ტოტალიტარიზმის ანატომია


ჯორჯ ორუელის „1984” და ანდრეი პლატონოვის „ქვაბული”.


შესავალი

ანდრეი პლატონოვის „ქვაბული” და ჯორჯ ორუელის „1984” უტოპიური, ანტიპროლეტარული ნაწარმოებებია. პირველი დაიწერა 1928-29 წლებში, მეორე კი მოგვიანებით 1949 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი მწერალი ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ – რამდენიმე წლის სხვაობით დაიბადნენ და გარდაიცვალნენ. გასაკვირია არაა, რომ სწორედ ერთ ეპოქაში ცხოვრებამ გამოიწვია მათი ნაწარმოებების მსგავსი თემატიკა. ორივე რომანი, ერთ მძიმე პრობლემაზე, ტოტალიტარიზმზე მოგვითხრობს, თუმცა ის ორივე ავტორს განსხვავებული სტილით აქვს გადმოცემული – პლატონოვი ცხოვრობდა ტოტალიტარულ ქვეყანაში, რასაც ვერ ვიტყვით ორუელზე. ის ამ სისტემას ესპანეთში მოგზაურობისას გადააწყდა.

პლატონოვის „ქვაბულში” ამბის ძირითადი ნაწილი ვითარდება ერთ ქვაბულში, სადაც უნდა აშენდეს ყველა პროლეტარისთვის უზარმაზარი საერთო საცხოვრებელი. შემდეგ კი მოქმედების არეალი ინაცვლებს იქ, სადაც ნაწარმოების რამდენიმე გმირი „სახელმწიფოს” ეხმარება კოლმეურნეობის ჩამოყალიბებასა და კულაკების განადგურებაში.

ასევე უტოპიურ და ანტიპროლეტარულ ორუელის რომანში „1984” მოქმედება, წიგნის დაწერის დროისათვის მომავალში, 1984 წელს ვითარდება ოკეანიის სახელმწიფოში, რომელსაც დიქტატორი „დიდი ძმა” მართავს. მის არსებობას, ნაწარმოების მთავარი გმირი, უინსტონ სმიტი ეჭვქვეშ აყენებს, არადა მის გარდა ტოტალიტარულ ოკეანიაში ყველა „დიდ ძმას“ ეთაყვანება. საზოგადოებას, თუ შეიძლება მათ ასე ეწოდოთ, საკმაოდ შეზღუდული უფლებები გააჩნიათ. მათ არ იციან რეალობა, წარსული შეცვლილი და დავიწყებული აქვთ. ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას და მათთვის ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.  

ძირითადი მსგავსება და განსხვავებები:

ტოტალიტარული მმართველობის მანკიერების გადმოცემა ორივე ავტორის მთავარი სათქმელია. რამდენად უბედური და მშიერია ამ სისტემაში მცხოვრები ხალხი, ეს არის საერთო სურათი ორივე რომანისა. თუმცა არის დიდი განსხვავება ავტორების ხედვაში, თუ როგორ გვიხატავენ ისინი ამ ყველაფერს, რის გამოც ორივე რომანის წაკითხვის შემდეგ განსხვავებული გრძნობა გვრჩება.


ჯორჯ ორუელი „1984”

დავიწყოთ „1984“-ის განხილვით და ოკეანიის სახელმწიფოს პრობლემებით. აქ არავის უკვირდა უკვალოდ გამქრალი ადამიანი, რომელიც არა მარტო აწმყოდან, არამედ წარსულიდანაც ქრება. ვერავინ მოიპოვებს მისი არსებობის  დამადასტურებელ საბუთს. არავის უკვირდა შეცვლილი წარსული, არც არავინ აღიარებდა მას და ეს იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ისტორიის შესწორება თავად უწევდათ. მთავარი გმირის უინსტონ სმიტის საქმიანობაც ეს გახლდათ. ის იყო ადამიანი, რომელიც რუტინულად ცხოვრობდა. აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც ოკეანიაში ითხოვდნენ. თუმცა რომანის დასაწყისშივე ის სისტემის წინააღმდეგ აჯანყდება. სმიტი გაუაზრლებლად წერდა დღიურში: „ძირს დიდი ძმა”, რაც აჯანყების დამადასტურებელი იყო. მაგრამ სისტემის მიმართ შიშის გამო მას მეტი არაფრის გაკეთება შეეძლო. რაც დრო გადიოდა ის უფრო მეტად რისკავდა. სმიტმა სასიყვარულო ურთიერთობა დაამყარა, რომანის მეორე მთავარ გმირ, ჯულიასთან, ქალთან, რომელიც ერთი შეხედვით, პარტიის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. თუმცა შემდეგ მათი საიდუმლო შეხვედრებისას გაირკვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მათ შეხვედრებისთვის ბინაც კი იქირავეს. უინსტონის ყველაზე გაბედული ნაბიჯი მისი პარტიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრთან ო’ბრაიენთან შეხვედრა იყო. უინსტონმა მას გაუმხილა მისი ფიქრები და თვლიდა, რომ ო’ბრაიენიც მისი თანამოაზრე იყო. სმიტს სჯეროდა, რომ ის გაერთიანდებოდა გოლდსტეინის, ოკეანიის მთავარი მტრის კავშირში და ასე შეძლებდა აჯანყებას. თუმცა ო’ბრაიენი ნამდვილი “ინგსოცელი” აღმოჩნდა. უინსტონი და ჯულია დაიჭირეს. ამ მომენტიდან იწყება სმიტის მორალური და ფიზიკური განადგურება. მას აწამებდნენ და ამსგავსებდნენ ოკეანიის დანარჩენ მოსახლეობას. ის დაეცა მორალურად, გააკეთა ყველაზე ცუდი, დაუშვებელი რამ – უღალატა ჯულიას. საბოლოოდ კი დადგა გადამწყვეტი მომენტი, ამბის მოულდონელი დასასრული, დიდი სიურპრიზი ორუელისგან – „მაგრამ მორჩა, ყველაფერი კარგად იყო, ბრძოლა კეთილად დასრულდა. მან გაიმარჯვა საკუთარ თავზე. მას დიდი ძმა უყვარდა”. ამ სიტყვებით მთავრდება ნაწარმოები. ოკეანიაში ტოტალიტარიზმი იმარჯვებს „უკანასკნელ” ადამიანზე. ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს გამარჯვების საწყისი და  დასასრული უინსტონის მსგავსი „აჯანყებული” ადამიანებისა. ის ისეთივე უსუსური გახდა, როგორც ყველა დანარჩენი. უინსტონს  მხოლოდ დიდი ძმის სწამდა და დაავიწყდა მთავარი – თავისუფლება.


