“სასწორზე იდო საქართველოს დამოუკიდებლობა” – ბოლშევიკური ამბოხი დუშეთის მაზრაში 1918 წელს


ავტორი: ლაშა ჩანტლაძე, ისტორიკოსი.


1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საფუძველი ჩაეყარა ერთიან, სუვერენულ და ევროპული ტიპის სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ენთუზიაზმი და ძალისხმევა ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერებისა და აღმშენებლობისკენ მიემართა.

ახლადშექმნილი რესპუბლიკა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, რომელთაგან, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტი (აქტიურ დახმარებას უწევდა სერგო ორჯონიკიძე), ისე თბილისის კომიტეტის ბიურო (მ.ცხაკაიას თავჯდომარეობით). სწორედ ამ ძალებმა დაგეგმეს 1918 წლის ივნის-ივლისში ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა დუშეთის მაზრაში. აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, კომუნისტური პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი გიორგი ლაფანაშვილი მიიჩნევდა, რომ თუ აჯანყება შესაფერის დროს შესაბამის დახმარებას მიიღებდა ჩრდილო კავკასიაში არსებული საბჭოთა მთავრობისგან, მაშინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხობოდა და შესაბამისად გასაბჭოებაც რამდენიმე წლით ადრე მოხდებოდა.[1] ფილიპე მახარაძე დუშეთის აჯანყებას უკავშირებს იმ სამთავრობო ცვლილებებს, რაც დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელდა, კონკრეტულად კი მთავრობის თავჯდომარედ ნ.რამიშვილის მაგივრად ნ. ჟორდანიას დანიშნვა.[2] აჯანყების მონაწილეები თვლიდნენ, რომ დუშეთში განვითარებულმა პროცესებმა, ნიადაგი მოუმზადა შემდგომში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას. ამბოხებულები კონტროლს ახორციელებდნენ მთლიან მაზრაზე, საქართველოს სამხედრო გზიდან მცხეთამდე, რითაც კრიტიკულ სიტუაციაში აყენებდნენ როგორც თბილისს, ისე მთლიან დემოკრატიულ რესპუბლიკას. აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიქტორ ცინცაძე იხსენებდა: “გლეხები მოითხოვდნენ საბჭოთა ხელისფულების შენარჩუნებას მაზრაში და საბჭოთა მთავრობასთან მჭიდრო კავშირის დაჭერას დარიალის ხეობის გაღებით”.[3] ყოველივე ზემოთქმულის ფონზე ნათელია, თუ ვისი პროვოცირებით მოქმედებდნენ და რეალურად რა მიზნები ჰქონდათ აჯანყებულებს. მათ საბოლოო მიზანს, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობა და 21 დღით ადრე აღდგენილი დამოუკიდებლობის მოსპობა წარმოადგენდა. გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 16 თებერვალს დუშეთში გამართული სამაზრო საბჭოს ყრილობაზე გამომსვლელმა დელეგატებმა დააფიქსირეს, რომ ჯერ კიდევ 1918 წლიდან გარკვევით ითხოვდნენ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას.

აჯანყება ქვეყნისდა საბედნიეროდ წარმატებით ჩაახშეს. სამხედრო მოქმედებების წარმატებით დასრულებაში სახალხო გვარდიის ნაწილებს (მეთაურობდა ვალიკო ჯუღელი) დიდი დახმარება აღმოუჩინეს რიგითმა მოხევეებმა, რომლებიც საკუთარ მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნევდნენ, ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში მის გვერდში დგომას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აჯანყებულების მიზანს დარიალის ხეობის გაღებით საბჭოთა მთავრობასთან მჭიდრო კავშირის დამყარება წარმოადგენდა. სწორედ დარიალის დამცველებმა შეასრულეს მთელ ამ ამბავში მნიშვნელოვანი როლი, რამაც როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ, დიდწილად შეუწყო ხელი მათი მოძრაობის წარუმატებლობას. მაშინ, როდესაც ფოსტა და ტელეგრაფი აჯანყების დაწყების დღიდან ბოლშევიკების ხელში იყო, ხოლო სტეფანწმინდის მამასახლისსა და მის მომხრეებს არ ჰქონდათ რეალური ცნობები აჯანყების მიმდინარეობის შესახებ, მათ ერთი წამითაც კი არ უფიქრიათ შეეწყვიტათ წინააღმდეგობა. 25 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დუშეთის მაზრისა და მთავრობის ერთგული სოფლების წარმომადგენლები (ჯუთა, ართხმო, კარკუჩა, ახალციხე, გერგეტი, ცდო, ყაზბეგი - სოფლები, რომლებიც არ მიემხრნენ აჯანყებულებს და 1918 წლის 24 ივნისს შეებრძოლნენ მათ), ამ უკანასკნელებმა გარკვევით დააფიქსირეს ურყევი ერთგულება საქართველოს მთავრობის მიმართ.


