ერთი რამ ფაქტია – მარცხნივ თუ მარჯვნივ, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, სხვადასხვა კულტურა სივრცეს განსხვავებულად აღიქვამს და ეს სამყაროს უფრო მეტად ლამაზს, მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის!


სმარტბლოგი მომზადებულია „სმარტარეას“ ჯგუფის მიერ, ჟურნალში „ნაუტილუსი“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით – „სამყაროს დაყოფა „მარცხენად“ და „მარჯვენად“ იმაზე მეტად უცნაურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.


შენიშვნები და წყაროები:

[1] “Through the senses we know what is outside us only in so far as it stands in relation to ourselves” – Immanuel Kant.

https://www.nationalgeographic.com/news/2016/04/160413-people-mind-bending-way-navigate-spatial-languages/

http://nautil.us/blog/framing-the-world-in-terms-of-left-and-right-is-stranger-than-you-think

http://kensycooperrider.com/blog/2016/10/30/left-and-right-in-superstitions

Levinson, S. C., & Brown, P. Immanuel Kant among the Tenejapans: Anthropology as Empirical Philosophy. Ethos 22, 3–41 (1994)