ანდრეი პლატონოვის „ქვაბული”

ანდრეი პლატონოვის „ქვაბულში” ავტორი ისე მძაფრად არ გვისახავს ტოტალიტარულ სისტემას, როგორც ორუელი, თუმცა არც ამ ნაწარმოებს აკლია უტოპიურობა. რომანში ვხვდებით რამდენიმე მთავარ გმირს, რომელთაც აერთიანებთ საერთო საქმე, გათხარონ ქვაბული ყველა პროლეტართა საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად. ისინი სისტემის მიერ მოტანილი შიმშილისა და სიღატაკის მსხვერპლნი ხდებიან. ქაოტურად, ყოველგვარი გეგმის გარეშე იწყება საერთო სახლის მშენებლობა, რომლის ზომა და მასშტაბი არავინ იცის. შემდეგ ვხედავთ დიდ შიმშილს – დახოცილ ადამიანებს და რაც მთავარია, კოლმეურნეობის ჩამოყალიბებისთვის მებრძოლ მშიერ ადამიანებს, პროტელარებს, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად ანადგურებენ კულაკებს. მათ იმდენად არ სურთ საკუთარი მონაპოვარის დათმობა, რომ თავიანთი ნებით წვებიან კუბოებში. საბოლოოდ, პროლეტარები საწადელს მიაღწევენ და შექმნიან „იდეალურ” კოლმეურნეობას, რის შემდეგაც ყველა ერთი საქმის კეთებას იწყებს, იმ საქმისას, რომელსაც მანამდე „ფოლადისმჭედელი” დათვი და ერთი კაცი ასრულებდნენ. „ირონიულად“ არის გადმოცემული ეს საქმე, რომელიაც სიანმდვილეში არც არსებობს და ამის მიუხედავად, ის მაინც აყალიბებს სხვადასხვა გაერთიანებას. რისთვის არავინ იცის. არადა, ამ გაერთიანებისთვის ხომ უამრავი ადამიანი დაიღუპა. თუმცა სიკვდილი არაფრადაა ქცეული. არავის უყვარს სიცოცხლე და არც სიკვდილის შიშით არიან შეპყრობილები. „ქვაბულშიც“ და „1984“-შიც იმ ქვეყნად მარტივად ისტუმრებენ და ეს იმდენად არატრაგიკულად ხდება, თითქოს ჩვეულებრივი ფაქტია, ერთი მუშტის მოქნევით ადამიანის გარდაცვალება. ორივე ნაწარმოებში ასევე ხაზი გასმული აქვს შიმშილს, კაცობრიობას აღარც კი ახსოვს, როდის ცხოვრობდა ამ გრძნობის გარეშე. ამ ყველაფრის მიზანი კი ერთია – ადამიანი ფიქრის გარეშე. თუ ფიქრობ ესეიგი საშიში ხარ ოკეანიისთვის, ხოლო გამოუსადეგარი რუსეთისათვის.

მმართველები : დიდი ძმა და ?