მებრძოლ მოხევეთა რაზმი


ბუნებრივია, ჩრდილო კავკასიიდან მიღებული დახმარება გააძლიერებდა აჯანყებას და სრულიად ახალ მიმართულებას შესძენდა მას. შესაბამისად ნათელი ხდება თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა დუშეთის სამაზრო კომიტეტისთვის დარიალის დროულად დაკავებას და მის გაკონტროლებას, ეს იყო ის, რაც ამ აჯანყებას გამოარჩევდა სხვა გამოსვლებისგან. აქ წარმატება თერგის რესპუბლიკასთან პირდაპირი კავშირის დამყარების და იქიდან დახმარების მიღების საშუალებას იძლეოდა.

დუშეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ დაიწყო საორგანიზაციო სამუშაოები, გამოიცა ბრძანებულებები და პროკლამაციები, იზრდებოდა აჯანყებულთა რიცხვი, რაც კარგ პირობებს ქმნიდა ყაზბეგის ხელში ჩასაგდებად. აჯანყებულები ყველანაირი რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ ამ გზის გასაკონტროლებლად, შედეგად მთავრობის მომხრე სოფლების დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, რომლებიც უარს აცხადებდნენ ამბოხებაში მონაწილეობაზე და უპირისპირდებოდნენ მათ. სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, საუცხოო შეფასებას აძლევს მოხევეების საბრძოლო თვისებებს, საკუთარ მოგონებებში კი აღნიშნავს მათ დიდ წვლილს ბოლშევიკი სამხედრო მეთაურის, საშა გეგეჭკორის დამხმარე რაზმის განადგურებაში.


ვალიკო ჯუღელი


რისკი ნამდვილად დიდი იყო. სასწორზე იდო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის ფონზე კი განსაკუთრებულად დასაფასებელი გამოდგა იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებთან ერთად არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს თავისუფლებას.

საბედნიეროდ, 1918 წლის დუშეთის მაზრის ბოლშევიკური ამბოხი სრული მარცხით დამთავრდა, მთავრობის საჯარისო შენაერთებმა შეძლეს დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ერთიანობა. დემოკრატიული მთავრობის საჯარისო შენაერთებმა არ მისცეს ამბოხებულებს იმ გეგმის განხორციელების უფლება, რაც მათ 3 წლის შემდგომ განახორციელეს. „ლენინის მთავრობა ჩქარობდა დარიალის ხელში ჩაგდებას და საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურებას, რათა დენიკინთან ბრძოლაში ზურგი ჰქონოდა გამაგრებული“.[4] ამის გათვალისწინებით, ცხადია თუ რა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქო ომში ჩაფლული ბოლშევიკებისთვის დარიალისა და საქართველოს დაკავებას. აჯანყების წარმატებით დაგვირგვირგვინება, შემდგომი წინსვლის წინაპირობებს ქმნიდა. ახალგაზრდა რესპუბლიკა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. აჯანყების ორგანიზატორების გეგმები არ შემოიფარგლებოდა კონკრეტული მაზრის ამბოხით და იქ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებით, ის უფრო შორსმიმავალი და საშიში იყო საქართველოსთვის.


მარცხნივ: სვიმონ შადური - ხევის მამასახლისი, უფროს შვილ გრიშასთან ერთად.
მარჯვნივ: სახალხო გვარდიელები ჯავშნოსან მატარებელთან.


ბუნებრივია, ისმის შეკითხვა, 1918 წლებში მომხდარ გამოსვლებს შორის, თუ რატომ ანიჭებდნენ ბოლშევიკები დუშეთის მაზრის აჯანყებას დიდ პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობას? პირველი მიზეზი ის გახლდათ, რომ მაზრა ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს იყო ტფილისთან. მეორე მიზეზიც ტერიტორიული სიახლოვით საბუთდებოდა, ოღონდ არა ტფილისთან არამედ ჩრდილოეთ კავკასიასთან. სწორედ აქედან ცდილობდნენ ამბოხებულები გადამწყვეტი დახმარების მიღებას და აჯანყებაში გარდატეხის შეტანას. მესამე მიზეზი პირდაპირ იყო დაკავშირებული ბოლშევიკების სააგიტაციო საქმიანობის ხელშეწყობასთან. საქმე ეხებოდა იმ მიწებს, რომელთაც ჯერ კიდევ ფლობდა თავად-აზნაურობა და რომელთა ხელში ჩაგდებასაც პირდებოდნენ მაზრის მოსახლეებს აჯანყების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში.[5]

ამბოხის წარმატებით დასრულება ზიანს არ აყენებდა რომელიმე მიწის მესაკუთრეს ან მთავრობის წარმომადგენელს, ის ანადგურებდა ეროვნული და დამოუკიდებლი სახელმწიფოს იდეას და ყველა მის ერთგულ მხარდამჭერს. დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა მთლიანად ცვლიდა საქართველოს ისტორიას. არსებული ამბოხის დროს, მიუხედავად დამოუკიდებლად ყოფნის მცირე დროისა, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც რეგულარული არმიის ჯარისკაცის, ისე რიგითი მოქალაქის მთავარი საზრუნავი გახდა. განსაკუთრებით აღტაცებას იწვევს სიმონ შადურის მეთაურობით სტეფანწმინდელთა ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი რესპუბლიკის გვერდში დადგნენ და დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბოლშევიკთა რაზმებს. ბრძოლის გარდა, ისინი არგუმენტირებულად ცდილობდნენ აეხსნათ ამბოხებულებისთვის, რომ მთავრობის წინააღმდეგ წასვლა უკანანო და საფრთხის შემცველი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდელთა მებრძოლი შენაერთები, რომლებიც ვალიკო ჯუღელთან იბრძოდნენ 1918 წელს დუშეთის მაზრაში, შემდგომში აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1920 წელს ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური გამოსვლის ჩახშობაში.[6]

შადურის, ჯუღელის და სხვა მსგავსი ღირსეული ადამიანების წყალობით საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად გამართული ბრძოლა მარცხით დამთავრდა. ამბოხის მარცხს ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. მათ შორის კი უპირველეს ყოვლისა იყო, როგორც ბოლშევიკური ხელისუფლების სისუსტე ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე მუდმივი კავშირის არქონა ამბოხებულებსა და კავკასიის საოლქო კომიტეტს შორის.

ნარკვევის შექმნის მიზანი იყო წარმოდგენა შეგვქმნოდა 1918 წლის ივნის-ივლისში დუშეთის მაზრაში მიმდინარე პროცესებზე, გაგვეაზრებინა თუ რა საშიშროებას წარმოადგენდა ბოლშევიკური ამბოხი და რა შედეგები მოჰყვებოდა აჯანყების წარმატებით დამთავრებას. ამავდროულად გვსურდა აგვესახა ის უდიდესი ღვაწლი, რაც გაწიეს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა (ვალიკო ჯუღელი მეთაურობით), ისე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა სტეფანწმინდელთა რაზმებმა. მათი ერთობლივი მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის დაცვისთვის ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითია.

წაიკითხეთ დუშეთის მაზრის ამბოხების ისტორია ვრცლად.



წყაროები:

[1] გ. ლაფანაშვილი. დუშეთის აჯანყება 1918 წ. ტფ. 1927, გვ. 37.

[2] ფ. მახარაძე. დუშეთის მაზრის აჯანყება 1918 წელს (რვა წლის შესრულების გამო). გაზ.: „კომუნისტი“. 1926 წ. 17 ივნისი. #137, გვ. 2.

[3] ვ. ცინცაძე. დუშეთის აჯანყების ხუთი წლის თავზე. გაზ.: „მუშა“. 1923 წ. 17 ივნისი.N#173, გვ. 3.

[4] ჯ. წიკლაური. დარიალის დამცველნი, გვ. 8.

[5] გ. ლაფანაშვილი. დუშეთის მაზრის აჯანყება 1918 წელს., გვ. 3.

[6] ჯ. წიკლაური. დარიალის დამცველნი, გვ. 58-59.