ამ ორ ნაწარმოებში მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის მმართველის საკითხი. ორუელთან გხვდება „დიდი ძმა“, როგორც ლიდერი და ბელადი ოკეანიისა. ყველას ევალებოდა მისი უანგარო სიყვარული და მორჩილება.  მოგეხსენებათ, ტოტალიტარული რეჟიმისთვის ყველაზე საშიში განსხვავებული აზრია. ორუელი კი გენიალურად და რა თქმა უნდა უტოპიურად გადმოსცემს სისტემის ბრძოლას ამ „შიშის” წინააღმდეგ. ოკეანიაში დიდი ძმისთვის არსებობდა „აზრის პოლიცია”, „აზრკრიმინალი” და „ტელეეკრანები“, რომელიც ხალხის ტოტალური კონტროლისთვის იყო საჭირო.



„ქვაბულში” კი პროლეტარული „თავისუფლებაა”. აქ არ არის დიდი ძმა ან მისი მსგავსი მმართველი. აქ არიან თვითდანიშნული ლიდერები, მაგალითად ჟასჩევი – ფეხებმოკვეთილი კაცი , რომელიც ყავარჯნებით დადის , თუმცა ისე ურახუნებს მათ სხვებს, რომ ყველას მისი ეშინია. ამ ნაწარმოებში ჩნდებიან სხვა ლიდერებიც, ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან, მაგალითად ძალით, რის გამოც ქაოსია „ქვაბულში”, მათ არ ყავთ ერთი კონკრეტული ლიდერი.

სიმბოლოები :

1984“-ში ბევრ საინტერესო სიმბოლოს ვხვდებით: მომღერალი ქალი  და ზოგადად სიმღერა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა. მისი სიმღერით იწყება „თავისუფლება” მთავარი გმირების, ჯულიასი და უინსტონის. მათი დაპატიმრებისას კი ის წყდება და კიდეც მთავრდება ყველაფერი. აქვე უნდა ვახსენოთ ბებერი, ნაოჭებიანი, ჭუჭყიანი მეძავი ქალი,  რომელიც გვიჩვენებს ტოტალიტარიზმის სიბინძურეს და სიღატაკეს. იგივე სიმბოლო შეიძლება იყოს კომბოსტოს სუნი დერეფანში.

„ქვაბულში” რეჟიმის მანკიერ მხარეებს კარგად გადმოსცემს უროსმცემელი დათვი. ურო, როგორც საბჭოთა კავშირის სიმბოლო, მთელი ამ სისტემის სახეა . ეს სისტემა, ისევე როგორც ეს ცხოველი (დათვი) მშრომელია, აქვს განუსაზღრელი ძალა და ენერგია, თუმცა არ აქვს გონება და ფიქრის საშუალება. მისთვის მთავარი საზრუნავი შრომაა. მასაც სძულს კულაკები და  სხვებივით სურს მათი მოცილება.  თუმცა დათვი ზრუნავს ბავშვებზე, მნიშვნელოვან ძალაზე, რომელმაც მომავალში უნდა გააგრძელოს „ტოტალიტარული” საქმის კეთება. ბავშვები ყველაზე საშიშნი, ცუდის მარტივად ამთვისებელნი და ბოროტები ორივე ნაწარომებში უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ეს თითქოს, ერთი შეხედვით, უსუსური არსებები, რომლებზეც ყველა ზრუნავს,  იმაზე ბოროტები  არიან, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. „1984”-ში პარტიული სიყვარულით დაბრმავებულმა ბავშვებმა გაწირეს საკუთარი მამა. „ქვაბულში” კი პატარა ნასტია სახემწიფოსთვის ყველა კულაკის ამოწყვეტას და კოლმეურნეობის ჩამოყალიბებას კარნახობდა პროლეტარებს .  ბავშვები არიან სახე რეჟიმისა, რისი დამყარებაც მმართველებს სურთ.  ისიც სიმბოლურია, რომ ორივე ავტორმა ყველაზე „სასტიკი“ არსებები გამოიყენა სისტემის „სიბინძურის” საჩვენებლად.

შეჯამება

ამ ორი ნაწარმოების წაკითხვისას ადამიანებს განსხვავებული გრძნობა ეუფლებათ . მკითხველი დათრგუნული ხურავს „ქვაბულს” , შეშინებული და იმედგაცრუებული  კი „1984”-ს. ორივე ნაწარმოებს აერთიანებს ადამიანები, რომლებიც აღარ ფიქრობენ  და ცხოვრობენ ერთ დიდ კოლექტივად. ორივე ნაწარმოებშია უსიყვარულობა, გრძნობის გარეშე დარჩენილი ცარიელი ადამიანები, რომელთაც არაფერი  შემორჩათ გარდა შრომისა.

დავასრულოთ რამდენიმე ფრაზით, რომელიც ამ ნაწარმოებების მთავარ სათქმელს შესანიშნავად გადმოსცემს:

„ყველანი თუ ფიქრს მივეცემით ვინღა იმოქმედებს?”

„ჭეშმარიტება რაში გარგია, მხოლოდ გონება დაკმაყოფილდება ტან-ფეხი კი ვერ”.

„ახალი ცხოვრების მზე არის ამოსული და მისი შუქი ბნელ თვალებს გჭრის“.